საქართველო რევერსში. როგორ იქცა პოსტსაბჭოთა დემოკრატიზაციის ვიტრინა „ფუნქციურად პრორუსულ“ რეჟიმად
რატომ გადაუხვია საქართველომ პროდასავლურ კურსიდან

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ გაიარა გზა, რომელსაც ცოტა ვინმე თუ იწინასწარმეტყველებდა.
ქვეყანა, რომელმაც 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, დღეს დე-ფაქტო გაყინულია ევროპული ინტეგრაციის პროცესში. პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული რეფორმების მაგალითად მიჩნეული სახელმწიფო რუსული, ავტორიტარული ყაიდის კანონებს იღებს და ადამიანებს აკავებს მშვიდობიანი პროტესტის დროს ტროტუარზე დგომის გამო. ხელისუფლებას კი, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპულ ღირებულებებს დეკლარირებდა, არ მიესალმებიან არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში.
როგორ მოხდა ეს? და რაც მთავარია, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის შეჩერება?
400 დღეზე მეტია, ყოველ საღამოს, რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ფრილაბს და უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ტრანსფარანტებია გამოფენილი – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების, სამართლიანი არჩევნების დანიშვნისა და ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმების მოთხოვნით.
პარლამენტთან, საღამოს შვიდი საათიდან ისევ და ისევ იკრიბებიან ადამიანები – ზოგი სამსახურის შემდეგ მოდის, ზოგი შვილებთან ან შინაურ ცხოველებთან ერთად, ზოგი კი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, სადაც პროტესტში მონაწილეობის გამო იყო დაბარებული.
ხალხის რაოდენობა იცვლება: ხან ათიათასობით ადამიანის მარშია, ხან რამდენიმე ასეული ჯიუტი აქტივისტი დგას ტროტუარზე.
მაგრამ პროტესტი არ წყდება.
ის უწყვეტად გრძელდება 2024 წლის 28 ნოემბრიდან. ამ დღეს “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესს.
ამ განცხადებას შემეგ კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა.
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის, გარდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ კიდევ ათზე მეტი ანტიდემოკრატიული კანონი მიიღო. მსგავსი იმ კანონებისა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო დუმა იღებს დემოკრატიული პროცესების საბოლოოდ ჩასახშობად.
ცოტა ხნის წინ კი, საქართველოს ისტორიაში პირველად, გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღით თავისუფლების აღკვეთას დაექვემდებარნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანი პროტესტის დროს ტროტუარზე იდგნენ.
„ჩემი ქვეყანა წარმოიდგენლად შეიცვალა. ასე მგონია, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ ან კოშმარულ სიზმარში ვარ, რომელიც არ მთავრდება,“ – ამბობს 35 წლის ხათუნა ნანუაშვილი, პროტესტის მონაწილე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ელოდება, როდის დასრულდება მისი მეგობრის პროცესი, რომელსაც ტროტუარზე პროტესტის გამო საქმე აღუძრეს.
დღეს მსგავსი სიტყვები საქართველოში ბევრისგან ისმის.
„წარმატების ისტორიიდან“ პროევროპული კურსის დემონტაჟამდე
2000-იანი წლების ბოლოსა და 2010-იანებში საქართველო მაგალითად ითვლებოდა: დაჩქარებული რეფორმები, დემონსტრაციული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მკაფიო რიტორიკა – „ჩვენ ევროპა ვართ“, სტრატეგიული მიზანი – ევროკავშირი და ნატო.
ევროპელი ოფიციალური პირები საქართველოს რეგიონში „დემოკრატიის ფორპოსტს“ და “დემოკრატიის შუქურას” უწოდებდნენ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი კი ლოგიკურ შემდეგ ნაბიჯად აღიქმებოდა.
პარადოქსი იმაშია, რომ საქართველომ დასავლეთისგან მკვეთრი შებრუნება სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მასთან ყველაზე ახლოს იყო – კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.
