Restart-ის მოლოდინში
სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სომხეთ-ირანის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდებოდა — როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.
ირანისათვის დაწესებული სანქციების გამო, 2000-იანების ბოლოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპი დავარდა. თუმცა, მიმდინარე წლის დააწყისიდან (ამ სანქციების გაუქმებიდან) ორივე ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაიწყო საუბარი ურთიერთობების გაღრმავებაზე, ახალ პროგრამებსა და შესაძლებლობებზე. ბევრი ადამიანი იმედოვნებს, რომ სანქციების გაუქმება სომხეთ-ირანის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების «გადატვირთვას» გამოიწვევს, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.
ვიდრე პერსპექტივებზე დავიწყებთ საუბარს, მოკლედ წარმოგიდგენთ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასა და ისტორიას.
ამდენად, უახლესი მონაცემების (2016 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლების) მიხედვით, სომხეთის სავაჭრო პარტნიორებს შორის ირანი მეხუთე ადგილს იკავებს და მის წილად ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 5,1% მოდის (სომხეთს ამ მაჩვენებელზე უფრო დიდი ტვირთბრუნვა აქვს რუსეთთან, ჩინეთთან, გერმანიასთან და საქართველოსთან)
წყარო: სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2016 წლის იანვარ-აგვისტოში სომხეთ-ირანის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 157,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში სომხეთიდან ირანში 48,9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, ირანიდან სომხეთში კი 108,7 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა. ამდენად, ირანთან ვაჭრობას უარყოფითი სალდო აქვს — იმპორტის დონე ექსპორტს აჭარბებს.
ამასთან, გასულ წელთან შედარებით, სომხეთ-ირანის სავაჭრო ბრუნვა 13,3%-ით შემცირდა. ექსპორტი ირანში 9%-ით შემცირდა, იმპორტი კი – დაახლოებით 15%-ით.
სავაჭრო მიმოქცევის შემცირება განპირობებულია ნაწილობრივ დეფლაციით, და, ნაწილობრივ, სომხეთში გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციით.
ამას გარდა, ევროკავშირმა მოხსნა ირანიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე არსებული აკრძალვაც, რომელიც 2012 წლიდან მოქმედებდა. გაუქმდა აკრძალვა ირანისათვის ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებული მოწყობილობებისა დატექნოლოგიების მიწოდებაზე. ნებადართულია ინვესტიციების განხორციელება ირანის ენერგეტიკულ სფეროში. ამას გარდა, ირანისთვის ნავთობის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ტანკერების მიყიდვაც შეიძლება.
ყველა მსგავსი ფინანსური და სავაჭრო შეზღუდვა მოხსნა შეერთებულმა შტატებმაც. უკვე ნებადართულია ირანისათვის ამერიკული სამოქალაქო თვითმფრინავების მიყიდვა. ამასთან, თვითმფრინავების მიყიდვის უფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ეძლევათ და თეირანმა უკვე განაცხადა, რომ Airbus-ისა და Boeing-ის ტიპის თვითმფრინავების შეძენა სურს. შეზღუდვა მოეხსნა ირანის იმ უცხოურ ანგარიშებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გაიყინა.
კერძოდ, ეს არის ირანის ცენტრალური ბანკის სახსრები (20 მილიარდ დოლარზე მეტი) და ნავთობის რეალიზაციით მიღებული სახსრები. მთლიანობაში, ირანის განკარგულებაში დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი დაბრუნდება
რა შემოგვაქვს და რა შეგვაქვს
საგარეო ვაჭრობის სასაქონლო სტრუქტურის მონაცემების განახლება არც ისე ოპერატიულად ხდება, ამიტომ 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს წარმოგიდგენთ. მასალა სომხეთის საბაჟო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში დაფიქირებული მაჩვენებლების მიხედვით მომზადდა.
დავიწყოთ იმპორტით.
მთლიანობაში ირანიდან სომხეთში 300 დასახელების საქონელი იქნა შემოტანილი (გაერთიანებული ჯგუფები).
ყველაზე დიდი წილი ბუნებრივ გაზზე მოდის. 2016 წლის პირველ ნახევარში ირანმა სომხეთს 31,4 მილიონი დოლარის ღირებულების გაზი (186,5 მილიონი კუბური მეტრი) მიაწოდა, რაც ირანული იმპორტის საერთო მოცულობის 40%-ზე მეტია. გაზის საფასურს სომხეთი არა ფულით, არამედ ელექტროენერგიიით იხდის. გაზის გარდა, ირანს სომხეთში შემოაქვს სულფიდები (წილი იმპორტში — 6,1%), პოლიმერები (5,9%), სასუქები (5,1%), ნავთობი და ნავთობპროდუქტები (4,8%) და ა.შ.
რისი ექსპორტი ხდება სომხეთიდან ირანში.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სომხეთიდან ირანში დაახლოებით 40 დასახელების საქონელი იქნა გაგზავნილი. ამასთან, ექსპორტის 90,4% ელექტროენერგიაზე მოდის (დაახლოებით 36 მილიონი დოლარი)ამას გარდა სომხეთიდან ირანში ცხვრისა და თხის ხორციც გაიტანეს — სულ 342 ტონა, რომლის საერთო ფასიც თითქმის 1,5 მილიონს უდრიდა და სომხეთიდან ირანში განხორციელებული ექსპორტის საერთო მოცულობის 3,7%-ს უდრიდა. დანარჩენი პროდუქტების მოცულობა და ღირებულება მთლიანობაში 1%-ზე ნაკლებია.
მოკლედ რომ ითქვას, ირანიდან მიღებული იმპორტი ბევრად უფრო დივერსიფიცირებულია, ვიდრე ამ ქვეყანაში სომხეთიდან შესული პროდუქცია.
გრაფიკი თვალსაჩინოდ წარმოადგენს იმპორტისა და ექსპორტის ერთი ტიპის საქონელზე დამოკიდებულებას.
წყარო: სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტის საბაჟო სამსახური
როგორ ვითარდებოდა ვაჭრობა ირანსა და სომხეთს შორის 2005 წლიდან
2005 წლის შემდეგ სომხეთსა და ირანს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა. გამონაკლისს წარმოადგენს კრიზისული 2009 წელი. 2005-2011 წლებში ტვირთბრუნვის საერთო მოცულობა თითქმის გასამმაგდა და 117,7 მილიონი დოლარიდან 323 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, ელექტროენერგიის ბუნებრივი აირის ნაცვლად მიწოდების სქემა 2009 წლიდან ამოქმედდა. ანუ ვაჭრობის ორმხრივი ზრდა 2005-2009 წლებში ამ ფაქტორთან არ იყო დაკავშირებული.
წყარო: სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2012 წელს ირანის წინააღმდეგ დაწესებულ იქნა სანქციები, რაც ვაჭრობის ოფიციალურ მაჩვენებლებზეც აისახა — დაიწყო დაცემა, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდა.
2015 წლის მონაცემები იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს, იმიტომ რომ სტატიის შექმნის მომენტში დეკემბრის მაჩვენებლები წარმოდგენილი არ იყო.
პერსპექტივები
ირანისათვის დაწესებული სანქციების გაუქმების შემდეგ სომხეთში აქტიურად დაიწყეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებისა და იმ სარგებლის განხილვა, რომელიც ამ თანამშრომლობას შეიძლება მოყვეს.
საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით. არსებობს მოსაზრება, რომ სანქციების გაუქმების შემდეგ საგარეო ვაჭრობის მოცულობა ისევ გაიზრდება (როგორც 2011 წლამდე ხდებოდა). სავარაუდოდ, ირანიდან მიღებული იმპორტის შემთხვევაში ასეც მოხდება, მაგრამ საქონლის ირანში გაგზავნის პერსპექტივა, სომხეთში ექსპორტის საერთო სტრუქტურას თუ გავითვალისწინებთ, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. საქმე ისაა, რომ ამჟამად სომხეთში არ არსებობს პროდუქტების ისეთი ასორტიმენტი, რომელსაც ირანში გავიტანდით.
თუმცა, სომხეთი ირანისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, ან ირანისა და საქართველოს დამაკავშირებელი რგოლი ვერ გახდება. სანქციების გაუქმებიდან უმოკლეს დროში ირანული გაზის სომხეთის გავლით საქართველოსთვის მიწოდების შესაძლებლობების განხილვა დაიწყეს, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა.
პერსპექტიულად ითვლება ასევე პროგრამა, რომლის მიხედვითაც ირანული საქონელი სომხეთის გავლით ევროპულ ბაზარს დაუკავშირდება და საპირისპირო მიმართულების (ევროპიდან ირანში მიმავალი) სავაჭრო არხიც გაიჭრება. რკინიგზა იდეალური საშუალება იქნებოდა ამ პროექტის განხორციელებისათვის. სომხეთის მთავრობა უკვე დიდი ხანია, რაც ირანთან რკინიგზის მშენებლობის სფეროში თანამშრომლობს. თუმცა, ასეთი მშენებლობის განხორციელება უზარმაზარ ინვესტიციებსა და დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ, ამ მომენტისათვის, უფრო რეალისტური ვარიანტები განიხილება.
ამ ვარიანტების შესაბამისად, ტვირთებს სომხეთში ავტომობილებით ჩაიტანენ და ერასხის სადგურამდე მიიტანენ, სადაც სომხური მატარებლებით ფოთის პორტში გადაიტანენ, იქედან კი — ევროპულ ბაზრებზე. მცირე ხნის წინ კომპანია «სამხრეთკავკასიური რკინიგზის» წარმომადგენელმა, ვარდან ალოიანმა აღნიშნა, რომ ეს იდეა ირანელებისათვის მიმზიდველია და ამჯამად ამ საკითხის საგნობრივი განხილვა მიმდინარეობს.
სომხურ-ირანული ეკონომიკური ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ითვლება აგრეთვე ტურიზმის სფეროც. ექსპერტების აზრით, ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს. ამ მომენტისათვის, ირანი უკვე არის სომხეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ სფეროში; კერძოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ ნოვრუზ ბაირამის დღეებში სომხეთს ირანელი ტურისტების დიდი რაოდენობა სტუმრობს.
2016 წლის პირველ ნახევარში ირანიდან სომხეთში დაახლოებით 90 ათასი ტურისტი ჩავიდა, რაც ქვეყნის სტუმრების 17,8 პროცენტს შეადგენს. ამ მხრივ ირანი მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება, რომლის წილიც სომხეთში შემოსული ტურისტების მთლიანი რაოდენობის 22,3%-ს შეადგენს.
ამასთან, გასული წლის პირველ ნახევარ წელთან შედარებით ირანელი ტურისტების რიცხვი მკვეთრად (50,2%-ით) გაიზარდა. ზრდის მაჩვენებლით ირანი პირველ ადგილზეა.
რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობის განვითარების პოტენციალის მქონე ყველა სფერო არ არის. სპეციალისტები ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივებს ენერგეტიკასა და საბანკო სფეროში ხედავენ. მაგრამ იმისათვის, რათა ეს პოტენციალი განვითარებად იქცეს, შეუცდომელი და ეფექტიანი პოლიტიკის გატარებაა საჭირო.
გამოქვეყნდა: 29.10.2016