სახდეპი: ვაშინგტონი განიხილავს, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველომ ურთიერთობების წინსვლისთვის
გაზიარება
გაზიარება
სახდეპის განცხადება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ განიხილავს “კონკრეტულ ნაბიჯებს“, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების წინსვლის მიმართ “სერიოზული დამოკიდებულების” დასადასტურებლად. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-ში ვიზიტით “ქართული ოცნების” საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა.
ტელეკომპანია “ფორმულას“ მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხში სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის “რჩეული პარტნიორია“ და კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობის შენარჩუნება სურს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარება კონკრეტულ ნაბიჯებსაც მოითხოვს.
სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს შესაძლოა ფართო რეგიონული მნიშვნელობა ჰქონდეს. უწყება მიუთითებს სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომლის მიღწევაშიც, მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობდა.
ვაშინგტონის განცხადებით, შეთანხმება “ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს“ სთავაზობს მთელ რეგიონს და საქართველოსაც შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე ისარგებლოს იმ სტაბილურობითა და ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც ასეთ შეთანხმებას შეიძლება მოჰყვეს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ გარემოზე.
“ქართული ოცნების” პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში 4–5 მარტს იმყოფებოდა. სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის“ ცნობით, დელეგაციის წევრები, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებას – “სუვერენული ერების ალიანსი“ დაესწრნენ, რომელიც კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მოწვევით გაიმართა.
ლუნა ცნობილია იმით, რომ წინააღმდეგია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების და მხარს უჭერს რუსეთსა და აშშ-ს შორის “სამშვიდობო-სავაჭრო ურთიერთობების“ განვითარებას. მან არაერთხელ მისცა ხმა უკრაინის დახმარების პაკეტების წინააღმდეგ, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელსაც შეხვდა.
ნიკოლოზ სამხარაძე (შუაში) კონგრესში
ვიზიტის ფარგლებში, 4 მარტს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ენდრიუ ბეიკერს შეხვდა.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მათ კონგრესმენებს სთხოვეს, ყურადღებით შეისწავლონ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც “ცალკეული კონგრესმენები” წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ.