როგორ ვიქცეთ რუსეთის ნაწილად
სამხრეთ ოსეთში ხმაურია; ყოველ შემთხვევაში – სოციალურ ქსელებში. კამათი გამოიწვია პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის ინიციატივამ, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციიის მეათე მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს. ამ ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტს მიეცემა უფლება, პირადად მიმართოს რუსეთს თხოვნით, ცალკე სუბიექტის სახით მიიღოს სამხრეთი ოსეთი თავის შემადგენლობაში.
პუტინი ყოყმანობს
2016 წლის აპრილის დასაწყისში პრესკონფერენციაზე თიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ერთად მან იმსჯელა იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, მოსკოვს სამხრეთი ოსეთის რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთ რესპუბლიკად მიღების საკითხი განეხილა.
‘ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად ვიმსჯელეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ეს სამხრეთი ოსეთის შიდა საკითხია. ეს საკითხი იურიდიულ გააზრებას საჭიროებს და მისი რეალიზებისთვის სამხრეთი ოსეთის კონსტიტუციაში იმ ცვლილებების შეტანაა აუცილებელი, რომელთა მიხედვითაც რეფერენდუმი ჩატარდება,’ – განაცხადა თიბილოვმა.
თიბილოვის აზრით, თუკი სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტი მიიღებს უფლებას, მიმართოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს წინადადებით, შეიქმნას ერთიანი მაკავშირებელი ორგანო, ‘რუსეთი იმ პოლიტიკური რისკებისგან გათავისუფლდება, რაც პირდაპირ შესვლის შემთხვევაში შეიძლებოდა გაჩენილიყო.’
ლეონიდ თიბილოვმა დაბეჯითებით აღნიშნა, რომ რეფერენდუმი უახლოეს მომავალში ჩატარდება – ‘არა ერთი, ან ორი წლის შემდეგ, არც ნახევარი წლის შემდეგ – გაცილებით ადრე’.
ორ კვირაში, 14 აპრილს ვლადიმირ პუტინმა თავის ოს კოლეგას პირდაპირ ეთერში შეუსწორა ნათქვამი:
‘ეს თემა [რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხი] სამხრეთი ოსეთის ხელმძღვანელთან არ განგვიხილავს. მან… თქვა, რომ სამხრეთი ოსეთის ხალხს ასეთი რეფერენდუმის ჩატარება სურს. მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, რა
იქნება ამ რეფერენდუმის საფუძველი და როგორი იქნება საბოლოოდ შეკითხვების ფორმულირება. სწორედ ამის გათვალისწინებით ვიფიქრებთ მომავალში.’
სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი
დაახლოებით ერთი კვირის წინათ, 20 აპრილს თიბილოვის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ორი შეკითხვა, რომელთა გატანაც პრეზიდენტს პლებისციტზე სურს.
• ‘თანახმა ხართ თუ არა, რომ კონსტიტუციის მეათე მუხლში დამატება შევიდეს’;
• ‘თანახმა ხართ თუ არა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მივმართოთ თხოვნით, სამხრეთი ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობა მიიღოს.’
პრეზიდენტი საზოგადოებას სთავაზობს, რომ კონსტიტუციის მეათე მუხლს შემდეგი აბზაცი დაემატოს.
‘1992 წლის 19 იანვრის საერთო-სახალხო არჩევნების (რეფერენდუმის) საფუძველზე, სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტთან შეთანხმებით, უფლებამოსილია, მიმართოს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას წინადადებით, მიიღოს სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტის სახით და რუსეთის ფედერაციასთან დადოს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა.’
კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით, ‘სამხრეთ ოსეთს აქვს უფლება, კავშირი დადოს სხვა სახელწიფოებთან და შემაკავშირებელ ორგანოებს საკუთარი უფლებამოსილებების ნაწილი გადასცეს.’