რაც დღეს საქართველოში ხდება, არ ჰგავს ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში ცნობილ არცერთ შემთხვევას, ამბობს პოლიტოლოგი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი, კორნელი კაკაჩია:
„კანდიდატი სახელმწიფოების უკუსვლა ხანდახან ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ის, რაც საქართველოშია, სულ სხვაა. დემოკრატიული უკუსვლა ერთია, თუმცა აქ კანდიდატი ქვეყანა პირდაპირ ავტორიტარიზმისკენ მიდის. გარდა ამისა, პირველად ვხედავთ ე.წ. „რევერსულ პირობითობას“ – როდესაც კანდიდატი ქვეყანა თავად უყენებს პირობებს ევროკავშირს. ანუ არა ევროკავშირი ითხოვს რეფორმებს, არამედ საქართველო ითხოვს, რომ ევროკავშირი შეიცვალოს.“
მართლაც, ვითარება პარადოქსულია. ოფიციალურად საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო. თუმცა, უკვე ნახევარ წელიწადში, პროცესი გაიყინა. 2024 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია ხელისუფლების ქმედებების გამო.
2024 წლის 26 ოქტომბრის სადავო არჩევნებმა, რომელთა მიხედვითაც “ქართულმა ოცნებამ” 54 პროცენტი მიიღო, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მასშტაბური დარღვევები – ამომრჩეველთა დაშინება, ხმებით მანიპულაცია, დამკვირვებლების მუშაობაში ჩარევა, გამჭვირვალობის პრინციპის დარღვევა.
2025 წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო და მათი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ ხელახლა ჩატარება მოითხოვა.
რევერსის მიზეზები: შიდა ლოგიკა ევროპული ამბიციების წინააღმდეგ
რა გახდა ამ დრამატული შებრუნების მთავარი მიზეზი – შიდა პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური გათვლები?
კორნელი კაკაჩიას თქმით, ორივე ფაქტორი მოქმედებს, თუმცა მთავარი მაინც შიდა პროცესებიდან იწყება: „ომმა უკრაინაში მხოლოდ დააჩქარა პროცესი.“
ის დასავლეთისგან შებრუნების დასაწყისს ბევრად ადრე ათარიღებს, ვიდრე „რუსული კანონი“ და მასობრივი პროტესტები:
“ოცნებამ რომ დასავლეთის გზას გადაუხვია, ეს უკვე ჩანდა სადღაც 2018 წლიდან. ნელ-ნელა, თანდათანობით გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობას უწევდა კანონის უზენაესობისა და იურიდიულ რეფორმებს. ასევე, თუ გახსოვთ, ზუსტად მაგ პერიოდში საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის მეორე ტრანშზე” .

ბრიუსელი საქართველოსგან კონკრეტული რეკომენდაციების შესრულებას ითხოვდა – ჯერ 12-ის, შემდეგ 9 პუნქტის. მათ შორის იყო სასამართლო და საარჩევნო რეფორმები. სწორედ ეს პირობები გახდა ის ფილტრი, რომლის გავლითაც საბოლოოდ გამოიკვეთა ხელისუფლების რეალური კურსი.
„უკვე აშკარად გამოჩნდა ყველაფერი. მანამდე „ქართულ ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ ფორმალურად აჩვენებდნენ, თითქოს ხელს უწყობდნენ ევროკავშირის დემოკრატიზაციის პროცესს. თუმცა, ამ ეტაპზე პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ეს რეფორმები ეწინააღმდეგებოდა რეჟიმის ინტერესებსა და მისი გადარჩენის ამოცანას. სწორედ აქედან დაიწყო აგრესიული, ანტიევროპული თავდასხმები ელჩებზე და სხვა მსგავსი ქმედებები“.
ომი უკრაინაში, კორნელი კაკაჩიას თქმით, მხოლოდ ამ პროცესის კატალიზატორი იყო.
ის გვთავაზობს აზრობრივ ექსპერიმენტს:
„ახლა ასე დავსვათ შეკითხვა – ხვალ რომ ევროკავშირის ლიდერებმა შემოუთვალონ „ქართულ ოცნებას“, რომ იცით რა, ჩვენ ვცნობთ თქვენს ხელისუფლებას ჩვეულებრივადო, შეიცვლება თუ არა რიტორიკა? დარწმუნებული ვარ, შეიცვლება. ხვალვე დაიწყებს სახელისუფლებო პროპაგანდა ლაპარაკს იმაზე, თუ რა კარგია ევროკავშირი და რომ მათ სხვანაირად არც უნდოდათ.“
ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი რეჟიმის თვითშენარჩუნების ინსტინქტია.
„ქართული ოცნება“, რომელიც რუსეთში გამდიდრებულმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დააარსა, ზედიზედ მეოთხე ვადით იმყოფება ხელისუფლებაში. პარტიას კარგად ესმის: ნამდვილი დემოკრატიის, თავისუფალი არჩევნებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ხელისუფლების შენარჩუნება უკიდურესად რთული იქნება.
ევროკავშირი სწორედ ამას ითხოვს – კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, თავისუფალ მედიას.
„მათი მიზანია, რომ როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო საზოგადოება მიეჩვიოს ამ რეალობას, – განმარტავს კაკაჩია, – ანუ, სურთ, აქ იყოს დაახლოებით აზერბაიჯანის მსგავსი რეჟიმი და ევროკავშირმა ის უბრალოდ ასეთი სახით მიიღოს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თუ საქართველო გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, მაშინ უარი უნდა თქვან საკუთარ ღირებულებით პრინციპებზე და მიიღონ ისეთი, როგორიც არის. დაახლოებით ისე, როგორც იტანენ ორბანის რეჟიმს უნგრეთში” .
თუმცა ამ სტარტეგიას სერიოზული ნაკლი აქვს:
“აზერბაიჯანის ტიპის სახელმწიფოს ევროკავშირი არ მიიღებს. ჯერ ერთი, აზერბაიჯანი თავად არ არის კანდიდატი და არც აპირებს გაწევრიანებას,” – ამბობს ექსპერტი, – აზერბაიჯანს აქვს ნავთობი და გაზი, საქართველო კი დასავლეთისთვის ყოველთვის აღიქმებოდა როგორც ევროპული და დემოკრატიული ინტერესების ფორპოსტი რეგიონში. თუ საქართველო ამ იმიჯს დაკარგავს, ის გადაიქცევა ჩვეულებრივ პოსტსაბჭოთა ქვეყნად”.
სერგი კაპანაძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დასავლეთისთვის ზურგის შექცევის საწყის წერტილს კიდევ უფრო ადრე – 2016 წელს ხედავს:
“პირადად ჩემთვის, ამის ტესტი 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიღებული ახალი კონსტიტუცია იყო. როცა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები გააუქმეს, ყველა ინსტიტუტის მოხრჩობა და ერთპარტიული, ავტორიტარული სისტემის შექმნა დაიწყეს. აი, მაშინ გახდა ცხადი, რომ ისინი არც დემოკრატიას და არც მით უმეტეს ევროინტეგრაციას ყურადღებას არ აქცევდნენ. ეს ყველაფერი მხოლოდ რიტორიკის დონეზე უნდოდათ, რეალურად კი არა”.
ექსპერტების თქმით, ფორმალურად პროევროპული კურსი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში „ფასადად“ გამოიყენებოდა. ამ ფასადის მიღმა პარალელურად მიმდინარეობდა სხვა პროცესი – პოლიტიკური სისტემის გადაწყობა ისე, რომ უზრუნველეყო „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ხანგრძლივი ყოფნა ხელისუფლებაში.
უკრაინის ომი – როგორც პროცესის დამაჩქარებელი ტრიგერი
მეორე საკვანძო გარდატეხა, რომელზეც ექსპერტები მიუთითებენ, 2022 წელი და რუსეთის ომია უკრაინის წინააღმდეგ.
მაშინ როდესაც ქართული საზოგადოება ხელისუფლებისგან ელოდა მაქსიმალურ სოლიდარობას კიევთან, სანქციებთან შეერთებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის აქტიურ ლობირებას, ხელისუფლებამ „ნეიტრალიტეტის“ ენა აირჩია.
“ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა სანქციებზე და ღიად დაიწყო „ომისა და მშვიდობის“ თემის გამოყენება შიდა მობილიზაციისთვის ოპონენტების წინააღმდეგ.
“ყველაზე კარგად “ოცნების” გეგმები მაინც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოჩნდა იმ ნაბიჯებით, რაც გადადგეს – სანქციებთან არშეერთება, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური პოლიტიკის წარმოება. მაშინ უკვე ყველაფერი ნათელი იყო, ხოლო 28 ნოემბერი ამ პროცესის ბოლო ეპიზოდი გახლდათ,” აღნიშნავს კაპანაძე.

