რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბრიტანეთს ოცნების დამხობა LGBT და ფემინისტი "ბოევიკების" მეშვეობით სურს
რუსეთის საგარეო დაზვერვა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ამტკიცებს, რომ დიდი ბრიტანეთი “ქართული ოცნების” მმართველობის დასრულებას გეგმავს და ამისთვის შეაგროვეს ასამდე სტუდენტი; ასევე ფემინისტი და LGBT თემის წარმომადგენლები.
СВР-ს მტკიცებით, “ქართულმა ოცნებამ” მთავარ პრიორიტეტად ეროვნული ინტერესები დაისახა, რაც დასავლელ “ლიბერალ-გლობალისტებს” აღიზიანებს.
რას წერს რუსეთის საგარეო დაზვერვა
“რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიურო გატყობინებთ, რომ СВР-ში შემოსული ინფორმაციით, დასავლეთში გაღიზიანებული არიან საქართველოს მისწრაფებით, გათავისუფლდნენ ე.წ. ლიბერალურ-გლობალისტური ძალების თავს მოხვეული მეურვეობისგან, რომელიც უცხოა ქართველი ერის ღირებულებებისთვის. განსაკუთრებით აღაშფოთებთ დასავლეთელებს ის, რომ თბილისი, ჯერ კიდევ მცირე ხნის წინ, მ. სააკაშვილის დროს, იყო “დემოკრატიზაციის ლოკომოტივი” ამიერკავკასიაში, უფრო და უფრო მეტად ბრუნდება “ავტორიტარული გზისკენ”, მთავარ პრიორიტეტად ეროვნული ინტერესების დაყენებით.
საქართველოსთვის ბრძოლას ხელმძღვანელობენ ბრიტანელები. ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ოპოზიციური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რაც მიზნად ისახავს მათი ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას
დესტრუქციული საქმიანობისთვის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოაგროვა ასამდე ახალგაზრდებისა და სტუდენტების, ფემინისტური მოძრაობების, LGBT საზოგადოების სტრუქტურების გაერთიანება.
შემდეგ ეტაპზე ბრიტანელები აპირებენ “დესტრუქციული კრეატივით დამუხტულ” ორგანიზაციებს უბიძგონ ოპოზიციურ პარტიებთან ძალების კონსოლიდაციისკენ. ლონდონის გათვლებით, ამან უნდა “შეაჯანჯღაროს” სისტემური პოლიტიკური ოპოზიცია, გაუხსნას მას “მეორე სუნთქვა” და მოაბილიზოს ახალი ეტაპისთვის ბრძოლაში, რომელიც მიზნად ისახავს მმართველი პარტია ქართული ოცნების ძალაუფლებიდან მოშორებას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობა “აქტივისტებისთვის” დესტრუქციული მეთოდების შესწავლას. მომავალ “ბოევიკებს” შეასწავლიან, როგორ გაუწიონ წინააღმდეგო პოლიციას საპროტესტო აქციების დროს, თავიდან აიცილონ ხელისუფლების “ციფრული” კონტროლი და როგორ მოამზადონ დივერსიები
როგორც ჩანს, ანგლოსაქსებს არანაირად შეუძლიათ შეეგუონ თბილისის მიერ მათ ყურმოჭრილ ვასალთა რიგების დატოვებას. ქართული ოცნების მმართველობა მათ დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს და ლონდონს ფეხებზე ჰკიდია ქართველი ხალხი, რომელმაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ქვეყნის ხელისუფლების ეროვნულ ორიენტაციას.” – ნათქვამია განცხადებაში.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა СВР მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ განცხადებას ავრცელებს. მსგავსი ტექსტების გავრცელება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აქტიურად დაიწყო 2024 წლიდან. ბოლო წლის განმავლობაში ისინი ირწმუნებოდნენ, რომ აშშ საქართველოში რევოლუციას გეგმავდა, ხოლო ევროკავშირი დემონსტრანტებს ყოველდღიურად, პირადად აფინანსებდა.
მანამდე, 7 ივლისს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) განაცხადა, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გადატრიალების გზით გეგმავს. განცხადება СВР-მა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ის დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთის ბრალდებები სრული სიცრუე და აბსურდია.
“და მე უბრალოდ აღვნიშნავ იმ ქვეყნის – რუსეთის – ირონიას, რომელიც უკანონოდ ახდენს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას და ამ აბსურდულ ბრალდებებს სხვა ქვეყნის მიმართ აყენებს.“ – თქვა მაშინ მეთიუ მილერმა.