სახელმწიფო ჩვენზე ზრუნავს
ზამთრის დადგომისთანავე სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტი მოწოდებაა პოზიტივისაკენ. სულ უფრო მეტი ფოტოსურათი ქვეყნდება, რომლებიც უჯრედებიან თავშალში გამოხვეულ ლამაზ გოგონებსა და თავშალებშივე ჩაფუთნულ კატებს ასახავს. ყველას სიმყუდროვე, მზრუნველობა და სითბო უნდა.
ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როგორ ზრუნავს ბაქოელებზე ხელისუფლება. გაგვითბობს თუ არა სულებს ამ ზამთარს მთავრობის ზრუნვა?
მთავრობისაგან წამოსულ პოზიტივებში მოსალოდნელი ლიდერიც კი გაჩნდა.
1. ‘ასან ხიდმეტი’
ASAN სიცოცხლეს გვიადვილებს. ეს სრულფასოვნად მხოლოდ მათ ესმით, ვინც ამოწერილა, ჩაწერილა, პასპორტი მიუღია ან ბინა გაუყიდია მთელი ‘საბჭოთა პროცედურების’ გავლით. ერთი კვირის განმავლობაში სახლმართველობებში, პოლიკლინიკებსა და ფოტოატელიეებში იწანწალებდით, და საჭირო დუკუმენტს მოიპოვებდით. ახლა კი ყველა ეს ბიუროკრატიული პროცედურა შეიძლება მოაგვაროთ ერთ ‘კანტორაში’, სადაც, როგორც ხალხში ამბობენ, ‘სულს არავინ გიჩაგრავს’. აქ შეგიძლიათ ჩააბაროთ სისხლი ანალიზისათვის, გადაიღოთ სურათი, დაამოწმოთ ნოტარიუსთან საბუთი, გადაიხადოთ სახელმწიფო ბაჟი – და ყველაფერი ეს მკაცრად განსაზღვრული პრეისკურანტის მიხედვით; და არავითარი ეჭვი – ჯიბეში ათიანი ჩავუკუჭო ვინმეს, თუ ხუთიანი? არავინ ზედმეტ კაპიკს არ გამოგართმევთ. რიგში დერეფნის ბინძურ კედელზე მიყრდნობილი კი არ დგახართ, რბილ სავარძელში მჯდომი მშვიდად ელოდებით ტაბლოზე თქვენი ნომრის ანთებას.
2. სკოლებში სწავლების დაწყების გადატანა დილის 8 სათისათვის
წესით, რა გასახარია დილის 6 საათზე ადგომა? და თავიდან უკმაყოფილო კომენტრებიც გაისმოდა – რა აზრი აქვს, ცენტრში ამ დროს მაინც საცობებია, თუნდაც ყირაზე დამდგარხარ. მაგრამ შემდეგ ეს საცობები ახლა სავსებით ‘კეთილთვისებიანია’ აღმოჩნდა, რადგან ტრანსპორტი, მართალია ნელა, მაგრამ მაინც მოძრაობს, და, რაც მთავარია, ავტობუსში ადრინდელივით გაჭყლეტვა და გადათელვა აღარ გემუქრება, მეცადინეობის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრეც რომ გახვიდე სახლიდან. დილით გზებზე მოძრაობის განმუხტვის იდეამ სავსებით გაამართლა.
3. ახალი ავტობუსები BakuBas
რა გასაოცარიც უნდა იყოს, ბევრს ახარებს ის ერთგვარი დაყოფა სოციალურ ფენებად, რაც ამ ახალი წითელი ავტობუსების გამოჩენას მოჰყვა. ამ ავტობუსებში ის ადამიანები სხდებიან, რომლებსაც აქვთ სატრანსპორტო ბარათი და თან მისი გამოყენების არ ეშინიათ. ისინი კი, ვისი გონებაც ვერ ეთვისება განსხვავებულ წესებს, და ამჯობინებს – ‘მძღოლს ვაძლევ 20 კაპიკს’ – ისევ ძველ ავტობუსს ელოდებიან.
იგივე ეხება მოთხოვნით გაჩერებებსაც – ახალი ავტობუსები მკაცრად განსაზღვრულ ადგილებზე ჩერდება და არა ყველგან. ზოგ მოქალაქეს ამისაგან კლაუსტროფობიის შეტევა ეწყება. ისინი ისტერიკულად გაჰყვირიან და კარზე ხურდით აკაკუნებენ. შემდეგ ჩადიან გაჩერებაზე, ხმამაღლა ილანძღებიან და სხვა დროს ასეთ ‘სახიფათო’ ტრანსპორტში აღარ ჯდებიან.
ახალი ავტობუსები, სრულად მოულოდნელად, დაემსგავსა ერთგვარ წვეულებას, სადაც ფეის-კონტროლის გავლის შემდეგ სულ თანამოაზრეები იკრიბებიან.
ASAN-ის მოხალისეები ეხმარებიან ხალხს ახალ ავტობუსებთან შეგუებაში. წარწერა ჟილეტზე: ‘მე მაქვს სატრანსპორტო ბარათი. შენ?’
4. მძღოლები გადასასვლელებზე ფეხით მოსიარულეებს ატარებენ
ამისათვის მძღოლები ჯერ აღზარდეს. ანუ, მათ აქტიურად აჯარიმებდნენ. ხმები დადის, თითქოს საგანგებო აგენტებიც კი ჰყავდათ სამოქალაქო ტანსაცმელში, რომლებიც ოდნავ აბიჯებდნენ ე.წ. ზებრას, და თუ მძღოლი არ შეაჩერებდა, სამალავიდან საგზაო პოლიცია გამოდიოდა და ჯარიმას წერდა. ამის შემდეგ მძღოლები თავაზიანები გახდნენ, ზებრები კი – უსაფრთხო.
5. სტიპენდია
ის სტუდენტები, რომლებიც სწავლის საფასურს იხდიან, მაინც იღებენ სტიპენდიას. ერთი შეხედვით, თითქოს რა განსხვავებაა, რატომ არ ექვითებათ ეს თანხა გადასახადიდან? მაგრამ აქ მთავარი მოტივაციის ფაქტორია – სტიპენდია გაიცემა მხოლოდ ‘ჩაუჭრელ’ სტუდენტებზე. ფაქტობრივად, ახალგაზრდა ‘გამოიმუშავებს’ შეღავათს. გარდა ამისა, სტიპენდია მხოლოდ ფული როდია, ის სიმბოლოცაა – სტუდენტობის სასიამოვნო ატრიბუტი.