მოსაზრება: (რუბიოს) ზარი ირანთან ომის ფონზე, გასაგებია რასაც ნიშნავს - არ დაგვინახავს გადატვირთვის ახალი ნიშანი
რუბიო და კობახიძე
“ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზარი ირანთან ომის ფონზე იმის ნიშანია, რომ რომ რეგიონში მძიმე ვითარებაა, ხოლო “გადატვირთვის” ახალი ნიშანი არ არსებობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახდეპის განცხადებით, მხარეებმა საერთო ინტერესის მქონე საკითხები განიხილეს, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში.

ლაშა ტუღუში: “შავი ზღვის რეგიონში ვიცით, რაც ხდება. ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ძალიან მძიმე ომი. ასევე, არის მეორე ძალიან მძიმე კონფლიქტი, რომელიც დაკავშირებულია ირანთან. ავიღოთ სახაზავი და პირდაპირი ხაზი გავავლოთ – რა მანძილზეა საქართველოდან ირანი. ძალიან ახლოა ეს ორი სახელმწიფო. გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად გასაგებია, ასეთი ზარი მით უმეტეს იმიტომ, რომ ვითარება ირანთან მიმართებით, პერსპექტივაში, კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაიძაბოს. მაგალითად, სახმელეთო ოპერაცია განხორციელდეს ან კიდევ უფრო მძიმე დაბომბვა მოხდეს.
ბუნებრივია, სამეზობლო აშშ-სთვის, რომელიც ამ ვითარებაში მთავარი აქტორია, მნიშვნელოვანია. მიკვირს, რატომ არ არის ვიზიტები, იმდენად სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, როგორც მსოფლიო, ისე აშშ. აქამდე ველოდი, რომ რაღაც ასეთი ტიპის ვიზიტი მოხდებოდა, სწორედ ამ საკითხთან მიმართებით, რადგან საქართველოს, გარკვეულწილად, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს მხოლოდ ამაზე მეტყველებს. არავითარ შემთხვევაში არ დაგვინახავს გადატვირთვის ახალი რაღაც ან ძველი ხარისხით თანამშრომლობის, რაიმე ნიშანი.
ჩვენ ვიყავით ძალიან სერიოზულ ურთიერთობაში აშშ-სთან. სტრატეგიული თანამშრომლობა გვქონდა გაფორმებული. სად არის ეს ურთიერთობები? ერთი ზარი ომის ფონზე, გასაგებია, რასაც ნიშნავს. ამიტომ, მე ვერ ვიქნები ოპტიმისტი ამ თვალსაზრისით. არც შეიძლება იყო ოპტიმისტი. გადატვირთვა ბევრ სფეროში ურთიერთობას გულისხმობს, დაწყებული დემოკრატიის სფეროდან, დამთავრებული, მათ შორის, უსაფრთხოების. არ დაგვინახავს არაფერი კონკრეტული, გარდა სატელეფონო ზარისა, რომელიც არ გულისხმობს იმას, რასაც ახლა ცდილობენ, რომ ამაში ჩადონ. ცხადია, “ოცნებას“ ვგულისხმობ.
ძალიან რთულია, ვისაუბროთ იმ კონკრეტულ მოქმედებაზე, რისი შინაარსიც ბოლომდე არ ვიცით. ძალიან ძნელია დეტალებზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, მარტო პოლიტიკასთან არ იქნება დაკავშირებული, ასევე, უსაფრთხოების საკითხებთანაც. არ მინდა ვისაუბრო იმასთან მიმართებით, რისი სრული ინფორმაცია არ მაქვს.
გარკვეულ ტენდენციებზე შეგვიძლია საუბარი. ამ კონკრეტული ზარის შინაარსზე საუბარი გაგვიჭირდება. ურთიერთობების იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ბოლოს ჰქონდა ირანთან, იმ გაფუჭებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს დასავლეთთან აქვს, ბუნებრივია, კითხვები გიჩნდება, რომ შესაძლოა, გარკვეული იმპულსები იყოს ამ მიმართულებით.
როდესაც ხვდები „ჰამასის“ ლიდერს, [თბილისის ანძას] აფერდებ ირანის დროშის [ფერებით], ვფიქრობ, რომ ესეც არაგონივრული და მეტიც, უგუნური პოლიტიკაა. იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება, იმ დინამიკურ ურთიერთობებში, აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯები იყო გადადგმული. კიდევ უფრო გაამწვავა ეს ურთიერთობები და ამის დემონსტრაცია ხდებოდა.
თუ დავუშვებთ იმას, რომ მეტი ესკალაცია მოხდება, ცხადია, ამ მოცემულობებიდან, ბევრი ეჭვი არსებობს, რომ საქართველომ შეიძლება დაიკავოს ასეთივე პოლიტიკა. ეს იქნება იმდენად მძიმე შეცდომა, რომ შეიძლება, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით მძიმედ დაუჯდეს საქართველოს. ეს არ არის თამაში, რომ ვიღაც ადამიანი დაჯდა და კაბინეტში დაიწყო “დურაკას“ თამაში. ეს საბავშვო თამაში არ არის, ძალიან სერიოზული საკითხია. მაგ მიმართულებით თუ გადაიდგა ნაბიჯი, ვგულისხმობ ირანის მხარეს რაიმე ნაბიჯს, არ ვიცი, როგორი იქნება ეს – ფაქტობრივი, სიმბოლური თუ… ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება ძალიან მძიმედ დაგვიჯდეს.”