რეგიონები კრიზისს აპროტესტებენ
მიმდინარე კვირაში აზერბაიჯანის რეგიონებმა ფასების ზრდისა და კრიზისის სხვა შედეგების მიმართ დამოკიდებულება გამოხატეს. ქვეყნის განაპირა რეგიონებში უკმაყოფილების ტალღა იზრდება და დემონსტრაციებსა და პოლიციასთან შეტაკებაში ვლინდება.
12 ნოემბერს ლენქორანში ქალაქ ლიმანის მცხოვრებებმა ბაქო-ასტარას გზა გადაკეტეს. ადამიანები პროდუქტების გაძვირებას, უმუშევრობასა და კრიმინალის მომძლავრებას აპროტესტებდნენ.
ადგილობრივების თქმით, სიაზანში ქალაქის მოსახლეობასა და პოლიციას შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი დემონსტრანტი კი დააკავეს. ამ საპროტესტო აქციის მონაწილეებსაც იგივე მოთხოვნები ჰქონდათ _ სამომხმარებლო ფასებზე კონტროლის დაწესებასა და სამუშაო ადგილების შემქნას ითხოვენ.
ფიზულინის რაიონში საპროტესტო აქციები სოფელ ბალა ბეხმენლიში გაიმართა. ადამიანები ინფლაციასა და ცხოვრების დაბალ ხარისხს აპროტესტებდნენ.
აღჯაბედიში ორასმა ადამიანმა აღდაშ-ბარდავის გზა გადაკეტა. დემონსტრანტები საბოლოოდ პოლიციელებმა დაარბიეს. უფრო გვიან კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკმაყოფილო მოქალაქეებს შეხვდნენ, ხალხი დაამშვიდეს და პრობლემების გადაჭრა აღუთქვეს.
მოვლენები ბელაქანსა და აღსუშიც იმავე სცენარით განვითარდა.
მთლიანობაში არეულობებს ერთი და იგივე მიზეზი ჰქონდა _ დევალვაციის შემდეგ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხი მკვეთრად დაეცა, ფასები ერთ-ნახევარჯერ გაიზარდა, კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, მასობრივი შემცირებების გამო, ძალიან გაიზარდა უმუშევრობა. სწორედ ეს გარემოებები იქცა არეულობის მიზეზად. უნდა ითქვას,რომ შედეგიც ერთნაირი იყო _ დემონსტრანტები ზოგან ძალისმიერი მეთოდებით დაარბიეს, სხვა შემთხვევებში კი აქციების მონაწილეების დამშვიდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეძლეს.
მრავალრიცხოვანი მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიტინგი სტიქიურად წარმოიშვა და მათ პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, „ყოველი შემთხვევისთვის“, ორი ოპოზიციონერი მაინც დააპატიმრეს. ერთი მათგანი პარტია „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ ლენქორანის განყოფილების ხელმძღვანელი, ნაზიმ ჰასანლია, მეორე კი _ პარტია „მუსავათის“ აქტივისტი იმან ალიევი. ორივე ლენქორანის რაიონის ქალაქ ლიმანში დააკავეს. იმან ალიევის კოლეგები ამბობენ, რომ მათი დაკავებული თანამებრძოლი მასმედიის საშუალებებს არეულობების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას, რაც მისი დაკავების მიზეზად იქცა.
ხელისუფლებამ და მის მიმართ ლოიალურად განწყობილმა მედიამ ზემოაღწერილი მოვლენები მათთვის დამახასიათებელ სტილში გააშუქეს. ზოგიერთი ჩინოვნიკი არეულობის ფაქტებს უარყოფდა, სხვები კი დემონსტრაციების დარბევასა და ადამიანების დაშავების შემთხვევებს არ აღიარებდნენ. დასახელდა ისეთი ვერსიაც, თითქოს არეულობების მიზეზი გახდა კანონი, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების ნაღდი ანგარიშსწორებით გაყიდვას კრძალავდა. გადახდის ახალ, საბარათე სისტემაზე გადასვლის გამო, საბუთების გადაფორმება გახდა საჭირო, რის გამოც, მაღაზიებში ალკოჰოლი გაქრა.
12 იანვარს ახალი კანონის მოქმედება გაურკვეველი ვადით შეწყდა. დრო გვიჩვენებს, დაამშვიდებს თუ არა ასეთი მზრუნველობა რეგიონების მოსახლეობას.
სტატიის მომზადებისას გამოყენებულ იქნა BBC-ს აზერბაიჯანული სამსახურისა და „კავკასიური კვანძის“ მასალები.