რუსეთმა თანამედროვე ისტორიაში თავის პირველი მთვარის მისია ჩააგდო. “ლუნა-25” მთვარის ზედაპირს შეეჯახა.
მთვარეზე რუსული მისიის დაწყებიდან მეათე დღეს, 20 აგვისტოს, რუსეთის სახელმწიფო კოსმოსურმა კორპორაციამ “როსკოსმოსმა” განაცხადა, რომ პლანეტათაშორისმა ავტომატურმა სადგურმა „ლუნა-25“ შეწყვიტა არსებობა მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად.
“როსკოსმოსში” აცხადებენ, რომ შეჯახება 19 აგვისტოს მოხდა, როდესაც ხომალდი მთვარეზე დაშვების წინა ორბიტაზე გადავიდა, რადგან შეიქმნა „გაუთვალისწინებელი სიტუაცია“. კორპორაციის სპეციალისტებმა ვერ მოახერხეს სადგურთან კომუნიკაციის დამყარება და მისი პოვნა. მათ მიაჩნიათ, რომ მოწყობილობა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე ჩამოვარდა.
ლუნა-25-ის გაშვება იყო მთვარის პირველი მისია თანამედროვე რუსეთის ისტორიაში. სადგურმა სტარტი ამურის ოლქში, კოსმოდრომ “ვოსტოჩნიდან” 11 აგვისტოს აიღო და მთვარეზე 21 აგვისტოს უნდა დაშვებულიყო.
მთვარის ამ მისიაზე მუშაობა რუსეთმა 1997 წელს დაიწყო. “ლუნა-25” უწოდეს საბჭოთა პროგრამის უწყვეტობის დემონსტრირების მიზნით – წინა მისია მთვარეზე სადგური ლუნა-24 იყო, რომელიც მოსკოვმა საბჭოთა კავშირის დროს, 1976 წელს გაუშვა.
გეგმის თანახმად, მთვარეზე დაშვების შემდეგ, სადგურს უნდა გამოეკვლია მთვარის სამხრეთ პოლარული ნაწილი, იქ არსებული რესურსები, მათ შორის წყალი. წარმატების შემთხვევაში, ლუნა-25 გახდებოდა ისტორიაში პირველი სადგური, რომელმაც მთვარის სამხრეთ პოლუსზე განახორციელა დაშვება. ახლა ეს შანსი ინდოეთს აქვს – ინდურ მისიას “ჩანდრაიან-3”, რომელიც ინდოეთმა 14 ივლისს გამოუშვა. ამ მისიის მიზანი ასევე დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსის შესწავლაა.
19 აგვისტოს ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) განაცხადა, რომ ჩანდრაიან-3-ის სადესანტო მოდულმა, სახელად Vikram, დაიწყო მზადება დაშვებისთვის.დაშვება, სავარაუდოდ, 23 აგვისტოს მოხდება. წარმატების შემთხვევაში, ინდოეთი გახდება მეოთხე ქვეყანა, რომლის კოსმოსური ხომალდი მთვარეზე დაეშვება. მანამდე იგივე შეძლეს აშშ-მ, სსრკ-მ და ჩინეთმა.
The New York Times აღნიშნავს, რომ რუსული მთვარის მისიის წარუმატებლობის ფონზე ინდოეთის წარმატება “დიდი დარტყმა იქნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის”, რომელიც “რუსეთის მიღწევებს კოსმოსში იყენებს, როგორც მისი ძალაუფლების განმტკიცების განუყოფელ ნაწილს”.
ლუნა-25ზე მუშაობის პროცესში პროექტი რამდენჯერმე ჩაიშალა დაფინანსების ნაკლებობის, უბედური შემთხვევებისა და ასევე ევროპული სანქციების გამო.
კერძოდ, “როსკოსმოსთან“ ერთად მისიაში მონაწილეობას ევროპის კოსმოსური სააგენტო გეგმავდა, თუმცა უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ორგანიზაციამ რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
სანქციების გამო, ლუნა-25-მა ასევე დაკარგა ევროპული PILOT-D სანავიგაციო კამერა, რომელიც აუცილებელია კიდევ ერთი რუსული მისიის, ლუნა-27-ის „ჭკვიანი დაშვებისთვის” (ამ მისიის მთვარეზე გაგზავნა 2027 წელს იგეგმება).
ლუნა-25 მისიის ღირებულება ათობით მილიარდი რუბლი იყო. ამასთან, მისიის მომზადების დროს როსკოსმოსის ხელმძღვანელობას მუდმივად ადანაშაულებდნენ კორუფციაში.