კაია კალასი ადასტურებს, რომ EU-ის დოკუმენტი რუსეთისგან საქართველოდან ჯარების გაყვანას ითხოვს
გაზიარება
გაზიარება
რუსეთისგან საქართველოდან ჯარების გაყვანა
ევროკავშირი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი ფართო შეთანხმების ნაწილად რუსეთისგანსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასაც მოითხოვს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა ინფორმაცია ევროკავშირის შიდა სადისკუსიო დოკუმენტის შესახებ. დოკუმენტი კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება და, როგორც ირკვევა, მოსკოვის მიმართ მოთხოვნათა პაკეტს აყალიბებს. მათ შორისაა: რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა ბელარუსიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და სომხეთიდან; ასევე ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაზე უარის თქმა.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, დოკუმენტი ხაზს უსვამს პრინციპს, რომ თუ უკრაინას მოლაპარაკებების ფარგლებში მოსთხოვენ საკუთარი სამხედრო ძალების შემცირებას ან გარკვეული ტერიტორიებიდან გასვლას – როგორც ეს აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე დისკუსიებში განიხილება – რუსეთმაც ანალოგიური ნაბიჯები უნდა გადადგას. ეს ფორმულირება მიუთითებს ევროკავშირის მცდელობაზე, მოლაპარაკებების პირობებში სიმეტრიის პრინციპი დაამკვიდროს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამოცემა Euractiv-თან საუბარში კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო კონტინგენტები კვლავ განლაგებულია სხვადასხვა ქვეყნების ოკუპირებულ რეგიონებში და მათი გასვლა აუცილებელია მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
“რუსეთს ოკუპირებული აქვს არაერთი ტერიტორია და მისი სამხედრო ძალები განლაგებულია როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში. გრძელვადიანი მშვიდობა შეუძლებელია ამ ტერიტორიებიდან მათი გასვლის გარეშე. ზოგი ამას არარეალისტურს უწოდებს, თუმცა თავად რუსეთის მოთხოვნებიც არ შეესაბამება რეალობას.
ისინი მოლაპარაკებების გზით იმ ტერიტორიებსაც კი ითხოვენ, რომელთა სამხედრო გზით დაკავებაც ვერ შეძლეს. სწორედ ამიტომ, ასეთი მოთხოვნები საჭიროა მოლაპარაკებების პროცესში ბალანსის შესანარჩუნებლად და ყურადღების გადატანისთვის იმ ძირითად პრობლემაზე, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს მეზობელი ქვეყნების მიმართ
მე დავთვალე, სულ მცირე, 30 საერთაშორისო შეთანმხება, რომლითაც რუსები სხვადასხვა ვალდებულების აღებას დათანხმდნენ, რომლებსაც ახლა არ ასრულებენ. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც.“ – განაცხადა კალასმა.
მისი განცხადება განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, ხოლო ევროკავშირი ამ ეტაპზე ფორმალურად პროცესში ჩართული არ არის.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბრიუსელი, როგორც ჩანს, ცდილობს განსაზღვროს ის ჩარჩო, რომლის მიღმაც კონტინენტზე “მდგრადი მშვიდობა“ ვერ იარსებებს და ამ ჩარჩოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც პირდაპირ სახელდება.