საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო
საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო „მთიანი ყარაბაღის აღიარების აუცილებლობის შესახებ“. გადაწყვეტილებას მხარი 305-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ 1 წავიდა.
თავად დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია და სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, როგორც სენატის ყველა რეზოლუცია. ახლა სიტყვა საფრანგეთის მთავრობაზეა, მან შეიძლება დოკუმენტი მხედველობაში მიიღოს, მაგრამ ვალდებული არ არის, შეასრულოს.
რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, აღიაროს მთიანი ყარაბაღი და აღმოუჩინოს მასშტაბური დახმარება ყარაბაღის მშვიდობიან მოსახლეობას. ასევე, მასში საუბარია სამხედრო დანაშაულების საგამოძიებო საერთაშორისო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.
დოკუმენტი საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ღონეს, რათა განახლდეს მოლაპარაკებების პროცესი, 1994 წელს ასახული საზღვრების უზრუნველყოფით. რეზოლუციაში ასევე მოწოდებაა, უზრუნველყონ სომხური მოსახლეობის უსაფრთხოება და გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება.
საფრანგეთის პარლამენტი მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
რეზოლუციის საკითხზე მომხსენებელმა, სენატორმა ბრუნო რეტაიომ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან (რომელიც ექსპანსიონისტურ, ნეოოსმალურ და პანისლამურ პოლიტიკას ატარებს) მასიური და გადამწყვეტი დახმარების შემდეგ, კონფლიქტმა დაკარგა ლოკალური ხასიათი.
„სიტყვასიტყვით ვციტირებ ერდოღანის სიტყვებს: „მთიანი ყარაბაღი ისლამური სახელმწიფო გახდა და ნახევარმთვარის ჩრდილქვეშ დაბრუნდა“. კიდევ რამდენი აგრესიაა საჭირო, რომ ევროპამ, ბოლოს და ბოლოს, დაუწესოს რეალური სანქციები – დიპლომატიური და, პირველ რიგში, ეკონომიკური? როდის შევწყვეტთ, ვიყოთ გულუბრყვილოები?“.
რეზოლუციის პროექტი სენატში 18 ნოემბერს სხვადასხვა ფრაქციის ხუთმა სენატორმა შეიტანა, მათ შორის იყო რესპუბლიკელების ლიდერი ბრუნო რეტაიო და ცენტრისტების ჯგუფის კავშირის ხელმძღვანელი. ოქტომბერში, მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაშიც წარადგინეს.
ის მთიანი ყარაბაღის აღიარების შეთავაზებას ითვალისწინებს, რათა დაიცვას მთიანი ყარაბაღელი ხალხი აზერბაიჯანის მხრიდან მომავალი სამხედრო საფრთხისგან, რომელმაც სამხედრო აგრესია დაიწყო 27 სექტემბერს.