რუსეთის უნივერსიტეტებში აფხაზ სტუდენტებს აიძულებენ, სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდნენ
გაზიარება
გაზიარება
რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტები
რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი აფხაზი სტუდენტები იძულებულნი არიან, სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდნენ. ფორმალურად ეს დასაშვებია, რადგან მათ ორმაგი, რუსეთ-აფხაზეთის მოქალაქეობა აქვთ.
თუმცა, აფხაზეთის მთავრობა არ ეთანხმება ამას და ავითარებს სამართლებრივ მექანიზმებს, რათა თავიდან აიცილოს აფხაზი მოქალაქეების რუსეთის ჯარში გაწვევა.
2025 წელს გახშირდა აფხაზეთიდან სტუდენტების იძულებითი რეგისტრაცია რუსეთის სამხედრო სამსახურში – მათ გარიცხვით ემუქრებიან, თუ სამხედრო სამსახურში არ დარეგისტრირდებიან.
ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების შესათანხმებლად და სამართლებრივი ზომების მისაღებად აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ სპეციალური ერთობლივი შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრებმა განიხილეს შესაძლო გადაწყვეტილებები, მათ შორის “აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების“ ფარგლებში.
მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ეს ახალგაზრდები აფხაზეთის მობილიზაციის რეზერვის ნაწილი არიან და უნდა დარეგისტრირდნენ სამხედრო სამსახურში მხოლოდ აფხაზეთში.