რეფერენდუმი გინესისთვის
წარმოიდგინეთ სუპერმარკეტი, რომელიც საბედისწერო შეცდომით, უკაცრიელ ადგილას გახსენეს და თან იქამდე მისასვლელი გზის დაგებაც დაავიწყდათ. და უეცრად, სურსათისა და გასტრონომიის ამ ოაზისში, სადაც გახსნის დღიდან, თავად დაწესებულების თანამშრომლების გარდა, არავინ შესულა და არაფერი უყიდია, საიდანღაც კლიენტი გამოჩნდა.
შვიდი ბევრია
ჩემს უბანს კიდევ გაუმართლა. რეფერედუმის დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ვესტიბიულში რომ შევედი, სადაც ჩემი საარჩევნო უბანი იყო განთავსებული, მეშვიდე ვიყავი მათ შორის, ვინაც მაინც გადაწყვიტა, რომ ხმა მიეცა. არადა, შუადღე იყო.
როგორც წესი, ამ დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისია იუწყება ხოლმე, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ საჭირო ზღვარს გადააჭარბა და შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა. იმის მიუხედავად, თუ ვის ვირჩევთ – პრეზიდენტს, თუ სხვადასხვა დონის დეპუტატებს. თუმცა, არა ამჯერად.
მთელ ოჩამჩირეს რაიონში შუადღისთვის ხმა მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა მიცემული. იგივე მოხდა გალშიც. სხვა რეგიონებში ოდნავ უკეთესი მდგომარეობა იყო, თუმცა არცთუ დიდი სხვაობით.
ჩემი ერთი კოლეგა, რომელიც არჩევნების გასაშუქებლად რუსეთიდან ჩამოვიდა, მთელი ერთი საათის განმავლობაში იდგა სოხუმის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, რომ გადაეღო ადამიანი, რომელიც ბიულეტენს აგდებს ურნაში. მაგრამ ადამიანი არ ჩანდა. რედაქცია აჩქარებდა. და ბოლოს მან საარჩევნო კომისიის უსაქმობით მოწყენილ წევრებს სთხოვა, დადგმულ სცენაში მიეღოთ მონაწილეობა.
ცხადია, კატეგორიული უარი მიიღო, – ჩვენ აქ სერიოზული საქმით ვართ დაკავებულები, შენ კი თამაშს გვთავაზობო. ლამის გააძევეს კიდეც საარჩევნო უბნიდან, მაგრამ ბედზე ზღურბლთან მოხუცი ქალი გამოჩნდა, რომელიც მოქალაქეთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვისთვისაც, არჩევნების საბოლოო შედეგზე მეტად, თვით ამ მოვლენაში მონაწილეობაა მნიშვნელოვანი.
მოხუცი ქალი ბედნიერი იყო. მთელი ხუთი წუთის განმავლობაში დასტრიალებდა თავს გამჭვირვალე ურნას, და ერთ ნახევარ საათს კიდევ გააგრძელებდა ამ “პირუეტების” კეთებას, ლოდინისგან ისედაც ნერვებდაწყვეტილ ჩემს კოლეგას მიმიკითა და ჟესტებით რომ არ მიეთითებინა, რომ ბიულეტენის ურნაში ჩაგდების დრო იყო.
გინეს, ინებე რეკორდი!
საღამოს რვა საათზე, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების გამოქვეყნება მაინცდამაინც არ გასჭირვებია. საარჩევნო აქტივობამ ძლივს გადააჭარბა 1 პროცენტს. უფრო ზუსტად კი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმში 1,628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც საარჩევნო სიებში შეყვანილ მოქალაქეთა საერთო რიცხვის 1,23 პროცენტია.
ასეთი მონაცემებით, ეს რეფერენდუმი უნდა შეიტანონ გინესის რეკორდების წიგნში, სადაც მანამდე აფხაზეთიდან მხოლოდ ბუნებრივი მოვლენები იყო შესული, რომლებშიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელი არ ურევია. ახლა კი, მსოფლიოში ყველაზე ღრმა კრუბერის მღვიმისა და ყველაზე მოკლე მდინარე რეპრუას გვერდით, ხელქმნილი მიღწევაც გაგვიჩნდება – ყველაზე არააქტუალური პლებისციტი.
ნომენკლატურის საპასუხო დარტყმა
რეფერენდუმის ჩატარების იდეა აფხაზურ ოპოზიციას ჯერ კიდევ გასულ წელს გაუჩნდა. ყოფილი ნომენკლატურა, რომელიც 2014 წელს ასე მოულოდნელად ჩამოაშორეს ხელისუფლებას რაულ ხაჯიმბამ და მისმა მომხრეებმა, გამუდმებით ახსენებდა საზოგადოებას, რომ მაშინ ხელისუფლების ცვლილება სახელმწიფო გადატრიალების გზით მოხდა; და ახლა იმ აქციის იდეოლოგიურმა წინამძღოლმა დაკავებული საპრეზიდენტო სავარძელი უნდა დატოვოს, რადგან ჩდენილ ცოდვებს მან ისიც დაუმატა, რომ მოქალაქეები მოატყუა და “ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც კი არ შეუსრულებია”.