პოლიტიკური ანალიტიკოსი და პოპულარული იუთუბ-არხის „მისმინეს“ წამყვანი, ზურაბ ფარჯიანი ასევე ხაზს უსვამს უკრაინის ომის როლს, როგორც დასავლური კურსიდან უკუსვლის ტრიგერს:
„ქართულ ოცნებას“ არ აქვს იდეოლოგია. ისინი ყოველთვის მოქმედებენ სიტუაციიდან სიტუაციამდე. როდესაც ომი დაიწყო, მათ პრაქტიკულად მეორე დღესვე დადეს ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე – რომ რუსეთი უკრაინას დაახრჩობდა, შთანთქავდა, გაიმარჯვებდა. შეიძლება ითქვას, რომ მათ არასწორ მხარეს დაუჭირეს მხარი.“
პირადი ფაქტორი – ივანიშვილის შიშები
კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ექსპერტები თავად ივანიშვილს და მის შიშებს ასახელებენ.
„მე ამას ერთ კონკრეტულ ადამიანზე მიღებულ გადაწყვეტილებადაც აღვიქვამ. გარკვეულ მომენტში ამ ადამიანმა, საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, თავი დაირწმუნა, რომ სამყაროში ყველა მის წინააღმდეგ იყო. აქ საქმე გვაქვს ერთი ადამიანის ირაციონალურ შიშებთან და პარანოიასთან,“ – ამბობს ფარჯიანი.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მას აშანტაჟებენ. „ფინანსურ შანტაჟში“ ის ე.წ. „გლობალური ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითს“ ადანაშაულებს.

ეს ტერმინები ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა. ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ კრიზისში რეგულარულად ადანაშაულებს დასავლეთს და იყენებს ფრაზებს „გლობალური ომის პარტია“ და „ღრმა სახელმწიფო“.
„ფუნქციურად პრორუსული“ საგარეო პოლიტიკა: შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოტივი
კითხვაზე – შეიძლება თუ არა დღევანდელი საქართველო პრორუსულ სახელმწიფოდ ჩაითვალოს – ექსპერტები ფრთხილად პასუხობენ, თუმცა დასკვნაში თანხმდებიან.
კაკაჩია:
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, იღებს თუ არა ხელისუფლება ყოველდღიურად ინსტრუქციებს რუსეთიდან. ამიტომ პოლიტიკოსების გარდა ყველა ერიდება პირდაპირ პასუხს. მაგრამ თუ ვიკითხავთ, ვინ იგებს ყველაზე მეტად საქართველოს დღევანდელი შიდა და საგარეო პოლიტიკით – პასუხი აშკარაა: რუსეთი. რაც უფრო იზოლირებული ხდება ქვეყანა, რაც უფრო რეპრესიული ხდება პოლიტიკა, რაც უფრო ვშორდებით დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთს. იდეოლოგიური კონვერგენცია უკვე მოხდა.“
კაპანაძე:
„მე ვთვლი, რომ მათი საგარეო პოლიტიკა ფუნქციურად პრორუსულია. „ფუნქციურად“ ვგულისხმობ იმას, რომ ყველაფერი, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს, მუშაობს რუსეთის ინტერესებში და არა საქართველოს ინტერესებში. ჩვენთვის არ არის გადამწყვეტი – ეს ერთი ადამიანის იდეოლოგიაა, რუსეთთან კონკრეტული კავშირები თუ პირდაპირი კონტროლი მოსკოვიდან. ამას ვერ გავიგებთ მანამ, სანამ ვინმე ინსტრუქციებს არ იპოვის. მთავარი ისაა, რა შედეგს ვიღებთ. რიტორიკულად ისინი შეიძლება არ აქებდნენ პუტინს, მაგრამ არსებითად მათი ყოველი გადაწყვეტილება ემთხვევა რუსეთის ინტერესებს.“
და ეს მხოლოდ სანქციებზე უარს ან ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას არ ეხება. ექსპერტების თქმით, დამთხვევები გაცილებით მეტია:
– „ტრადიციული ღირებულებების“ ენის ნორმალიზება და „ლიბერალური არასამთავრობოების“ წინააღმდეგ ბრძოლა;
– „კოლექტიური დასავლეთის“ წარმოჩენა, როგორც „რევოლუციების წყარო“;
– ევროინტეგრაციის შინაარსის გადახედვის მცდელობა — ღირებულებებიდან „ევროპულ ფულზე ევროპული წესების გარეშე“.
