თბილისში სამშენებლო და სარემონტო მასალების უკვე რამდენიმე ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა. ეს თანამედროვე, ფეშენებელური მაღაზიები, სადაც პროდუქცია მოხერხებულად და მწყობრად აწყვია თაროებზე, ნელ-ნელა ანაცვლებს სივრცეს, რომელიც თბილსისთვის უკვე საკულტოდ იქცა – “ელიავას ბაზრობას”.
“ელიავას ბაზრობა” თბილისში 90-იანი წლების შუა წლებიდან არსებობს. რკინისა და ფიცრებისგან ახოხოლებული ქაოტური დახლები, შემინული მაღაზიები და მათ უკან მდგარი ადამიანები პარალელურ სამყაროს ქმნიან, რომელიც თბილისური ურბანული ესთეტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.
აქ თითქოს დრო გაჩერდა და არაფერი იცვლება. აქაურობას უცვლელი სუნი, ხასიათი და მუსიკა აქვს. “ელიავა” თავისი ჭუჭყიანი ვიწრო გასასვლელებით, მტვრისა და იაფი საღებავის სუნით, ფენოვანი ხაჭაპურის გამყიდველი ქალებითა და თევზითა და ლუდით გაბრუებული მუშებით თითქოს 90-იანი წლების სევდიანი ფრაგმენტია, რომელიც თანამედროვე თბილისმა ჯერჯერობით ვერ დათმო და თან გამოიყოლა.
ოცი წლის განმავლობაში აქაურობამ ბევრი ოჯახი გადაარჩინა შიმშილს. ბევრისთვის ეს სივრცე დღესაც რჩება თვითრეალიზაციისა და დასაქმების ერთადერთ საშუალებად.
65 წლის ხარატი გელა არსიაშვილი აქ, 20 წელია, მუშაობს. იჯარით აღებულ ფართში ის რკინის ნაკეთობებს ამზადებს და როგორც თვითონ ამბობს, მის ოჯახს საჭმლის ფული არასდროს მოჰკლებია.
შვილსაც ასწავლა ხელობა და უკვე ორნი არიან. უმუშევრად დარჩენის არ ეშინია, რადგან აქ გატარებულმა წლებმა ასწავლა, რომ კარგ ხელოსანს კლიენტი არასდროს მოაკლდება.
მისი სამუშაო მძიმეა – ირგვლივ მტვერი, ბუღი და უწყვეტი ხმაურია – ანუ რკინის სიმფონია, როგორც თავად გელა უწოდებს.