მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის უპასუხა. ნავალნიმ ვრცელი პოსტი მიუძღვნა სააკაშვილს და საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხიდან სამკურნალოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნავალნის რუსეთის მომავალ პრეზიდენტად მიიჩნევს. მან კოლონიაში მყოფ რუს ოპოზიციონერს „გადარჩენა და სასურველი მიზნის მიღწევა“ უსურვა.
“ალექსეი ნავალნისთან, ჩემი ღრმა რწმენით, იმის მომავალ პრეზიდენტთან, რაც მოკლე დროში დარჩება რუსეთისგან, მე ორი მომენტი მაერთიანებს: ის, რომ ჩვენთვის, ორივესთვის, ერთნაირად მიუღებელია კორუფცია, და ის, რომ ჩვენ, ორივე, ვლადიმერ პუტინისთვის მთავარი მტრები ვართ. ვუსურვებ ალექსეის გადარჩენას, თავისუფლებაზე გამოსვლას და სასურველი მიზნის მიღწევას” – წერს სააკაშვილი.
● ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვრიდან პატიმრობაში იმყოფება. ახლა ის იხდის სასჯელს ვლადიმირის ოლქის მე-6 კოლონიაში, სადაც რეგულარულად აგზავნიან საჯარიმო საკანში.
● აპრილის დასაწყისში ნავალნისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რადგან კუჭის დაავადება გაუმწვავდა. მანამდე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თანასაკნელის მეშვეობით ცდილობდნენ მისთვის გრიპის ვირუსი გადაედოთ.
● მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის შემოდგომიდან იმყოფება. იგი მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოში დაბრუნდა.
● ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 2022 წლის მაისიდან პოლიტიკოსი თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 20-ზე მეტი დამოუკიდებელი ექიმი აცხადებს, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია.