რუსეთის 2020 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე 113 687 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. როსტატის ვებგვერდზე ცალკე არიან გამოყოფილები ადამიანები ოკუპირებული რეგიონებიდან – 8 177 აფხაზი და 323 ოსი. თუმცა “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ “სასჯელი იყო დაწესებული მილიონამდე ადამიანისთვის”, რომელიც 10 მაისს, პუტინის განკარგულებით მოიხსნა.
“ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა ეს სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ მხარეს – ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია უკვე განმარტებულია, რატომ არ ვაკეთებთ ამას, მიზეზი არის მარტივი აქაც, მიზეზი არის ის, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციებს, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია.” – ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
როსტატის ვებგვერდზე ატვირთულ აღწერაში აღნიშნულია, რომ რუსეთში მხოლოდ 3 045 პირია საქართველოს მოქალაქე. ამ შემთხვევაშიც ცალკე არიან გამოყოფილები მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან: აფხაზეთი – 644, ცხინვალის რეგიონი – 333.
აღწერის თანახმად, საქართველოში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები (ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად) 196 610 ადამიანია.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.