„სააკაშვილის გარღვევა“
“ მე უკრაინაში დაბრუნების გზას გამოვნახავ, თუმცა ყველაფერი კანონის ფარგლებში მინდა გადაწყდეს. მაიდანის მოწყობას არ ვაპირებ“, – უყვებოდა დილით სააკაშვილი პოლონურ ჟეშუვში ჰრომადსკოეს ჟურნალისტს. ვარშავიდან პოლონეთი-უკრაინის საზღვრისკენ მიმვალმა პოლიტიკოსმა ღამე იქ გაათენა, და სადილის შემდეგ საზღვრის გადაკვეთას აპირებდა.
2015 წელს პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ დანიშნა. თუმცა , უკვე ნახევარ წელიწადში პოლიტიკოსებს ურთიერთობა გაუფუჭდათ. სააკაშვილმა პრეზიდენტის გაკრიტიკება დაიწყო, შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციაში გადავიდა – შექმნა პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვდა.
პოროშენკომ რამდენჯერმე სცადა სააკაშვილთან ურთიერთობის მოგვარება და ნიდერლანდებში, სადაც სააკაშვილის ოჯახი ცხოვრობს, უკრაინის ელჩობასაც სთავაზობდა. ბოლოსდაბოლოს უკრაინის პრეზიდენტს არგუმენტები და წინადადებები ამოეწურა და ამ წლის 26 ივლისს მან სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. ამის საფუძვლად იქცა სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის წერილი, რომელიც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მოქალაქეობის მიღებისას არასწორი მონაცემები წარადგინა – არ მიუთითა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული.
სააკაშვილი, რომელიც მაშინ აშშ-ში იმყოფებოდა, პოროშენკოს არ დაეთანხმა და პირობა დადო, რომ უკრაინაში „ბარიგა“- პრეზიდენტთან საბრძოლველად აუცილებლად დაბრუნდებოდა. 4 აგვისტოს ის ვარშავაში ჩაფრინდა და დააანონსა, რომ 10 სექტემბერს ის ჯერ კიდევ თავის კუთვნილ უკრაინულ პასპორტს გამოიყენებდა და უკრაინის საზღვარს გადაკვეთდა. პოროშენკოს სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ უკრაინელი ჩინოვნიკები იუწყებოდნენ, რომ მას უკრაინში არ შეუშვებდნენ, რადგან მისი პასპორტი გაუქმებული იყო.
ამიტომაც, სააკაშვილის დაბრუნება ოდესის ექს-გუბერნატორისთვისაც და პოროშენკოსთვისაც პრინციპის საქმედ იქცა – პირველს იმის დამტკიცება უნდოდა, რომ საზღვარს პრეზიდენტის ნებართვის გარეშე გადაკვეთდა, მეორეს კი იმის – რომ ეს შეუძლებელი იყო. ორივე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მიხედვით მოქმედებდნენ. სინამდვილეში კი დაპირისპირებისას ორივე პოლიტიკოსი ურთიერთსაპირისპირო მეთოდებს იყენებდა, მათი კონფლიქტის მძევლებად კი იქცნენ ის რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გუშინ უკრაინისა და პოლონეთის საზღვრის გადალახვას ცდილობდნენ, ასევე სასზღვრო სამსხურის და ეროვნული პოლიციის რიგითი თანამშრომლები.
ქართული გამბიტი
კითხვაზე, „აქვს თუ არა მას მოქმედების გეგმა და სათადარიგო ვარიანტები?“, სააკაშვილმა უპასუხა: „არა“. სინამდვილეში, მას გეგმა ჰქონდა. თუმცა კი, პოლიტიკოსი საგულდგაგულოდ ცდილობდა რომ ეს გეგმად კი არა, იმპროვიზაციად წარმოჩენილიყო.
სააკაშვილმა დააანონსა, რომ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ლვოვის ოლქის დაბა კრაკოვეციდან შეეცდებოდა. იმის დასტურად, რომ ის სწორედ იქ ჩავიდოდა, მისმა მომხრეებმა კრაკოვეცში ჯერ კიდევ შაბათს დაიწყეს ჩასვლა. მომხრეთა ხერხემალს წარმოადგენენ – „დონბასისა“ და „აიდარის“ ყოფილი მოხალისეთა ბატალიონის მეომრები, რომლებსაც სათავეში უდგას „სამოპომოშჩის“ სახალხო დეპუტატი სემიონ სემიონჩენკო, ასევე სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის „რუხ ნოვიხ სილ“-ის აქტივისტები დავით საყვარელიძის მეთაურობით.
