"ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს" - NGO-ების განცხადება ახალ კანონპროექტზე
გაზიარება
გაზიარება
რეპრესიული კანონპროექტები
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიციირება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას წარმოადგენს.
ორგანიზაციების შეფასებით, რეჟიმი ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ინიციირებული ცვლილებებით, რეჟიმი მოქალაქეებს ემუქრება, რომ “თუ ხმას ამოიღებ – დაგაპატიმრებ”.
“ინიციირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.
ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს — ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცვას ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლებს გარემოს დასაცავად და ა.შ.
ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ.
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში.” – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი რეპრესიული ცვლილებები შევა: შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
“ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას თქმით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.