აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით Globalnews-ის კითხვას წერილობით უპასუხა და თქვა, რომ ელჩ დანიგანს თანამდებობის საბოლოო დატოვებამდე აშშ-ის სრული მხარდაჭერა აქვს.
“მადლობას ვუხდით ელჩ დანიგანს 33 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების გამორჩეული სამსახურისთვის. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის.
შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით.”- ნათქვამია წერილში.
5 ივნისს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მან თქვა, რომ ეს პირადი გადაწყვეტილებაა. 2023 წლის 13 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩად დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. დანიგანმა ამ პოსტზე კელი დეგნანი შეცვალა.