ტერორის 1 თვე: აქციებზე საპოლიციო ძალების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა დანაშაულებრივი ოპერაციაა. საიას ანგარიში
საიას ანგარიში აქციებზე
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს რეჟიმი სხვა ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებს.
ანგარიშში მიმოხილულია როგორც რეჟიმის მიერ დემონსტრანტების წამების და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები, ასევე დაჩქარებული წესით მიღებული რეპრესიული კანონები და რეჟიმის სხვა საშუალებები – ე.წ. ტიტუშკების თავდასხმები მედიასა და დემონსტრანტებზე, სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოქალაქეების დასაშინებლად გამოყენების შემთხვევები.
ორგანიზაციის შეფასებით, 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩასახშობად სახელმწიფოს მხრიდან მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია.
2024 წლის 28 ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ. აღნიშნულ პერიოდში განვითარდა შემდეგი მოვლენები:
- წამება; არაადამიანური; დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; ნაცემია დაკავებულთა უმრავლესობა.
- აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) გამოყენების წესების, არა მარტო, დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება;
- არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე;
- მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ; რაც, რიგ შემთხვევებში, დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით სრულდებოდა.
- უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით (თვითნებური დაკავება შეეხო 500-მდე პირს);
- მოქალაქეთა უკანონო ჩხრეკა საჯარო ადგილებში, ჩხრეკა/ამოღების ოპერაცია ბინებსა/ოფისებში;
- სისხლის სამართლის მექანიზმების დემონსტრანტების მიმართ გამოყენება (დაკავებულია 40-მდე პირი);
- მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ – გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საჯარო მოხელეებში მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებით.
- კანონმდებლობის შეიარაღება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, კერძოდ, შევიდა ცვლილებები შემდეგ კანონებში: საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ; კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ; პოლიციის შესახებ კანონი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
- გამოწვევად რჩება, როგორც მიმდინარე აქციებზე, ისე, 2024 წლის აპრილი-მაისის და 2023 წლის მარტის აქციებზე ძალადობის გამოძიების არაეფექტიანობა.
ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის გამოყენების ტენდენციები:
- პოლიციელებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა არა მხოლოდ ცალკეული პირების მიმართ, არამედ შეკრებების ყველა მონაწილის წინააღმდეგ, მიუხედავად მათი მშვიდობიანი ხასიათისა.
- პოლიცია ძალადობრივად ექცეოდა დემონსტრანტებს, რომლებიც წინააღმდეგობის ნიშნებს არ ავლენდნენ, მათ შორის, მუშტებით, ფეხებით და რეზინის ხელკეტებით ურტყამდნენ მიწაზე დაგდებულს.
- არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დეტალური ჩვენებების მიხედვით, პოლიციელები განაგრძობდნენ დაკავებულების მიმართ სასტიკ მოპყრობას სატრანსპორტო ფურგონებში. დემონსტრანტებს სცემდნენ, მათ შორის, სახის, თავის, ნეკნების არეში, ხოლო ე.წ. ზედამხედველი ოფიცრები, გავრცელებული ცნობით, აძლევდნენ მითითებებს დაქვემდებარებულებს, სად და რამდენ ხანს უნდა გაეგრძელებინათ ცემა.
- დაკავებებსა და შემდგომ ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პოლიციელები არ ატარებდნენ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, როგორიცაა სამკერდე ნომრები ან სახელის და გვარის აღმნიშვნელი. ამან შეუქმნა დაუსჯელობის განცდა იმ პოლიციელებს, რომლებიც არასათანადო მოპყრობას ახორციელებდნენ.
- უცნობი პირები, რომლებიც დაუნდობლად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს პროტესტის მონაწილეებს და სხვა პირებს, მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების პირდაპირი ან მდუმარე თანხმობით. სატელევიზიო კადრები ნათლად აჩვენებს კოორდინაციას ამ დაუდგენელ პირებსა და პოლიციას შორის, ასევე, სამართალდამცავების უმოქმედობას, როდესაც ეს პირები ძალადობრივ თავდასხმებს ახორციელებდნენ.
ორგანიზაციის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ:
შსს წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებს ურევდა, რაც გაცილებით დიდ ზიანს იწვევს. ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინაციაში გამოყენება, იყო უკანონო და არაპროპორციული, განსაკუთრებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
ცრემლსადენი გაზის ყუმბარების გამოყენებისას, გამოვლინდა სამართალდამცავთა მიერ მათი გამოყენების წესების დარღვევა. ზოგ შემთხვევაში, ყუმბარების
ჰაერში ბალისტიკური ტრაექტორიით გასროლის ნაცვლად, ისინი პირდაპირ დემონსტრანტებისკენ მიმართეს, რამაც მნიშვნელოვანი დაზიანებები გამოიწვია.
28 ნოემბრიდან სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მიმართეს ალყაში მოქცევის ტაქტიკას, როდესაც ისინი რამდენიმე მხრიდან იწყებდნენ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, ძალადობას და დაკავებებს. ადამიანის უფლებათა სამართლის მიხედვით, ამგვარი ქმედება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს გამოყენებული, როდესაც ის არის პროპორციული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულია სხვა სპეციალური საშუალებები, მსგავსი ტაქტიკა აქციის მონაწილეებს უქმნის ჯანმრთელობისა ან სხვა ზიანის დისპროპორციულ საფრთხეს. იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები უკვე იყენებდნენ სხვა სპეციალურ საშუალებებს დისპროპორციულად, მსგავსი ტაქტიკა არღვევს არა მარტო შეკრების თავისუფლებას, არამედ არის დემონსტრანტების ფსიქოლოგიური ტერორის იარაღი.
გარდა ამისა, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შსს წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდა. მათი განმარტებით, ამგვარი პრაქტიკა ძალიან პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო:
- უცნობია, რა არის წყალში ქიმიური გამაღიზიანებლის დასაშვები კონცენტრაციის დონე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოშობს.
- ქიმიურმა გამაღიზიანებლებმა უნდა უზრუნველყოს დემონსტრანტების დაშლა კონკრეტული ტერიტორიიდან. როდესაც ტანსაცმელი ქიმიური გამაღიზიანებლით იჟღინთება, ადამიანს აღარ შეუძლია მისი ზემოქმედებისგან გაქცევა.
- როდესაც ადამიანის ტანსაცმელი იჟღინთება, შეუძლებელია, გაკონტროლდეს ქიმიური გამაღიზიანებლის ადამიანზე ზემოქმედების ხარისხი და ხანგრძლივობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის რისკები იზრდება ქიმიური საშუალებების კონცენტრაციის და ზემოქმედების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება.
- წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც, რადგან ეს შეიცავს დაზიანების, მათ შორის, ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ბევრად მაღალ რისკს.