ოპოზიციამ ხაჯიმბას მეთოდებით მოქმედება კატეგორიული უარყო და აღნიშნა, რომ სხვა გზას აირჩევდა. ეს გზა კი რეფერენდუმი აღმოჩნდა.
2016 წლის მარტში დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის მეთაურის ვადამდელი არჩევნების გამართვა სურდა. ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გროვდებოდა ხელმოწერები. მთლიანობაში, თითქმის, 20 ათასი ხელმოწერა შეგროვდა, რომლებსაც კიდევ ერთი თვის მანძილზე შეისწავლიდა ცენტრალური საარჩევნო კომისია და მხოლოდ ამის შემდეგ, პირველ ივნისს, პრეზიდენტმა მოულოდნელად (პირველ რიგში, თავად ოპოზიციისთვისაც) ხელი მოაწერა რეფერენდუმის 10 ივლისს ჩატარების გადაწყვეტილებას.
რეფერენდუმის გზით პრეზიდენტის ხელისუფლებიდან ჩამოშორება თავიდანვე უტოპიურად გამოიყურებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფოს მეთაურის გადაყენება მხოლოდ ორ შემთხვევაშა შესაძლებელი – ან იმპიჩმენტის პროცედურით, ან გადადგომის შესახებ პრეზიდენტის მიერ დაწერილ განცხადებაზე მის მიერვე ხელის მოწერის შემთხვევაში.
ყველაზე მეტი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა რეფერენდუმის გზით, არის რეკომენდაცია. მაგრამ იმისთვისაც კი, რომ ასეთი “რჩევა” მიეცეს პრეზიდენტს, აუცილებელია, ამომრჩეველთა აქტივობა სიაში შესული მოქალაქეების რაოდენობის ორმოცდაათ პროცენტზე ერთი ხმით მეტს მაინც შეადგენდეს. და სწორედ ეს აღმოჩნდა ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის გადალახვაც, პოლიტიკისა და პოლიტიკური პროცესების მიმართ ამჟამად აპათიურად განწყობილი საზოგადოების პირობებში, უბრალოდ შეუძლებელი იყო.
ბედის საჩუქარი
სახელმწიფოს მეთაურის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ მსგავსი პლებისციტი მავნებელია. მათი თქმით, ჯერ ერთი, პრეზიდენტი უკვე არჩეულია ხუთი წლით, და შესაბამისად, ამ პერიოდში “ნდობის ვოტუმი” აქვს. ამასთან, ასეთი წამოწყება აფხაზური სახელმწიფოებრიობისათვის მავნე პრეცედენტს შექმნის და არაპროგნოზირებად შედეგებს გამოიწვევს. შედეგად, მათ, ფაქტობრივად, ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს.
ამ ფოზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლეონიდ ძიაპშბამ არსებული საფრთხეები სამოქმედო ინსტრუქციად აღიქვა და თავის თანამშრომლებს კენჭისყრაში მონაწილეობა აუკრძალა.
ოპოზიციას არ შეეძლო ბედის ასეთი საჩუქრის ხელიდან გაშვება. “ხელისუფლება ცდილობს, ხალხს თავგზა აუბნიოს,” – განაცხადა მან. ოპოზიციამ რიგგარეშე ყრილობაზე ძიაპშბას გადადგომა და პლებისციტის შემოდგომისთვის დანიშვნა მოითხოვა, მაგრამ არ დალოდებია იმას, თუ რას იტყოდა ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი ხაჯიმბა, და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება გადაწყვიტა.
სულ ცოტაც და, შინაგან საქმეთა სამინისტროს ალბათ აიღებდა “თავგზააბნეული ელექტორატი”. მაგრამ დროულად მოვიდა ძიაპშბას გადაყენების განკარგულება და სიტუაციის განმუხტვა მოხერხდა; ხოლო რეფერენდუმის გადადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი შეუვალი აღმოჩნდა: “კანონით განსაზღვრულ დროს ჩატარდება და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.”
აფსუს, ბეკეტი?!
და მაშინ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიციამაც ბოიკოტი გამოუცხადა რეფერენდუმს. შედეგად კი, პლებისციტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აფხაზეთის შიდაპოლიტიკური აზროვნების განმაპირობებელი იყო, გადახეული ბილეთივით მოისროლეს სანაგვე ყუთში.
ის ყველასთვის უსარგებლო აღმოჩნდა. ამ მოვლენისთვის დახარჯული ცხრა მილიონი რუბლი [დაახლოებით $140,000], სტრიქონი გინესის რეკორდების წიგნში, და ჩემი ღრმა მწუხარება იმის გამო, რომ აბსურდის თეატრის დამაარსებელი, სემიუელ ბეკეტი ვერ მოესწრო ამ ყოველმხრივ უცნაურ დღეს, როდესაც აფხაზებმა საკუთარ რეფერენდუმს ერთსულოვნად გამოუცხადეს ბოიკოტი.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს
პირველად გამოქვეყნებულია: 12.07.2016