პროევროპელობა როგორც იდენტობა: მითი თუ რეალობა?
ერთ-ერთი საკვანძო კითხვა, იყო თუ არა საქართველოს პროევროპული არჩევანი რეალური საზოგადოებრივი კონსენსუსი თუ ელიტების მიერ შექმნილი პოლიტიკური ფასადი.
ისტორიკოსი ბექა კობახიძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში ბრძოლა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კურსისთვის, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის მიმდინარეობს.

„თუ XIX საუკუნის ქართულ პრესას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ მუდმივად საუბარია ევროპაზე — როგორ ცხოვრობენ იქ, როგორი აქვთ ეკონომიკა, ტექნოლოგიები, მოდა, განათლება. ერთი სურვილი ჟღერს: ჩვენც ასე გვინდა ცხოვრება. ეს საქართველოსთვის ბუნებრივი განვითარების მიმართულებაა და არა გარედან თავსმოხვეული.“
მისი თქმით, საბჭოთა პერიოდშიც კი ევროპული ვექტორი საზოგადოებრივ წარმოდგენაში რჩებოდა.
„თვით ედუარდ შევარდნაძეც კი, რომელიც საბჭოთა სისტემის ადამიანი იყო, საბოლოოდ იძულებული გახდა ევროპული გზა აერჩია, რადგან საქართველოსთვის სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს – ან ევროპა, ან რუსეთის კოლონიად ქცევა.“
ამიტომაც, ისტორიკოსის აზრით, დღევანდელი შებრუნება ბევრისთვის აღიქმება როგორც ქვეყნის იდენტობის გადაფორმატების მცდელობა – მცდელობა შეცვალოს ქართველების წარმოდგენა საკუთარი ადგილის შესახებ მსოფლიოში.
კაკაჩია საზოგადოებრივი აზრის სტრუქტურასაც იხსენებს:
„ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ყოველთვის არსებობდა 15–20 პროცენტიანი პრორუსული სეგმენტი. მაგრამ, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ამ განწყობებს პროპაგანდისტული სახე მისცეს, ბუნებრივია, ჩნდებიან სხვა, მერყევი ადამიანებიც, რომლებიც მანამდე პრორუსულად სულაც არ იყვნენ განწყობილნი.ზოგიერთი მათგანი, ვთქვათ, საჯარო სამსახურშია დასაქმებული, ზოგიც – სხვაგან და პროპაგანდის შედეგად ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც.
ამას რუსეთიც უწყობს ხელს. რუსეთის ჰიბრიდული ზეგავლენა საქართველოზე საკმაოდ ძლიერია და ეს ეხება ეკონომიკას, კულტურას, ტურიზმის სექტორს. გარკვეული რეგიონები, მაგალითად აჭარა და კახეთი, უკვე ეკონომიკურად მიაბეს რუსულ ბაზარს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობები ძირითადად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებშია გავრცელებული. ახალგაზრდობა კი „ერაზმუსის თაობაა“. ამიტომაც ამბობენ, რომ უფროსი თაობის ნაწილი ახალგაზრდობას მომავალს ართმევს და დასავლურ ინტეგრაციას ბლოკავს.“
კაპანაძე პროევროპელობაში უფრო ღრმა შრეს ხედავს:
„ძალიან ბევრი ადამიანისთვის პროდასავლურობა, უბრალოდ, დემოკრატიული, განვითარებული და კარგი ცხოვრების ევფემიზმი, ანუ სინონიმი იყო. ამას ემატებოდა ჩვენი ისტორიული ევროპული ფესვები – ქრისტიანული რელიგიით დაწყებული და პირველი რესპუბლიკის ტრადიციებით გაგრძელებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სადღაც ისტორიულ მეხსიერებასა და გენეტიკაში დევს, მაგრამ 2000-იან წლებში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ხელისუფლებამ და ელიტამ დიდი როლი შეასრულა ამ ყველაფრის წინ წამოსაწევად და გასაღვიძებლად. ანუ ეს იყო როგორც ხალხის არჩევანი, ისე ელიტების ქმედებების შედეგი”.
საზოგადოება როგორც იმუნური სისტემა ავტოკრატიის წინააღმდეგ
კითხვაზე — მზად არის თუ არა საზოგადოება დაიცვას საკუთარი ევროპული არჩევანი — ორივე ექსპერტის პასუხი მკაცრია: წინააღმდეგობა არსებობს, მასშტაბურია, მაგრამ არასტრუქტურირებული.