რეფერენდუმის შედეგები არაფრით დაავალდებულებს მოსკოვს გადაწყვეტილების მიღების საკითხში, რადგან კონსტიტუციის ცვლილება სამხრეთი ოსეთისთვის შიდა განხილვის საკითხს წარმოადგენს. ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ‘ამგვარი ზომა მოგვცემს იურიდიულ საფუძველს იმისთვის, რომ სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თუნდაც ხანგრძლივი პროცედურა დაიწყოს… ‘
ბრძოლა მონოპოლიისთვის
პრეზიდენტის ინიციატივას მაშინვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. სოციალური ქსელების სამხრეთ ოსურ სეგმენტებში განაცხადეს, რომ კონსტიტუცია ისედაც აძლევს რესპუბლიკის ხელისუფლებას საშუალებას, შექმნას მაკავშირებელი ორგანო, ან ნებისმიერი მაკავშირებელი გაერთიანება, რომელსაც შეიძლება, ხელისუფლების უფლებამოსილებების ნაწილიც კი გადაეცეს. ამიტომ, თიბილოვის გეგმები უბრალოდ რეფერენდუმის თემის მონოპოლიზებისა და ოსი ხალხის ბედის ერთპიროვნული გადაწყვეტის მცდელობაა.
პრეზიდენტის მთავარმა ოპონენტმა, პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც 2012 წლიდან მის მიერვე შექმნილი პარტია ‘ერთიანი ოსეთის’ საშუალებით რუსეთში შესვლის იდეას ლობირებს, უკანონოდ მიიჩნია არა რეფერენდუმი, არამედ შეკითხვების ფორმულირება.
ბიბილოვის აზრით, რეფერენდუმი უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხზე უნდა გაიმართოს.
‘როგორც სამხრეთი ოსეთის მოქალაქე და როგორც პარლამენტის სპიკერი, ვერ ვხედავ და არ ვაღიარებ სხვა გზას, გარდა რეფერენდუმისა, რომელზეც ხალხს ჰკითხავენ, უნდა თუ არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა… მხოლოდ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როდის მიმართოს რუსეთის ხელმძღვანელობას ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით,’ – განაცხადა მან.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ ‘ინტელექტუალური რესურსების’ დირექტორი, პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევიც მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რამდენად შეესაბამება ერთიანი მაკავშირებელი ორგანოს შექმნა სამხრეთი ოსეთის ინტერესებს.
‘ჩემს აზრზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ ჩემი თანამემამულეების აბსოლუტური უმრავლესობაც ასე ფიქრობს – რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მარტივ და ერთმნიშვნელოვან საკითხზე. ხოლო მიღებული შედეგი შემდეგ ‘თავის დროს’ დაელოდება.’
ძუგაევი იმასაც აღნიშნავს, რომ ჯერ უნდა გაირკვეს, კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა, შეიქმნას ერთიანი მაკავშირებელი ორგანო რუსეთთან, და არის თუ არა ამისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები.
‘არ გეჩვენებათ, რომ ამ ყველაფერს ცოტა ზედმეტი ხმაური ახლავს? სამხრეთი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს, და რაღაც ზენაციონალური ორგანოების შექმნა საჭირო არ არის. აი, ასე უნდა ვიმოქმედოთ. აშკარაა, რომ ნახევრად მიღებული გადაწყვეტილებების დრო წავიდა’, – ამბობს კოსტა ძუგაევი.
როგორც ჩანს, იმ პირობებში, როდესაც სამხრეთი ოსეთის პოლიტიკურ ძალებს რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მკაფიო გეგმა არ აქვთ, რუსეთთან ინტეგრაცია არსებითი საკითხი იქნება როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლებიც ერთი წლის შემდეგ ჩატარდება.
• სამხრეთი ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი ახლანდელ ხელისუფლებას ადრეც დაუყენებია. რესპუბლიკის მეთაურმა, ლეონიდ თიბილოვმა თავისი მოღვაწეობა დაიწყო განცხადებით რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ:’თუკი სამხრეთ ოსეთი მისი მოქალაქეების სურვილით მიუერთდება რუსეთს და ოსების გაერთიანება მოხდება, ჩემს საპრეზიდენტო მისიას შესრულებულად მივიჩნევ.’
• პარტია ‘ერთიანი ოსეთის’ ლიდერი, პარლამენტის სპიკერი, ანატოლი ბიბილოვი 2014 წელს გამოვიდა ინიციატივით, ჩატარებულიყო რეფერენდუმი სამხრეთი ოსეთისა და ჩრდილოეთი ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ. სწორედ ამ წინასაარჩევნო ლოზუნგების წყალობით მოახერხა პარტია ‘ერთიანმა ოსეთმა’ 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების უმრავლესობის მოპოვება.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 03.05.2016