სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ვერ ჩაერთო. მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება
სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ვერ ჩაერთო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ვერ ჩაერთო, ამის მიზეზად კი დასახელდა ის, რომ კლინიკა “ვივამედს” შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები არ აქვს {იგულისხმება სკაიპი ან სხვა ონლაინ საშუალებები]. იქამდე, კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტი მზად არის, სასამართლო პროცესს ონლაინ დაესწროს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა. დაცვის მხარე სხდომის გამართვას 4 ან 5 დღეში ითხოვდა, მოპასუხე მხარეს, პენიტენციურ სამსახურს კი, საქმის მასალების შესასწავლად 1 თვე სურდა, თუმცა მოსამართლის თქმით, “ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ერთი თვეა საჭირო”. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საქმის განხილვა შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დაცული ვიდეომასალა დაცვის მხარეს გადასცეს.
“გადაეცეს დაცვის მხარეს კადრები 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, რაც მათ აქვთ დაარქივებული და მიუწვდებათ ხელი.” – თქვა მოსამართლემ, რითაც დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას თქმით, ის, რომ 21-ე საუკუნეში კლინიკას “არ აქვს ონლაინ-საშუალებები არის სისულელე” და ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს, ხალხმა ნახოს, თუ რეალურად რა მძიმედ გამოიყურება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.
ხოლო ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი “სირცხვილია”.
“ეს არის სირცხვილი, იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გააკეთო? პატიმარი ვერ ჩართეს თურმე აგერ, ორი კილომეტრიდან. წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ, რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე? შიში, რაღაც გაუგებარი. ანუ, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ, ყველაფერს ცდილობენ ახლა, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი.” – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
● “დემოკრატიული ლპობის საფუძველი ბიძინა ივანიშვილია” – დებატები ევროპარლამენტში საქართველოზე
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
12 დეკემბერს, სტრასბურგში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ექსპრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. მისი თქმით, “ჩვენ არ უნდა მივცეთ მამაჩემს საშუალება, გარდაიცვალოს ციხეში.”
იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, “ამერიკის ხმასთან” კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასევე, აშშ-ის საგარეო უწყების თქმით, დეპარტამენტი ძალიან ახლოდან აკვირდება საქართველოს “ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას”.
სასამართლომდე ერთი დღით ადრე კი ევროპარლამენტის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფმა (ECR) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.
6 დეკემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადა. ოთხმა ექიმმა ექსპრეზიდენტი 5 დეკემბერს მოინახულა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად გაეცნო.
კარდიოლოგ გიორგი კაჭარავას თქმით, ექსპრეზიდენტმა ჯობია, გამოიცვალოს სამკურნალო ადგილი, ხოლო ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპრილთან შედარებით, “მნიშვნელოვნად” არის გაუარესებული.
ასევე, ექიმების განმარტებით, მესამე პრეზიდენტს აქვს მეოთხე დონის კახექსია, რაც გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს დარჩენილი.
თავად სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელი გადავადების მოთხოვნას შეესაბამება.
ასევე, 2 დეკემბერს გამოქვეყნდა ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზა, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს. დასკვნაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
პირველ დეკემბერს ცენტრმა “ემპათია” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სააკაშვილს ოცზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი აქვს – მათგან, დაახლოებით ათი პატიმრობასთან შეუთავსებელია.
“ემპათიაში” აცხადებენ, რომ ძირითადი დიაგნოზები არ საჯაროვდება. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი – ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.