კაკაჩია:
„საზოგადოება ნამდვილად იბრძვის. შეიძლება ჩანდეს, რომ დაღლილია, მაგრამ ფაქტია – ქართული საზოგადოება ავტოკრატიას არ იღებს. ეს ჰგავს ორგანიზმს, რომელშიც ვირუსი მოხვდა – ორგანიზმი ეწინააღმდეგება. სიტუაცია ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა. მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების მძიმე მდგომარეობისა და ძლიერი ავტორიტარული ტენდენციებისა, რეჟიმი ვერ ახერხებს სრულ კონსოლიდაციას. „ქართული ოცნება“ დენთის კასრზე ზის: პროტესტი არ წყდება და მათ ვერ შეძლეს მისი გატეხვა.“
კაპანაძე:
„საზოგადოება მზად აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც შეეძლო, და ეს ბრძოლა გრძელდება. მე არ ვთვლი, რომ საზოგადოებამ უარი თქვა დემოკრატიაზე, განვითარებულ ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე ან ევროპაზე. მაგრამ როცა დიქტატურა მყარდება და ხელისუფლება ყველა მექანიზმს იყენებს მის გასამყარებლად, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის სწრაფად და ეფექტურად ორგანიზება ძალიან რთულია. საბოლოოდ მაინც პოლიტიკური კომპონენტია გადამწყვეტი. საჭიროა უფრო დიდი პოლიტიკური კონსოლიდაცია. წინააღმდეგობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ პოლიტიკურ სივრცეშიც. ამის გარეშე მხოლოდ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა საკმარისი არ იქნება.“
მთავარი დეფიციტია კავშირი ქუჩის პროტესტს, სამოქალაქო სექტორსა და ეფექტურ პოლიტიკურ ალტერნატივას შორის. ვიდრე ეს კავშირი არ ჩამოყალიბდება, რეჟიმს მანევრის სივრცე რჩება, ფიქრობენ ანალიტიკოსები.
დასავლეთი: მხარდაჭერასა და „ევროდაღლილობას“ შორის
ექსპერტები საუბრობენ ასევე დასავლეთის როლზე მთელს ამ პროცესში:
კაკაჩია:
„ბრიუსელი უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია: უკრაინის ომი, ტრამპის ფაქტორი, შიდა კრიზისები. ამ ფონზე საქართველო შეიძლება პრიორიტეტი არ იყოს, მაგრამ ევროკავშირი მაინც არ გვტოვებს. „ქართული ოცნება“ დიდი სიამოვნებით იხილავდა, რომ ევროკავშირს საქართველო დღის წესრიგიდან ამოეღო, მაგრამ ეს არ ხდება. ისინი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფაქტორს ითვალისწინებენ. დიახ, ევროკავშირს მეტის გაკეთება შეუძლია, მაგრამ სტრუქტურები რთულია — არსებობს უნგრეთი და სხვა ქვეყნები. ისინი ჯერჯერობით ლოდინის რეჟიმში არიან და იმედოვნებენ, რომ საზოგადოების წინააღმდეგობის გამო სიტუაცია გაუმჯობესდება. თუ არა – ამოქმედდება ისეთი ზომები, როგორიცაა უვიზო რეჟიმის გაუქმება.“

კაპანაძე:
„მხარდაჭერა იყო და არის – და ის ადეკვატურია. მაგრამ ჩვენს საქმეს ჩვენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს — არც ბრიუსელი და არც აშშ. დასავლეთს ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია საკუთარი კონსენსუსის არქონის გამო. ერთადერთი, რაც მას შეუძლია – დიქტატურას უფრო მაღალი ფასი გადაახდევინოს. მაგრამ ამას დრო სჭირდება. საბოლოოდ გადამწყვეტი მაინც შიდა პროცესებია. გარე ფაქტორი მეორეხარისხოვანია, ხოლო „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომელიც ყველაფერს გარედან მართულად წარმოაჩენს, შეგნებულად ამახინჯებს რეალობას.“
ფაქტობრივად, დასავლეთი ჩარჩენილია ორ სურვილს შორის – არ „დაკარგოს“ საქართველო და ამავე დროს არ მოახდინოს ავტორიტარული შებრუნების ლეგიტიმაცია. ეს თბილისს ცინიკური თამაშის შესაძლებლობას აძლევს: აპელირება ტრამპისტურ ამერიკაზე, ფლირტი ევროკავშირის სკეპტიკოსებთან, კანდიდატის სტატუსის შენარჩუნება… და ამის პარალელურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟი.
