საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის იმპიჩმენტის შესახებ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 4 ოქტომბერს განახლდება, თავის წარმომადგენლებს, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს მადლობას უხდის.
“მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი”, – წერს ზურაბიშვილი.
თამარ ჩუგოშვილმა კი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს მხოლოდ დარწმუნდა იმაში, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.
“მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ – ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში.” – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
დღევანდელი პროცესი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი პოზიციები გააცნეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს. საქმეს პლენუმი განიხილავს.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე უცხო ქვეყნებში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა.
კერძო, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.
ზურაბიშვილის თქმით, უცხოურ ვიზიტებში ის საკუთარი სახსრებით დადის და საზღვარგარეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ლობირებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები პრეზიდენტის ვიზიტებზე დეტალურად ვერ ისაუბრებენ და მათ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე პასუხები ექნებათ.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრისთვის უკვე პარლამენტს წარედგინება. იმპიჩმენტის მისაღებად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა. საქართველოს მმართველ პარტიას არ აქვს პარლამენტში ამისათვის საჭირო ხმების რაოდენობა.
ოპოზიციის შიგნითვე არ გამორიცხავენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა მოახერხოს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის გადაბირება და იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის მოგროვება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს, თუმცა კეთდება ზოგადი განცხადებები და კონკრეტულად თუ ვინ შეიძლება გადაიბიროს ოცნებამ, არავინ ასახელებს.