რუსული სპეცსამსახურები მსხვილ ინტერნეტ-კომპანიებს მათთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემას აიძულებენ
გაზიარება
გაზიარება
კავშირგაბმულობის რუსმა ოპერატორებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან უცხოურ ინტერნეტ-კომპანიებს დაავალდებულებს, რომ მთელი ინფორმაცია რუსეთში შეინახონ და ამ მომსახურებაში ფული გადაიხადონ.
საქმე ეხება, პირველ რიგში Google-ს, Facebook-სა, Viber-ს, და რამდენიმე უფრო მცირე კომპანიას. თუკი ისინი ახალ მოთხოვნას დაემორჩილებიან — რუსული სპეცსამსახურები მათ ინტერნეტ-ტრაფიკსა და მომხმარებელთა მიმოწერაზე წვდომას მიიღებენ, – იუწყება Reuters.
ახალი კანონპროექტი ადრე რუსეთში მიღებულ ეგრეთ წოდებულ „იაროვას კანონს“ ეფუძნება. ამ კანონის თანახმად, კავშირგაბმულობის ყველა ოპერატორმა 2018 წლის 1 ივლისიდან თავიანთი აბონენტების ყველა ტექსტური შეტყობინება და საუბარი ნახევარი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს. ხოლო 2018 წლის ოქტომბრიდან – ერთი თვის განმავლობაში – მთელი მათი ინტერნეტ-ტრაფიკი უნდა შეინახონ. ეს ინფორმაცია აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, კერძოდ „ფეესბესთვის“, – ნათქვამია კანონში.
რუსეთის კავშირგაბმულობის მსხვილ ოპერატორებს – ისეთებს, როგორიცაა „როსტელკომი“, „ტატელკომი, და „კრიმტელკომი“ – კანონის ამ მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ფინანსების თავიდან ჩადება მოუწიათ. ახლა ისინი სთავაზობენ ახალ სქემას, რომელიც ერთდროულად ორმაგ მიზანს აღწევს: ეს ფინანსურ ტვირთს, კავშირგაბმულობის ადგილობრივი ოპერატორების ნაცვლად, უცხოურ ინტერნეტ-კომპანიებს დააკისრებს, და „ფეესბეს“ მსხვილი სოციალური ქსელების მომხმარებელთა პირად ეკაუნტებსა და ინტერნეტ-მიმოწერაზე წვდომის საშუალებას მისცემს.
ეს სქემა კანონით იქნება გამყარებული, და თუკი უცხოური კომპანიები ამ სქემაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, რუსეთის ხელისუფლებას კანონიერი უფლება მიეცემა, რომ რუსი აბონენტებისთვის მათ ვებგვერდებზე წვდომის სისწრაფე შეამციროს.
„Google, Facebook, Viber (და სხვა უცხოური კომპანიები) – ერთობლივად რუნეტის ტრაფიკის დაახლოებით ორ მესამედს შეადგენენ“, – უთხრა Reuters-ს რუსეთის ინტერნეტის კვლევის სტრატეგიული პროექტების დირექტორმა ირინა ლევოვამ.
მისი აზრით, რუსეთში ტრაფიკისთვის გადასახადის დაკისრება „მათი ბიზნესისთვის სამართლიანი დატვირთვა იქნებოდა“.