სომხეთი არ აკეთებს გათვლას აზერბაიჯანთან კონფლიქტში რუსეთის ჩართვაზე
პრემიერმა განაცხადა, რომ სომხეთი არ აკეთებს გათვლას აზერბაიჯანთან კონფლიქტში რუსეთის ჩართვაზე:
„არავის არ აქვს იმედი, რომ რუსეთი კონფლიქტის მონაწილე გახდება, რადგან მოსკოვი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, ის შუამავალია (ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში – JAMnews). ვფიქრობ, რომ რუსეთს კონსტრუქციული როლი ჰქონდა (ზავის მიღწევაში) და მან უნდა იმოქმედოს, როგორც შუამავალმა, აშშ-სა და საფრანგეთთან ერთად“.
რუსულ გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო საომარ მოქმედებებზე საუბრობდა. მან ღიად განაცხადა, რომ კონფლიქტის ინიციატორი თურქეთია, რომელიც, მისი აზრით, რეგიონის უსაფრთხოებისთვის გლობალური საფრთხეა. ის ფიქრობს, რომ თურქეთმა საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე დაიწყო თავისი დესტრუქციული როლის გამოვლენა და სურვილი, რომ დაიკავოს ლიდერის პოზიცია რეგიონში.
● დაღუპულთაცხედრებისჩამოსვენებისშემდეგ, ბაქოშიარეულობებიდაიწყო
საზღვარზე სტაბილიზაციის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა იმის შესახებ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და შედარებით სიმშვიდის დამყარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეუთოს მინსკის ჯგუფის სამივე თანათავმჯდომარე ქვეყანამ (რუსეთი, საფრანგეთი, აშშ). მიუხედავად ამისა, ნიკოლ ფაშინიანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი რუსეთის როლს:
„ჩვენი ინტერესები ბევრ რამეში ძალიან ემთხვევა ერთმანეთს. აქ თამაშდება არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხიც, რადგან ჩვენს რეგიონში სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ ესკალაციამ, შესაძლოა, გლობალური შეტაკებები გამოიწვიოს“.
ეს განცხადებები პრემიერ-მინისტრმა იმ ფონზე გააკეთა, როდესაც სომხეთში აქტიურად განიხილება თურქეთის განცხადება, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თავის მოკავშირეს – აზერბაიჯანს. იმ დროს, როდესაც რუსეთი, სომხეთის სტრატეგიული მოკავშირე, მხოლოდ ტრადიციული მოწოდებებით შემოიფარგლა.
პრემიერმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების დროს, სომხეთმა არ მიმართა დახმარებისთვის იმ სამხედრო ბლოკს, რომლის წევრიც არის.
საუბარია კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაზე, რომელიც რუსეთის ლიდერობით მოქმედებს. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები სიტუაციას დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ და დახმარებას არ საჭიროებდნენ. სომხეთმა თავისი „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრობა მხოლოდ იმაში გამოიყენა, რომ ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს ინფორმირება მოახდინა არსებული ვითარების შესახებ“.
რატომ ესროდა აზერბაიჯანი სომხეთს და არა ყარაბაღს
ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანისთვის რთული იყო მთიანი ყარაბაღის მხრიდან შეტევა. საქმე ისაა, რომ იქ, დაპირისპირების ხაზთან, აზერბაიჯანელებით დასახლებული ბევრი პუნქტია.
ამას გარდა, ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანელი სამხედროები საქმის კურსში არიან, რომ ყარაბაღში დაპირისპირების ხაზი აღჭურვილია ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით და ის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნებისმიერ გადაადგილებას აფიქსირებს.
„ისინი გვიტევდნენ იქ, სადაც საზღვარი ასეთი აღჭურვილი არ არის ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით. ამავდროულად, ამ მიმართულებით მხოლოდ ერთი აზერბაიჯანული სოფელია, სომხური სოფლები კი ძალიან ბევრია. ვფიქრობ, ეს ხსნის, რატომ მოხდა თავდასხმა ამ მიმართულებაზე“.
ფაშინიანს მიაჩნია, რომ ეს მიმართულება იქნება თუ სხვა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი იძულებულია ძალა გამოიყენოს, მით უფრო, რომ მან საკუთარ მოქალაქეებს მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამხედრო გზით მოგვარების პირობა მისცა:
„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რამდენიმე მილიარდი დოლარი დახარჯა შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის. დროდადრო ალიევს უწევს ახსნა, რატომ არ დაიხარჯა ეს ფული მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, თუკი კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტა არ ხდება“.
მოსკოვში სომხებისა და აზერბასიჯანელების შეტაკებებზე
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო ვითარების გამწვავების ფონზე, გასულ კვირას არეულობები მოხდა რუსეთის დედაქალაქში. სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ვიდეო, თუ როგორ ესხმიან თავს ერთმანეთს ორი დიასპორის წარმომადგენლები. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთში შეტაკებების მოთავეები სომხები არ ყოფილან.
ფაშინიანის თქმით, მოსკოვში ამ სიტუაციის მიზეზი ის გახდა, რომ თავიდან რუსეთის სუპერმარკეტებში, რომლებიც აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს ეკუთვნით, დაიბლოკა სომხური საქონლის შეტანა. ამის შემდეგ კი შეჯახებებიც დაიწყო:
„ეს სხვა არაფერია, თუ არა სიძულვილის რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მიმართავენ აზერბანიჯანში. მოდი შევადაროთ სომხეთის ყველა ხელისუფლების რიტორიკა – აზერბაიჯანის ხელისუფლებისას. დავინახავთ, რომ სომხური მხრიდან რიტორიკაში სიძულვილი არაა. დიახ, არსებობს პრინციპები, არის გარეკვეული მოსაზრებები, გარკვეული წარმოდგენები, მაგრამ არა – სიძულვილი“.
მოსკოვში განვითარებული ბოლო მოვლენები ფაშინიანმა შეადარა რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობას, საერთაშორისო კონფლიქტების არენად მის გადასაქცევად.
ამ საკითხში ერევბნის პოზიცია, პრემიერის სიტყვებით, ერთმნიშვნელოვანია: არ შეიძლება ამ პროვოკაციებზე წამოგება, რადგან რუსეთის სტაბილურობა – სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფაქტორია სომხეთისთვის:
„ყველა ადამიანი, ვინც რუსეთში ცხოვრობს, ვალდებულია დაიცვას რუსეთის ფედერაციის კანონები და წესრიგი. აზერბაიჯანის მხარის ქცევა დაუშვებელია არა მხოლოდ პოლიტიკურ და საკანონმდებლო ასპექტში, არამედ მორალური თვალსაზრისითაც“.