ხელისუფლებამ საპასუხო ნაბიჯი გადადგა. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნულმა პოლიციის თანამშრომლებმა (რომლებიც სააკაშვილის პოლიტიკურ მტერს, შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაკოვს ექვემდებარებიან) გამშვები პუნქტის დაცვა გააძლიერეს – თანამშრომლების რაოდენობა გაზარდეს, პერიმეტრს მავთულხლართები შემოავლეს. ამასობაში კრაკოვეცში სპორტული გარეგნობის ახალგაზრდებით სავსე 10 ავტობუსი ჩავიდა. ისინი თავს „სააკაშვილის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად“ წარადგენდნენ.
მათი ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჰრომადსკოეს კორესპონდენტი იცნო და გამოელაპარაკა:
—ჩვენ აქ კონკრეტულად მაყუთისთვის მოვედით. ჩვენ ხომ „ტიტუშკები“ ვართ.
— და დღეს ვინ იხდის ფულს?
—დღეს ჩვენ ხელისუფლებას ვიცავთ, სააკაშვილის აქციის წინააღმდეგ ვართ. თუმცა, მკაფიო ამოცანა არ გვაქვს. უფრო იმისთვის ვართ “მასოვკა” შევქმნათ.
სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებისთვის ხელის შეშლის პირობა დადეს ოლეგ ლიაშკოს რადიკალურმა პარტიამ და ილია კივის სოცილაისტურმა პარტიამ. ორივე მათგანს შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვთან – საქართველოს ექს-პრეზიდენტის ძველ მოწინააღმდეგსთან აკავშირებენ.
თუმცა, სინამდვილეში სააკაშვილი კრაკოვეცში ჩასვლას არც აპირებდა. დაანონსებულ დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისმა თანაშემწეებმა პოლონეთის პერემიშლიდან ლვოვისკენ „ინეტრსიტის“ ორი მატარებლის ორი ვაგონის ბილეთები შეიძინეს. ეს მატარებლები, შესაბამისად, ვარშავის დროით 13.00 და 15.00 გადიოდა. სახელობითი ბილეთები შეიძინეს იმ ჟურნალისტებისთვისაც, რომლებიც კრაკოვეცში სააკაშვილთან დაანონსებულ შეხვედრაზე იყვნენ აკრედიტირებულები. თუმცა, მათთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამთ, სამაგიეროდ აცნობეს, რომ საზღვარზე გადასვლამდე სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე ბრიფინგს გამართავდა, და იქ ლვოვიდან ავტობუსით გადაყვანა შესთავაზეს, წინასწარ კი საპასპორტო მონაცემები ჩამოართვეს.
სააკაშვილი უკრაინის საზღვრისკენ პოლონეთის ქალაქ ჟეშუვადან დაიძრა , სადაც მან ვარშავიდან გზად ღამე გაათენა. დილით მას უკრაინელი პოლიტიკოსებისგან შემდგარი „მხარდამჭერთა ჯგუფი“ შეუერთდა – „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვალენტინ ნალივაიჩენკო, სახალხო დეპუტატები – ვიქტორ ჩუმაკი, მუსტაფა ნაიემი, იური დერევიანკო, დმიტრი დობროდომოვი, ასევე ყოფილი სახალხო დეპუტატი ეგორ ფირსოვი და ევროპარლამენტის დეპუტატი პოლონეთიდან იაცეკ-სარიუშ ვოლსკი.
კაფეს ტერასაზე გამართულ იმპროვიზირებულ ბრიფინგზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზღვრისკენ ავტობუსით გაემართება და გზად ქალაქ პერემიშლში შეივლის. ერთ საათში მისი პოლიტიკური მოკავშირეები ამ ქალაქის რკინიგზის სადგურთან სათათბიროდ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც განაცხადეს: იმისთვის, რომ თავიანთ მომხრეებსა და „ტიტუშკებს“ შორის არეულობის პროვოცირება არ მოეხდინათ, ისინი კრაკოვეცში აღარ ჩავიდოდნენ, და უკრაინაში გაემგზავრებოდნენ მატარებლით, რომელიც ნახევარ საათში გადიოდა.
„უკრაინული“ დაცვა
მომდევნო სვლა უკრაინის ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი თავის ოჯახთან, ჟურნალისტებთან და მომხრეებთან ერთად ვაგონში ჩაჯდა, მატარებლის უფროსმა განაცხადა, რომ შემადგენლობა უკრაინაში ვერ გაემგზავრებოდა, ვიდრე მასში მოქალაქეობაჩამორთმეული პირი იმყოფებოდა. სააკაშვილის პოლიტიკური მოკავშირეები სამ საათზე მეტხანს ცდილობდნენ მის დარწმუნებას, რომ მემანქანისთვის გამგზავრების განკარგულება მიეცა. ქალბატონმა განმარტა, რომ ეს ბრძანება მან თავისი ხელმძღვანელობისგან მიიღო.
