რუსულ-თურქული კონფლიქტის გამოძახილი ერევანში
კონფლიქტი რუსეთსა და თურქეთს შორის შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს მთელი სამხრეთი კავკასიისათვის, ყველაზე მტკივნეული დარტყმა კი სომხეთს მიაყენოს. რუსულ-თურქული ურთიერთობის დაძაბულობის კონტექსტში, სომხეთში სომხეთ-თურქეთის საზღვარზე პრობლემების გაჩენის შესაძლებლობაზეც კი ლაპარაკობდნენ; მით უფრო, რომ რუსი პოლიტიკოსები მთელი ამ დღეების განმავლობაში მოურიდებლად მსჯელობდნენ თურქეთის წინააღმდეგ სომხური ფაქტორის გამოყენებაზე.
კერძოდ, ალექსეი ნავალნი წერდა თავის ბლოგში:
‘ვფიქრობ, ჩვენი პირველი ნაბიჯი, ქათმებისა თუ ტურისტების შესახებ ამ თვალთმაქცური გარიგების გარდა, უნდა იყოს სომეხთა გენოციდის ოფიციალური აღიარება. იდეალური მომენტია, სწორედაც რომ პოლიტიკური ზომაა, მაგრამ თურქეთისათვის ძალზე მტკივნეული. ეს იმ სფეროდანაა, – ‘აჰ, ასე? ახლა ჩვენ გვიყურეთ…’, – და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვება. ბევრი წერს: ‘ვიკიპედია ხომ ამბობს, რომ გენოციდი უკვე აღიარეს’. დიახ, არსებობს სახელმწიფო დუმის 1995 წლის განცხადება გენოციდის დაგმობის შესახებ. მაგრამ ჩვენ ხომ პოლიტიკურ სიმბოლიზმზე ვლაპარაკობთ.
სომეხთა გენოციდის აღიარება შეიძლება უსასრულოდ (რასაც ზოგიერთი ქვეყანა აკეთებს კიდევაც). შეიძლება აღიარების დონის აწევა. შეიძლება, როგორც საფრანგეთში, სასჯელის შემოღება გენოციდის უარყოფისათვის. შეიძლება დაგმო ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ გენოციდს. შეიძლება ცნო და პასუხისმგებლობა დააკისრო. შეიძლება ხსოვნის დღეები დააწესო. შეიძლება იმუშაო საერთაშორისო აღიარების მისაღწევად. ეს ხომ დიპლომატიაა, სიმბოლოები, საზოგადოებრივი აზრი და მსგავსი მატერიები. თურქეთისათვის ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი და აშკარა ნაბიჯი მეტისმეტად მტკივნეული იქნება.’
სიტყვა და საქმე ერთია – სახელმწიფო დუმაში შეტანილია კანონპროექტი ოსმალთა იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის უარყოფისათვის 5-წლიანი სასჯელის შესახებ. სომხეთში შეუმჩნეველი არაფერი დარჩენიათ, მაგრამ, აღფრთოვანების ნაცვლად, ამან გაოცება, გაუგებრობა და გაკიცხვა გამოიწვია.
და როგორც ყოველთვის, შედარებით ემოციური გამოხმაურებები სოციალურ ქსელში გამოჩნდა.
იზაბელა აბგარიანი: ‘ჩვენი წინაპრების ნეშტებით შანტაჟი ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან ამაზრზენი და გულისამრევია’.
ნიკოლოზ ტოროსიანი: ‘რუსები მეტისმეტად გაერთნენ თურქეთთან დაპირისპირებაში სომხების ჩათრევით. მთელი ეს უეცარი მედიაფლირტი იმდენად ხელოვნურია, რომ თვალში ეკლად ეჩხირება თვით ყველაზე პრორუსულად განწყობილ ადამიანებსაც. ყველა ამ ჟირინოვსკებს, სოლოვიოვებს, მირონოვებსა და კომპანიას უნდა ესმოდეთ, რომ სომხებისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს ბანალურად იყენებენ თურქეთის გასაღიზიანებლად. და თუ გადაწყვეტენ, რომ გენოციდის არცნობისათვის პასუხისმგებლობის კანონპროექტი არ მიიღონ, შეცვლიან ან მაუდის ქვეშ ამოდებენ, რეპუტაციის დაკარგვა უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს’.
სამველ მარტიროსიანი: ‘რუსულ პრესასა და ბლოგებში დაიწყეს კითხვის დასმა: რატომ დუმს სომხეთი? კითხვაზე კითხვით ვუპასუხებ: და რუსები რატომ არ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე? არავისთან იმდენი არ უომია რუსეთს, როგორც თურქეთთან: ‘ საერთო ჯამში, რუსეთ-თურქეთის ომები მოიცავს 351-წლიან პერიოდს (1568-1918). ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი და თურქეთი საომარ მდგომარეობაში იყვნენ 69 წელს.
საშუალოდ, რუსეთ-თურქეთის ერთ ომს მეორისაგან სულ რაღაც 25 წელი აშორებდა’. და მაინც, ყოველთვის ეხუტებიან თურქებს, ძმური სიყვარულის ფიცის სწამთ. შეიძლება ასეთი მოკლე მახსოვრობა გქონდეთ, ჩვენო ქერა ძმებო? სომხები ჩუმად არ არიან. სომხები საუკუნეებია, ყვირიან, რომ თურქული პოლიტიკის ნდობა არ შეიძლება.’
თუ რა უნდა გააკეთოს სომხეთმა ამ სიტუაციაში, პოლიტიკოსთაგან ამაზე საკუთარი აზრი გამოთქვა ოპოზიციონერმა აშოტ მანუჩარიანმა: ‘უნდა გაერთიანდნენ სრულიად სომხები, შემდეგ დააკონკრეტონ სტრატეგიული კავშირი, რუსეთთან ურთიერთდამოკიდებულება ორმხრივი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის დაზუსტებით, ასევე დაამყარონ მჭიდრო ურთიერთობები ირანთან, ჩინეთთან, ევროპასთან და, ასევე, რატომაც არა, აშშ-სთან’.
მანუჩარიანმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ სომხეთის ხელისუფლება არ იზრუნებს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე, მაშინ ამით ისინი დაკავდებიან, ვისაც მართლა აღელვებს სახელმწიფოს ბედი.