კომენტარი: ფასადს ცვლიან სისასტიკესთან დაკავშირებული კადრების გვერდზე გაწევით
საკადრო წმენა ძალოვანებში
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გადაცემაში “დღის ნიუსრუმი“ ზვიად ხარაზიშვილის (იგივე “ხარება”) და სხვა სანქცირებული ძალოვნების წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ფასადს ცვლის სისასტიკესთან დაკავშირებული კადრების გვერდზე გაწევით, თუმცა, მისი თქმით, ხიფათი ისაა, რომ კობახიძემ ივანიშვილსაც არ “მიაკითხოს.“
როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, იწყება გარკვეული კადრების გვერდზე გაწევა, რომლებიც პირდაპირ თუ პროპაგანდისტულად დაკავშირებულები იყვნენ იმ “ურთულეს პერიოდთან, რაც გამოვიარეთ“.
გარდა ამისა, პოლიტოლოგმა ისაუბრა მთავრობის მიერ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურის წარდგენაზეც და აღნიშნა, რომ თუ აქ პოლიტიკა არ შეიცვალა, “ტალეირანიც კი ვერაფერს გააკეთებს” ამერიკასთან მიმართებით.
საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. შსს-ის ვებგვერდზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესახებ მოცემულ ინფორმაციაში, უწყების ხელმძღვანელად უკვე ლევან მაისურაძე სახელდება.
10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე “ხარებამ” თანამდებობა დატოვა. თანამდებობა დატოვა კრიმინალური პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემაც. ყველა ეს პირი სხვადასხვა ქვეყნების მიერ არიან საქნცირებული.
ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობას თამარ ტალიაშვილი დაიკავებს. აქამდე თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.

ვახტანგ ძაბირაძე: “კობახიძის გაპრემიერებისა და იმ ცვლილებების შემდეგ, რაც თუნდაც შსს-ში გომელაურის გაშვებით განხორციელდა, იწყება გარკვეული კადრების გვერდზე გაწევა, რომლებიც პირდაპირ თუ პროპაგანდისტულად, როგორც გნებავთ, დაკავშირებულები იყვნენ იმ ურთულეს პერიოდთან, რაც გამოვიარეთ, თუნდაც იანვრიდან დღემდე. ვგულისხმობ დარბევებს და იმ სისასტიკეს, რომელსაც ჩადიოდა ეს ხალხი.
ამით, გარკვეულწილად, ფასადს ცვლიან და რეალურად, როგორც ჩანს, ახალ ეტაპზე გადადიან. არ მგონია, რომ მხოლოდ კობახიძე და შს მინისტრი იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილის გარეშე. ივანიშვილი დღეს არის საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც უსიტყვოდ უჭერს მხარს. აქ ხიფათი ისაა, რომ კობახიძემ არ მოინდომოს დამოუკიდებელი თამაში და თუ მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე იქნება მისი კონტროლი, იქით არ მიაკითხოს ივანიშვილს.
ეს ერთ-ერთი ვარიანტია. ეს საფრთხე აქვს ივანიშვილს. ეს ვარიანტი თუ არ არის, მაშინ აბა, რა მნიშვნელობა აქვს. ცუდი, სახელგატეხილი ხალხი გადადო გვერდზე და მოიყვანა ახალი ხალხი, რა პრობლემაა. გაასუფთავა ფასადი, გაწმინდა. ის საფრთხე იქაა, მაგრამ ამ საფრთხეს აკომპენსირებს იმით, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ივანიშვილისაა და თუ მოუნდება, ერთ დღეში გადაანაცვლებს მთელს მთავრობას.
ტალიაშვილი კი არა, ტალეირანი რომ გააცოცხლონ და ის გაუშვან ელჩად, თუ აქ პოლიტიკა არ შეიცვალა, ისიც ამერიკასთან მიმართებით ვერაფერს გააკეთებს. აქ პერსონებზე არაა საქმე, საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, როგორც ამერიკის, ისე ზოგადად, დასავლეთის მიმართ. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს შეიცვლება.“