როგორ ჩაიარა "დაუმორჩილებლობის აქციამ" თბილისსა და ბათუმში. ფოტოები
თბილისი
თბილისში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დილის 5 საათამდე გაგრძელდა.
აქტივისტებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა საღამოს 21:00 საათზე დაიწყეს – ეს ის დროა, როდესაც საქართველოში კომენდანტის საათი იწყებს მოქმედებას.
კომენდანტი საათი საქართველოში 9 ნოემბერს ამოქმედდა.
უკვე ორი თვეა ქვეყანაში სხვა მკაცრი შეზღუდვებიც მოქმედებს, რომლებიც 28 ნოემბრიდან დაწესდა. რამდენიმე დღის წინ, მთავრობამ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება დააანონსა. საქართველოში შეზღუდვები ორ ნაწილად შემსუბუქდება 8 და 15 თებერვალს – ამუშავდება ტრანსპორტი, სკოლები. თუმცა, კვლავ ძალაში დარჩება კომენდანტის საათი, რაც ბევრი მოქლაქის უკმაყოფილებას იწვევს.
აქციას დაახლოებით ორი ასეული ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და სხვები.
დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში საყვირებით, სასტვენებით, დასარტყამი დოლებით და მუსიკის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. აქციის მსვლელობას სამასამდე პოლიციელი მიაცილებდა.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა მხოლოდ მაშინ დააჯარიმეს, როცა ისინი დედა ენის ბაღში მივიდნენ. 2000 ლარის გადახდას არც ერთი დაჯარიმებული არ აპირებს.
ასე ხვდებოდა აქციის მონაწილეებს მოსახლეობა. ფორმულას ვიდეო.
„არ ვემორჩილებით კომენდანტს, ყველა ერთად დაგვაჯარიმეთ, ყველა ერთად ვართ აქ და ვეუბნებით, რომ გოგა მემანიშვილი არის მთავარი მონა და ყველა აქ მყოფი პოლიციელი. ჩვენ არ ვემორჩილებით ამ რეგულაციებს და ვდგავართ აქ”, – აცხადებნდნენ აქტივისტები.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ ყველა მომიტინგე, ვინც “კანონს არღვევს, კანონის ფარგლებში დაჯარიმდება”. თუმცა, მან უარი თქვა ჟურნალისტებისთვის ეპასუხა კითხვაზე, დაარღვიეს თუ არა დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა კანონი.
ბათუმი
დაუმორჩილებლობის აქცია ბათუმში, გმირთა ხეივანში გაიმართა. თბილისისგან განსხვავებით ბათუმში პოლიციამ ძალის გამოყენებით 11 ადამიანი დააკავა.
მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
უკვე დღეს დილით პოლიტიკოსებმა მოითხოვეს პოლიციის იმ თანამდებობის პირების გადადგომა, რომლებიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდნენ.
”აჭარის პოლიციის დეპარტამენტი თავს უფლებას აძლევს, რომ დემონსტრანტები სასტიკად დაშალოს”, – თქვა ბონდო თედორაძემ, ოპოზიციური პარტიის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.
მისი თქმით, პოლიციამ ძალას გადააჭარბა და ამიტომ ისინი მოითხოვენ, რომ “აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა”.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა და მის მოვალებას სწორედ ირაკლი ჭედიშვილი შეასრულებს.
ფორმულას ინფორმაციით კოტე ანანიაშვილი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს შეცვლის. სირაძე კი, თავის მხრივ, საქმიანობას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს.
_______________________________________
● საქართველოში იხსნება სკოლები, ამუშავდება ტრანსპორტი. 8 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება
● ჩინური ვაქცინა აზერბაიჯანში: კითხვები, რომლებსაც აქვთ პასუხები
● საქართველოში კოვიდგადატანილ პაციენტებს გამოიკვლევენ. ბევრი ჩივის, რომ ვირუსმა პრობლემები დაუტოვა