საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განიხილვას იწყებს
საკონსტიტიციო სასამართლო იმპიჩმენტზე
დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით განიხილავს.
მედიაში უკვე ეწოდა ამ პროცესს ისტორიული.
თავად პრეზიდენტი სხდომას არ დაესწრება. საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის წარდგინების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.
“რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება,” – უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველს.
არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა.
● “რა სკანდალი ნახეთ?” – აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, პრემიერის პირველი კომენტარები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე
● საქართველოს პრეზიდენტი თურნავას კანდიდატად წარდგენის გამო ბოდიშს იხდის და მას გადადგომისკენ მოუწოდებს
● “არსად არ წავალ, ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს” – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ ფორმულასთან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე უცხო ქვეყნებში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა.
კერძო, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.
ზურაბიშვილის თქმით, უცხოურ ვიზიტებში ის საკუთარი სახსრებით დადის და საზღვარგარეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ლობირებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე”.
“რა თქმა უნდა, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში”, – განაცხადა მან.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები პრეზიდენტის ვიზიტებზე დეტალურად ვერ ისაუბრებენ და მათ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე პასუხები ექნებათ.
ამასთან, როგორც ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს უკმაყოფილების გრძნობა ექნება, ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოცხადება.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრისთვის უკვე პარლამენტს წარედგინება. იმპიჩმენტის მისაღებად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა. საქართველოს მმართველ პარტიას არ აქვს პარლამენტში ამისათვის საჭირო ხმების რაოდენობა.
ოპოზიციის შიგნითვე არ გამორიცხავენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა მოახერხოს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის გადაბირება და იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის მოგროვება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს, თუმცა კეთდება ზოგადი განცხადებები და კონკრეტულად თუ ვინ შეიძლება გადაიბიროს ოცნებამ, არავინ ასახელებს.