მატარებელში მგზავრების უკმაყოფილება მატულობდა. ზოგიერთი მათგანი მოითხოვდა, რომ სააკაშვილი მატარებლიდან ჩასულიყო და მათთვის გამგზავრების საშუალება მიეცა. სამაგიეროდ, ექს-პრეზიდენტის მომხრეები მათ არწმუნებდნენ, რომ პოლიტიკოსს გამგზავრების სრული უფლება აქვს, და ისინი იმ უკრაინელი ჩინოვნიკების მძევლებად იქცნენ, რომლებიც სააკაშვილის დაბრუნებისთვის ხელის შეშლას ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ.
მაგრამ იულია ტიმოშენკოსთან შეთანხმების შემდეგ სააკაშვილი მატარებლიდან ჩავიდა და სხვა ბაქანზე გადავიდა. სწორედ იქ ჩამოაყენეს „ინტერსიტის“ მეორე მატარებელი, რომელიც ასევე უკრაინაში მიემგზავრებოდა. თუმცა, ამ მატარებლის კარი საერთოდ არ გაიღო. ამიტომ, პოლიტიკოსმა, მიყენებული უხერხულობის გამო, ორივე მატარებლის მგზავრებს მოუბოდიშა და განაცხადა,რომ თავდაპირველ გეგმას უბრუნდებოდა და კრაკოვეცში ავტობუსით მიემგზავრებოდა.
თუმცა, ეს მხოლოდ ფანდი იყო. ავტობუსმა გზად მარშრუტი შეიცვალა და მედიკა- შეგინის გამშვები პუნქტისკენ გაემართა. ის პერემიშლთან 30 კმ-ით უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე იაგოდინ-კრაკოვეცი.
ხელისუფლება სასწრაფოდ მოემზადა. უკრაინის მხრიდან გზა დაჯავშნული სატვირთო მანქანით გადაკეტეს და ეროვნული გვარდიის მეომრებისგან შემდგარი ორი ჯაჭვი ჩაამწკრივეს. მაგრამ, კრაკოვეცისგან განსხვავებით, შეგინიში არც მავთულხლართები იყო და არც გაძლიერებული დაცვა.
სააკაშვილმა უპრობლემოდ გაიარა პოლონეთის საზღვარი და სატრანზიტო ზონამდე მიაღწია. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ის არ შეუშვეს, მაგრამ პოლიტიკოსმა პოლონეთში უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. პოლონეთიდან უკრაინისკენ მანქანების მოძრაობა შეწყდა. პოლონელმა მესაზღვრეებმა აღშფოთებულ მძღლებს აცნობეს, რომ უკრაინის მიმართულებით ვერ გაუშვებდნენ, რადგან იქ მოძრაობა შეჩერებული იყო – და მათ მოცდა მოუწევდათ.
ამ მომენტისთვის გასასვლელ პუნქტთან სააკაშვილის მომხრეთა ის ჯგუფი მივიდა, რომელიც კრაკოვეცთან მდებარე ბანაკიდან გამოვიდა. მესაზღვრეების წინ 200-მდე ადამიანი ჩამწკრივდა და მოულოდნელად შეტევაზე გადავიდნენ.
ერთ საათში პოლიტიკოსი უკვე ლვოვში გამართულ იმპროვიზირებულ მიტინგზე სიტყვით გამოდიოდა, შემდეგ კი ლვოვის მერთან ანდრეი სადოვთან ერთად ყავას სვამდა. მომდევნო დილას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთელი უკრაინის გარშემო ტურში გაემგზავრებოდა. მართალია, თვითმფრინავით ვერ ისარგებლებს, რადგან პოლიტიკოსის თქმით, ვიღაცამ მისი პასპორტი მოიპარა, რომელიც საზღვარზე შეჭრის დროს მან ავტობუსში დატოვა.
არსენ ავაკოვმა ამ „გარღვევას“ ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიტანილი შეტევა უწოდა, ყველა მონაწილეს შეგინიში დაბრუნება და საზღვრის ოფიციალურად გადაკვეთა ურჩია. პიოტრ პოროშენკომ გუშინდელი მოვლენების შესახებ ასევე გააკეთა კომენტარი: „იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ძალიან მალე ისეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში შეჭრას, როგორითაც ის უკრაინაში მოხვედრას ცდილობდა.“
ჰრომადსკოეს მასალა