სახელმწიფო დეპარტამენტი: მხარეები საკუთარ ინტერესებს ხალხზე მაღლა აყენებენ
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ იმედგაცრუებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეუთანხმებლობის გამო, რაზეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მათი თქმით, ხელისუფლებას აკისრია.
სახდეპის განცხადებას “ამერიკის ხმა” 14 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრის შემდეგ აქვეყნებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველომ წარმატებს მიაღწიოს, როგორც უსაფრთხო და განვითარებულმა დემოკრატიამ და გააგრძელოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის მუშაობა.
განცხადებაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეუთანხმებლობა:
„შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაჟინებით სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას გადაჭრან მათი კონფლიქტი. ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში მოვუწოდეთ ყველა მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, იმისთვის, რომ საქართველოს წინ წასვლის საშუალება მიეცეს“.
მათი თქმით, კონფლიქტის მოუგვარებლობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია და ისინი იმედგაცრუებული არიან იმით, რომ დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ.
„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“, – წერია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს აშშ-ის პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს.
ამ განცხადების პარალელურად, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს დელეგაცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. კობახიძე შეხვედრებს მართავს კონგრესში, ადმინისტრაციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მისი შეხვედრა სენატორ ჯიმ რიშთანაც.
_____________________________________
● აშშ-ს სენატმა საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელა და სავარაუდოდ, მალე რეზოლუციას მიიღებს
● ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. შემაჯამებელი აქცია 15 მაისს გაიმართება
● შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ შედგა. პოლიტიკურ კრიზისს ბოლო არ უჩანს
___________________________________
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა.
ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა თებერვალში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ.
პოლიტიკური პროცესები ახლა ქუჩაში ვითარდება, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აწყობენ პერმანენტულ მიტინგებს ორი მთავარი მოთხოვნით: გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ქვეყანას კი ისტორიაში პირველად ჰყავს თითქმის ერთპარტიული პარლამენტი.
პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა ვერ შეძლეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, რომლებმაც პროცესებში ფასილიტატორის როლს ასრულებდნენ. და ვერც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა – საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩამოსული, რასაც მისი სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ორი ვიზიტი მოჰყვა. ასევე, ბრიუსელში იყო მიწვეული ვითარების განსახილველად პრემიერი ღარიბაშვილიც. ყველა შეხვედრა და რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა.