როგორ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას? სკანდალი სკოლის სახელმძღვანელოების გამო
ისტორიის სახელმძღვანელო
საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელო საინფორმაციო გამოშვებების ფოკუსში მას შემდეგ მოექცა, რაც ფეისბუქზე გავრცელდა წიგნის ერთ-ერთი გვერდის ფოტო, რომელზეც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. სახელმძღვანელოში ივანიშვილი მოხსენიებული იყო “ქველმოქმედად და მეცენატად”.
პოლიტიკური ნიშნით უკიდურესად პოლარიზებულ ქართულ საზოგადოებაში, ქვეყნის არაფორმალური მმართველის ისტორიის წიგნში მოხსენიებამ, მძაფრი დისკუსია გამოიწვია მედიასა და სოციალურ ქსელებში.
ამას გარდა, კრიტიკულმა მკითხველებმა წიგნში სხვა სადავო ჩანაწერებიც აღმოაჩინეს, რომლებიც საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს – 2008 წლის აგვისტოს ომსა და ვარდების რევოლუციას ეხება. ისინი ამბობენ, რომ ომი პრორუსული ნარატივით არის გაშუქებული.
შედეგად, ბოლო რამდენიმე დღეა, ისტორიის წიგნების გარშემო დისკუსია არ წყდება. ოპოზიციურმა მოძრაობა „დროამ“ სახელმძღვანელოს სასკოლო პროგრამიდან ამოღების მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობაც წამოიწყო.
რა პრობლემას ხედავენ წიგნში კრიტიკოსები და რას პასუხობენ მათ წიგნის ავტორები და მათი დამცველები – JAMnews-მა ორივე მხარის მთავარი არგუმენტები შეაგროვა.
რომელი სახელმძღვანელოები და მონაკვეთები გახდა სადავო?
სადავო გახდა მე-9 კლასის ისტორიის ორი სახელმძღვანელო.
მათგან ერთი, გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ არის გამოცემული, მეორე – “ლოგოს პრესის”. ორივე გრიფირებულია.
“ლოგოს პრესის” გამოცემულ წიგნს გრიფი 2021 წლის ზაფხულში მიენიჭა, “დიოგენეს” გამოცემულს კი გასულ წელს.
ამ სახელმძღვანელოებით ისტორიის შესწავლა მე-9 კლასის მოსწავლეებმა მიმდინარე, 2021 სასწავლო წელს დაიწყეს. ანუ, თითქმის ნახევარი წელია, მოსწავლეები ამ წიგნებით სწავლობენ.
სახელმძღვანელოში სადავო რამდენიმე მონაკვეთი გახდა – ინფორმაცია პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე ბიძინა ივანიშვილზე, 2003 წლის “ვარდების რევოლუციასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე.
კითხვებს იწვევს შერჩეული ტერმინები, შეფასებები და ინტერპრეტაციები, რაც ზოგი მოვლენის აღწერისას იკითხება.
სადავო მონაკვეთები უფრო მეტია “დიოგენეს” სახელმძღვანელოში.
რა წერია ბიძინა ივანიშვილზე?
ბიძინა ივანიშვილზე საუბარს სახელმძღვანელოში წინ უსწრებს წინადადება, რომელიც ასკვნის, რომ საქართველოში “დემოკრატიულმა ტენდენციებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო”. ამის დასტურად სახელდება 2012 საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტიამ”ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა და გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”.
შემდეგ სახელმძღვანელოს ავტორები ჰყვებიან, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდა “ქველმოქმედი და მეცენატი” ბიძინა ივანიშვილი.
შემდეგ წინადადებაში კი ვკითხულობთ, რომ “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ქვეყნის “ევროპაში ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა”. ამის დასტურად ისტორიკოსებს მოჰყავთ ის ფაქტი, რომ 2014 წელს საქართველომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი.
“მთავრობის მეთაური, პრემიერ – მინისტრი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა”, – ვკითხულობთ მე-9 კლასის ისტორიის წიგნში.
ბევრისთვის უახლესი ისტორიის მსგავსი სახით. ფორმულირება მიუღებელი აღმოჩნდა.
“ლოგოს პრესის” ისტორიის წიგნში, სიტყვა მეცენატი არ გვხვდება, აქ ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც “ბიზნესმენი, ქველმოქმედი და პოლიტიკოსი”.
ბიძინა ივანიშვილზე ჩანაწერს ვხვდებით ქვეთავში “საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია”. ამ ქვეთავის შესავალში ვკითხულობთ, რომ 2012 წელს 1 ოქტომბრის, საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის შემდეგ, “ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა დასავლური კურსი, რაც გამოიხატება სახელმწიფოს სწრაფვით ნატოში გაწევრიანებისა და ევროპაში ინტეგრაციისკენ”.
რას ამბობს სახელმძღვანელო აგვისტოს ომზე?
გამომცემლობა “დიოგენეს” სახელმძღვანელოში, ქვეთავში “რატომ დაიწყო 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომი” ნათქვამია, რომ 2003 წლის შემდეგ, საქართველოს სწრაფვა ევროპისა და ნატოსკენ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რუსეთი კი უშედეგოდ ცდილობდა ამ პროცესის ხელშეშლას. საუბარია გახშირებულ პროვოკაციებზე და ნათქვამია, რომ:
“ 2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით ცოცხალი ძალა შემოიყვანა”.
კრიტიკოსები პრობლემას ხედავენ იმაში, რომ წიგნის თანახმად, რუსეთი საქართველოს ქმედებების მოპასუხე გამოდის, რადგან ჯარები შეიყვანა მას შემდეგ, რაც ცხინვალში საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდნენ.
ამ ქვეთავის დასასრულს, სახელმძღვანელო მოსწავლეებს სთავაზობს იმსჯელონ შემდეგ კითხვაზე: “დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა”.
სახელმძღვანელოს კრიტიკოსებისთვის ეს კითხვაც პრობლემურია, რადგან კითხვაშივე მიანიშნებს დაშვებულ შეცდომაზე.
კრიტიკოსების შეფასებით, 2008 წლის ომზე “დიოგენეს” ისტორიის სახელმძღვანელოში გადმოცემული ინფორმაცია პრორუსულ ნარატივს ატარებს, – წიგნი არ ამბობს, რომ “ომი საქართველომ დაიწყო”, თუმცა მიუთითებს, რომ სააკაშვილის ქმედებებმა უბიძგა რუსეთს ცხინვალში ჯარი შეეყვანა”.
რას ვკითხულობთ “ვარდების რევოლუციაზე”?
მიხეილ სააკაშვილისა და “ვარდების რევოლუციის” შესახებ “დიოგენეს” სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ ახალმა მთავრობამ მოახერხა კორუფციის დაძლევა, გატარდა რეფორმები, დიდი დარტყმა მიადგა კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს.
შემდეგ კი, ისევ შეფასებითი ტექსტია მოყვანილი, რაც ბევრისთვის სადავო გახდა:
“კორუფციასა და კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა“.
იყო გადაცდომებიც – კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად დაიწყო გარკვეული დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დასჯილან, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია.
სასამართლოში საქმეების 99%-ს პროკურატურა იგებდა. ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვეოდა”.
რა არგუმენტები აქვთ სახელმძღვანელოების კრიტიკოსებს
ოპოზიციური პარტია “დროას” ლიდერები აღნიშნავენ, რომ სახელმძღვანელო პროპაგანდისტულია და “ქართული ოცნების” მესიჯებსა და დღის წესრიგს არის მორგებული. “დროამ” სახელმძღვანელოში “ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო”, ფეისბუკზე საპროტესტო მოძრაობის დაწყება დააანონსა.
მხოლოდ პოლიტიკოსები არ არიან სახელმძღვანელოების კრიტიკოსებს შორის.
ისტორიკოსი ბექა კობახიძე, რომელსაც წაკითხული აქვს სადავო სახელმძღვანელოები, ამბობს, რომ ამ სახელმძღვანელოს ვერ უწოდებდა “პროპაგანდისტულს”, თუმცა “ეშმაკი დეტალებში იმალება”. “უცნაური” დეტალი კი, მისი თქმით, ამ წიგნებში ბევრია, რაც მას ტენდენციურს ხდის.
მაგალითად, საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებაზე საუბრისას, სააკაშვილის მმართველობის დახასიათების შემდეგ, მოცემულია ვინმე რიტა სააკიანის ინტერვიუ, რომელიც იტალიურ ეზოში ცხოვრობს. ისტორიკოსს არ სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა.
კობახიძის აზრით, ასეთი “დეტალია” მიხეილ სააკაშვილის ფოტოც – ნახევრად ფხიზელი გამომეტყველების: “ეს ნამდვილად არ არის სააკაშვილის არა თუ საუკეთესო, არამედ საშუალო სტატისტიკური ფოტოც კი. მაშინ როცა, ბიძინა ივანიშვილის ფოტო არის მოსაწონი“.
ბექა კობახიძე ამბობს, რომ “ვარდების რევოლუციისგან” მოპარულია ეკონომიკური და სოციალური მიღწევები, მოდერნიზაციის შედეგები.
“ჩემი აზრით, სამართლიანად, ერთ აბზაცში არის ჩატეული ვარდების ხელისუფლებისადმი მიმართული კრიტიკა და იქ ყველაფერი ნორმალურად წერია, მაგრამ ვარდების ხელისუფლების მიღწევები კრიმინალისა და კორუფციის დამარცხებამდე არის დაყვანილი. მეტი იქ არაფერი წერია“.
კობახიძის აზრით, საინტერესოა დაკვირვება, როგორ არის წარმოჩენილი ლიდერების როლი – სად პიროვნული ფაქტორია ხაზგასმული და სად – არა.
“მაგალითად, შევარდნაძეზე უშუალოდ და პიროვნულად წერია რომ მის დროს მოხდა არაერთი საგარეო პოლიტიკური გარღვევა. ხოლო სააკაშვილის პერიოდზე წერია, რომ 2004 წელს ევროკავშირმა ახალი სამეზობლო სტრატეგია შეიმუშავა (ანუ ევროკავშირმა შეიმუშავა და არა საქართველომ მიაღწია). დაიწყო ნატოსთან ინტენსიური თანამშრომლობაო და იქვე ფრჩხილებში წერია, რომ განაცხადი შევარდნაძემ გააკეთა; ივანიშვილის პერიოდზე წერია, რომ ქვეყანამ განაგრძო პროდასავლური კურსი და ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თუმცა აქ უკვე აღარ წერია ფრჩხილებში, რომ ეს შეთანხმება სააკაშვილის დროს მომზადდა”.
ბექა კობახიძისთვის საკამათოა ჩანაწერი აგვისტოს ომზეც:
“ტალიავინის დასკვნაზე არის თხრობა აგებული. მე მაინტერესებს, ამ ნარატივს იზიარებს ქართული სახელმწიფო ან უნდა იზიარებდეს? თხრობის მიხედვით, ოსი სეპარატისტები ესროდნენ ქართულ სოფლებს, სააკაშვილმა შეიყვანა ჯარები და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდნენ რუსები. როგორც ისტორიკოსი არა, როგორც მოქალაქე ვკითხულობ, ეს პოზიცია აქვს ქართულ მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე?“
როგორ პასუხობენ კრიტიკას სამინისტრო, წიგნების გამომცემლები და ავტორები
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო კრიტიკას არ იზიარებს. პოზიციაში, რომელიც უწყებამ წერილობით გაავრცელა, ნათქვამია, რომ საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად:
“სახელმძღვანელოებში საუბარია დამოუკიდებლობის წლების ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ. შესაბამისად, ბუნებრივია, საუბარია იმაზეც, რომ 2012 წელს ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა. ასევე, მკაფიოდ ხაზგასმულია ქვეყნის დასავლური კურსის უცვლელობა, რაც განამტკიცა „ასოცირების შესახებ შეთანხმებამ”, – ნათქვამია სამინისტროს პოზიციაში.
“დიოგენეს” სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა ავტორმა ნატა ახმეტელმა ვრცელ ფეისბუკ პოსტში თქვა, რომ აგვისტოს ომის შესახებ ჩანაწერში პრობლემას ვერ ხედავს. ახმეტელი ციტირებს სახელმძღვანელოდან ომზე გაკეთებულ ჩანაწერს და კითხულობს:
“და ოსური სამხედრო ფორმირებების უკან რომ რუსეთი იდგა, არ ჩანს ამ ტექსტიდან?“
რაც შეეხება კითხვას – დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართულ სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა? ახმეტელი წერს, რომ ეს სადისკუსიო კითხვაა, მოსწავლემ უნდა გამოხატოს პოზიცია, იმსჯელოს:
“დისკუსიის დაწყება რომელიმე პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავს? რატომ გგონიათ, რომ ბავშვი აუცილებლად დადებითად უპასუხებს და არა პირიქით? ეს ხომ სადისკუსიო კითხვებია ისევე, როგორც, სხვა მრავალი ისტორიაში?“
უნდა ისწავლებოდეს თუ არა უახლესი ისტორია?
ისტორიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ სახელმძღვანელოს ავტორებისადმი მიმართული კრიტიკა, დაუმსახურებელია. პირიქით, მათ სოლიდარობა სჭირდებათ, რადგან თუ მათ მხარდაჭერა არ ექნებათ, რამდენიმე წელიწადში, ადამიანი, რომელიც ისტორიას დაწერს, არ დარჩება.
ისტორიკოსი, მეცნიერი, დავით ჯიშკარიანი JAMnews-თან ამბობს, რომ ის დისკუსია, რაც ახლა სახელმძღვანელოების ირგვლივ დაიწყო, სინამდვილეში, პოლიტიკურია და არა მეცნიერული:
“ყველა სახელმძღვანელო, რომელიც აქამდე გამოსულა საქართველოში, მისი ბოლო თავი, რომელიც უახლეს ისტორიას ასახავს, იწერება იმ რიტორიკით, როგორიც ეს სახელმძღვანელოა. არ არსებობს აქამდე გამოსული ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც ბოლო თავს წერდა შორი, დაცილებული პერსპექტივიდან“.
იმავეს გვეუბნება “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” (SOVLAB) მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი:
“ბოლო 10-12 წლის პროცესების გარშემო იმდენად დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, იმდენად ცხელი თემაა, ვერავინ დაწერს ისეთი ფორმულირებით, რასაც კითხვები და უკმაყოფილება არ მოყვება. იმიტომ, რომ იმთავითვე პოლიტიკურია მიმდინარე პროცესების შეფასება, ანალიზის მცდელობა. ვერ გაექცევი სუბიექტურობას, რადგან დისტანცია არ გაქვს, არ გაქვს საშუალება, ამ პროცესებზე, როგორც დასრულებულზე, ისე იმსჯელო”.
ისინი სხვა კითხვებს სვამენ. მათი თქმით, მთავარი სადისკუსიო უნდა იყოს – უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში უახლესი ისტორია?
“თუ არ უნდა ისწავლებოდეს, მაშინ რა უნდა ვუყოთ უახლეს ისტორიას?” – ამბობს დავით ჯიშკარიანი.
პუბლიცისტი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ “პრინციპულად დაუშვებელია სკოლის სახელმძღვანელოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და მისი მონაწილე აქტორების შეფასება”.
ზურაბიშვილის აზრით, მიმდინარე პროცესში ყოველთვის არის არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა, არამედ ძალიან მწვავე დაპირისპირებები:
“ამ ვითარებაში ნეიტრალური ტექსტი უბრალოდ ვერ დაიწერება და ყველა შეფასება იქნება ინდოქტრინაცია და ბავშვებისთვის რომელიმე მხარის თვალსაზრისის თავსმოხვევა. ახლა ისიც გავითვალისწინოთ, რომ რომელიღაც მასწავლებელი ნაცი იქნება, რომელიღაც ქოცი და ვინ რა ინტერპრეტაციით მიაწვდის სასკოლო მასალას ბავშვებს, ადვილი წარმოსადგენია. ამიტომ, სასკოლო სახელმძღვანელოში პრინციპულად არ უნდა ფიგურირებდეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შემადგენელი მოვლენებისა და პერსონების შეფასებები”.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სახელმძღვანელო უნდა მთავრდებოდეს ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით:
“რადგან დანარჩენ პერიოდს მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასებისთვის (მთლად ობიექტური ისტორია არასდროს არ არის) აუცილებლად სჭირდება მეტი დროითი დისტანცია. ამ პერიოდის მომსწრე-მონაწილეები დღესაც ცოცხლები არიან, ბევრი მათგანი მოქმედი პოლიტიკოსია და მათი საქმიანობის ინტერპრეტაციები დღემდე იწვევს ცხარე კამათს და ლამის კონფლიქტებს”.
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ საერთო ეროვნული სასწავლო გეგმით და სტანდარტით უნდა იყოს გათვალისწინებული როდესაც უახლეს ისტორიაზე ვსაუბრობთ, საიდან ვიწყებთ და სად ვამთავრებთ:
“რა სჭირდება მოსწავლეს, რა ინფორმაციით აღჭურვილი უნდა გამოვიდეს ამ კლასიდან, რა საბაზისო ცოდნა და უნარები უნდა გამოიტანოს? როდესაც მას ვთავაზობთ საკამათო და პოლიტიზებულ თემაზე ჰქონდეს ცოდნა, ეს ვერაფრით მოხდება ამ საგნის ფარგლებში, ეს უფრო მიემართება სამოქალაქო განათლებას, დამატებით არასასკოლო აქტივობებს, რომ ამ ასაკის და კლასის მოსწავლეს ესმოდეს მის ირგვლივ ამ წუთას რა პროცესები მიმდინარეობს და როცა რამდენიმე წელიწადში მოქალაქის უფლებებით აღიჭურვება, შემდეგ სად არის მისი ადგილი ამ პროცესებში“.
როგორ ვსწავლობთ ისტორიას?
“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” გასულ წელს იკვლევდა, თუ როგორ ისწავლება სკოლებში საბჭოთა ისტორია. შეეხნენ უახლეს ისტორიასაც.
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ქართულ სკოლებში ძველი და შუა საუკუნეების ისტორიას გაცილებით მეტი დრო ეთმობა, ვიდრე მე-19 და მე-20 საუკუნეებს:
“მაშინ, როდესაც ბოლო საუკუნეების დროს მომხდარის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გასააზრებლად თუ სად ვართ დღეს, რა გამოწვევები გვაქვს და სად არის ჩვენი ადგილი. ის განზომილება, ის პრობლემები, სადაც ვართ, არაფრით გამომდინარეობს იქიდან, თუ რა ხდებოდა მე-9 ან მე-12 საუკუნეში. როცა შენ [სახელმწიფო] ამას უგულებელყოფ, ყველაზე ნაკლებ დროს უთმობ, მოსწავლე, რომელიც ამთავრებს სკოლას და ხდება სრულფასოვანი მოქალაქე, დეზორიენტირებულია, არ ესმის რა არის თანამედროვე სახელმწიფო, რა არის ჩვენთვის მთავარი საფრთხეები, სად ვართ, სად არის ჩვენი ადგილი” – ამბობს ხვადაგიანი.
მისი თქმით, ეს პირველ რიგში, ეხება რუსეთის საკითხის გააზრებასაც:
“რა ცოდნას ვაძლევთ სასკოლო სახელმძღვანელოებით რუსეთის, როგორც ყველაზე ძლიერი საფრთხის შესახებ, როცა ჩვენთან ისტორიის სწავლების მთელი სიმძიმის ცენტრი აღმოსავლურ ექსპანსიაზეა გადატანილი?!” – კითხულობს ისტორიკოსი.
ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ ბოლო ორ საუკუნეზე, რომელიც უფრო აქცენტირებულად უნდა ისწავლებოდეს, არ არსებობს საკმარისი მეცნიერული ცოდნაც:
“სერიოზული ვაკუუმი გვაქვს. ჩვენი წარმოსახული, სასურველი სახელმძღვანელო რომ გვქონდეს და ასეთი პრეტენზიები აღარ ისმოდეს, შესაბამისი, საკმარისი და საკმარისზე მეტი ცოდნა უნდა არსებობდეს. მაგრამ, ვერ ნახავთ თემას ამ პერიოდიდან, რომელზეც იტყვი, რომ ამაზე ახალი, მწყობრი, ფუნდამენტური ცოდნა, ნაშრომები, დოკუმენტები, წყაროები არსებობს. სრული კატასტროფაა ამ კუთხით“.
დავით ჯიშკარიანიც იზიარებს ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სამეცნიერო ნაშრომები და სერიოზული კვლევები ამ მიმართულებით ძალიან ცოტაა, რაც ფინანსების პრობლემასაც უკავშირდება:
“კარგი იქნებოდა, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამაზე აპელირებენ, რომელი მხარიდანაც არ უნდა იყვნენ, ერთხელ მაინც სადმე იტყოდნენ, რა ფინანსებს იღებს ისტორიული მეცნიერება იმისათვის, რომ კვალიფიციური კვლევები ჩაატაროს. სახელმძღვანელო იკვებება სამეცნიერო კვლევებით, სამეცნიერო კვლევებს კი არავინ აფინანსებს. შესაბამისად, ავტორებს არ აქვთ ბევრი დოკუმენტი, წყარო, მასალა, საიდანაც ისინი მოკლე ანალიზს გააკეთებენ“.
კიდევ ერთი პრობლემური რგოლი ამ ჯაჭვში ისტორიკოსების თქმით, სკოლის მასწავლებლები არიან:
“ბეჭდური სახის სახელმძღვანელო არის ორიენტირი, რომელსაც უნდა ავსებდეს სხვა კომპონენტები – პედაგოგი, დამატებითი რესურსები, ბაზები, დოკუმენტური ფილმები, ტურები და ა.შ. ამ მხრივაც ჩიხური მდგომარეობაა – არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ, მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს, ამაზე ყველა ჩუმდება, იმიტომ რომ ამას დიდი რესურსი სჭირდება და რაც მთავარია, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის”, – გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი.
რა არის პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის?
“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“, – იმ დისკუსიასა და ვნებათაღელვას, რას ისტორიის წიგნებმა გამოიწვია, ასე უპასუხა საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ:
“[სახელმძღვანელოს] აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაულიც აღიარებული იქნება ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება ფაქტების კონსტატაცია“.
“ქართული ოცნების” წევრმა სოზარ სუბარმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ თავადაც ისტორიკოსია და კარგად ესმის ისტორიის მნიშვნელობა, განაცხადა, რომ სახელმძღვანელოს “მოღალატეებზე აკლია ჩანაწერი”:
“ისტორია მხოლოდ გმირებს არ იცნობს, იცნობს მოღალატეებსაც. ამიტომ, ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს იმ მოღალატეების სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, საქართველოს ტერიტორიების 22 პროცენტის ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია“.
მანვე თქვა, რომ დიახ, ” ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, მას 900-ზე მეტი ეკლესია აქვს გადარჩენილი და აღდგენილი. ერთი ადამიანი ამაზე დიდ საქმეს ვერცერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს”.
მმართველი პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც პარლამენტში განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობს, თქვა, რომ ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან:
“როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აქცენტს აკეთებს იმაზე, ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე ისტორიაში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გვერდით უნდა იყოს თუ არა ნახსენები, იბრძვიან არა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემები ამოღებული იყოს წიგნიდან, არამედ იმისთვის, რომ ამ ადამიანის როლი ამოიღონ ისტორიიდან”.