რა იქნება შემდეგ: სამი სცენარი
საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რწმენით: „ჩვენთან ეს არ მოხდება“, „საქართველო ბელარუსი არ არის“, “ხალხი რუსულ სცენარს არ დაუშვებს”, “საქართველოში სრულფასოვანი დიქტატურა ვერ დამყარდება”, “ჩვენი ევროპიდან შებრუნება შეუძლებელია”.
ქართველი ექსპერტების აზრით, ინსტიტუტები და საზოგადოება საქართველოში მართლაც უფრო ძლიერი იყო, ვიდრე რუსეთსა და ბელარუსში, თუმცა არა იმდენად, რომ ავტოკრატია შეუძლებელი გაეხადა.
მთავარი ირონია იმაშია, რომ სწორედ ევროპულმა სტატუსმა და პროევროპულმა რეპუტაციამ მისცა რეჟიმს მანევრის სივრცე: ბრიუსელსა და ვაშინგტონში დიდხანს სჯეროდათ, რომ „ეს თავისით გამოსწორდებოდა“. თბილისში კი, რომ „დასავლეთი არ დაუშვებდა“.
ორივე მხარე ინერციაზე იყო დამოკიდებული. სწორედ ამ ინერციამ მისცა პროცესს შესაძლებლობა ასე შორს წასულიყო.
მომავლის შესახებ ექსპერტები ილუზიების გარეშე საუბრობენ: ყველაფერი შეიძლება ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდეს – და ეს თეორია არ არის.
თუ მათი პოზიციები შევაჯამოთ, მივიღებთ სამ ძირითად სცენარს:
- სრულად კონსოლიდირებული დიქტატურა რუსეთის ორბიტაში;
- მართვადი ავტორიტარიზმი გაყინული ევროინტეგრაციით და „ფასადური კანდიდატის სტატუსით;
- შიდა პოლიტიკური გარღვევა – ოპოზიციის კონსოლიდაციის, მდგრადი პროტესტისა და დასავლეთის სინქრონიზებული მხარდაჭერის გზით.
კაკაჩია:
„დღევანდელი საერთაშორისო ვითარება ისეთია, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ხელისუფლებას სურს, საქართველო აღარ განიხილებოდეს კანდიდატ ქვეყნად ან „ასოცირებული ტრიოს“ წევრად და დაბრუნდეს „ნაცრისფერ ზონაში“. მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი ამას არ ეთანხმება. მოვლენების განვითარება პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, მოიძებნება თუ არა გამოსავალი ქვეყნის შიგნით. მოქალაქეებმა თავად უნდა შექმნან ეს გამოსავალი. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ გადამწყვეტი გარედან – ნაკლებად მოსალოდნელია.“
კაპანაძე კიდევ უფრო მკაცრად აფასებს რისკებს:
„შეიძლება თუ არა საქართველო დასავლეთს დაშორდეს? დიახ, შეიძლება. დიქტატურა საქართველოს დასავლეთისგან დიდი ხნით დააშორებს. დათმობს თუ არა დასავლეთი საქართველოს? ვფიქრობ, პრინციპულ დონეზე დასავლეთი დიქტატურას არ აღიარებს. შესაძლოა, გარკვეული ურთიერთობები დარჩეს, მაგრამ ლეგიტიმაცია არ იქნება. მთავარი რისკი სხვა რამეშია: თუ დიქტატურა საბოლოოდ დამყარდება, ჩვენ დავკარგავთ არა მხოლოდ დასავლურ ორიენტაციას, არამედ თავად დემოკრატიას. ეს კი სუვერენიტეტის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაკარგვას ნიშნავს, რადგან დიქტატურა საქართველოში უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ეს სრულ იზოლაციას ნიშნავს დასავლეთისგან და რუსეთის გავლენის სფეროში მოხვედრას. ხოლო რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა – დამოუკიდებლობის დაკარგვის პირდაპირი რეცეპტია.“
მასალა მომზადებულია მედიაქსელის მხარდაჭერით
exchange