რას სუნთქავს თბილისი
ბოლო წელია ფეისბუკზე განსაკუთრებით მოხშირდა პოსტები, სადაც ადამიანები თბილისში ჰაერის დაბინძურებაზე ჩივიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოში ჩატარებული ჰაერის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ თბილისელები ჭარბი რაოდენობით სუნთქავენ აზოტის დიოქსიდსა და სხვა მავნე ნივთიერებებს.
ეკოლოგებმა განგაში ჯერ კიდევ სამი წლის წინ ატეხეს, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჰაერში მტვრის, ოზონის, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე 2-ჯერ მაღალი იყო.
• თბილისის ჰაერში ტყვიაა. კვლევის შედეგები
უნდა ვივარაუდოთ, რომ 2014 წლიდან დღემდე მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა – რამდენიმე ციფრს მოვიყვანთ:
ბოლო 7 წლის განმავლობაში, თბილისის მუნიციპალიტეტმა სანიტარული და სხვა მიზეზების გამო 98,000-ზე მეტი ხის მოჭრაზე გასცა ნებართვა, საქართველოს ავტოპარკი კი 2016 წელს 8 % – ით გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმებით, ქალაქში თითოეულ მოსახლეზე მწვანე ნარგავის 50 კვადრატული მეტრი უნდა მოდიოდეს – თბილისში ეს მაჩვენებელი ნორმაზე 25 – ჯერ ნაკლებია.
2013 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოში სიმსივნით 35%-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ყველა ეს ციფრი და სტატისტიკური მონაცემი, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა – თბილისი შველას ითხოვს.
საქართველოს დედაქალაქი ამ მდგომარეობაში რამდენიმე მიზეზის გამო აღმოჩნდა. ჩვენ სამი ყველაზე მთავარი გამოვყავით:
მიზეზი პირველი: განადგურებული მწვანე საფარი
არქიტექტორ შოთა დემეტრაშვილს იმ საფეხმავლო ხიდზე მივყავართ, რომელიც ვერეს ხეობას კვეთს. ეს ხეობა ქალაქის ერთ–ერთი საჰაერო დერეფანია, თუმცა, როგორც სხვა დანარჩენი საჰაერო დერეფნების უმეტესობა, თავის მოვალეობას უკვე ვეღარ ასრულებს.
შოთა ყვება, რომ ქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურა რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება:
[yes_list]
- პირველი და მთავარი არის ქალაქგარეთ არსებული ტყეები, რომლებიც უშუალოდ წარმოქმნიან ჰაერს.
- მეორე – ქალაქის ხეობები, სადაც მდინარეები გაედინება. ამ ხეობების მეშვეობით ჰაერი ქალაქში აღწევს, ამიტომ მათ “საჰაერო დერეფნები” ეწოდებათ.
- მესამე კომპონენტი ქალაქის მწვანე საფარია: პარკები, ბაღები, სკვერები, რომლებიც ქალაქში ჰაერს ინარჩუნებენ.
[/yes_list]
ეს სამი კომპონენტი ერთიან სისტემას ქმნის, რომელიც წარმოშობს ჰაერს და სამივე კომპონენტი ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქმა ისუნთქოს. შოთა დემეტრაშვილის თქმით, დღეს თბილისში ეს ერთიანი სისტემა დარღვეულია და ამ სისტემის ვერც ერთი ნაწილი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას.
„ვერეს ხეობა, ვაკის მიმდებარე ტერიტორიები – ეს საჰაერო დერეფნები შეიძლება ითქვას რომ შეჭმულია, რადგან ყველგან გზა არის დაგებული. არა მხოლოდ მშენებლობა ანადგურებს საჰაერო დერეფანს, არამედ ნებისმიერი სახის ჩარევა, თუნდაც გზის დაგება, – ამბობს დემეტრაშვილი, – მდინარე მტკვარი ქალაქის ყველაზე მთავარი დერეფანია, როგორც ე.წ. ლურჯი ინფრასტრუქტურა. დღეს ის მაგისტრალებითაა ჩახერგილი, და შესაბამისად, ჰაერით კი არა, მანქანების გამონაბოლქვით ნიავდება. თბილისში რეკრეაციული სისტემების საერთო ხედვა არ არსებობს. წინასაარჩევნოდ ალაგ–ალაგ ერთი და ორი პარკის გახსნა ან რამდენიმე ხის დარგვა არაფერს ცვლის”.
მიზეზი მეორე: გამონაბოლქვი
როგორც სპეციალისტები ამბობენ, თბილისის ჰაერის დაბინძურებაში სარეკრეაციო სივრცის შემცირებაზე მეტად, ქალაქში მოძრავ ტრანსპორტს მიუძღვის წვლილი. ტრანსპორტის გამონაბოლქვის წილი ჰაერის დაბინძურების 95%-ს შეადგენს.
2016 წელს საქართველოში მოძრავი მანქანების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. 2015 წლის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული ავტომანქანების 90% ათ წელზე მეტისაა. ამ ავტომანქანების ყველაზე დიდი წილი კი (36,7%) სწორედ თბილისში იყრის თავს.
გეოგრაფისა და ტრანსპორტის მკვლევარის, გიორგი კანკიას აზრით, მთავარი პრობლემა მანქანების სიძველესა და კატალიზატორების არქონაში მდგომარეობს.
„საქართველოში ძირითადად მეორადი მანქანები შემოდის, რომლებიც სათანადო შემოწმებას არ გადიან. ამავდროულად, მძღოლები ძრავს ხშირად კატალიზატორებს ხსნიან და შემდგომ ყიდიან. შესაბამისად, გაუფილტრავი გამონაბოლქვი პირდაპირ უერთდება ჩვენს ჰაერს. საზოგადობერივი ტრანსპორტის ძირითადი ნაწილი კი დიზელზე მუშაობს, რომელიც ყველაზე ცუდი საწვავია გამონაბოლქვის მხრივ“.
გაუმართავი და მეორადი მანქანების პარალელურად, საქართველოში შემოსული საწვავის დაბალი ხარისხიც უქმნის ჰაერს პრობლემას.
საქართველოს კანონმდებლობით საწვავში ბენზოლის დასაშვები ნორმა 3-ჯერ, ნახშირწყალბადის ნორმა 1,5-ჯერ, ხოლო გოგირდის ნორმა 15-ჯერ აღემატება ევროპულ სტანდარტს.
მიზეზი მესამე: სამშენებლო მტვერი
თბილისში მშენებლობების ბუმია. სარეკრეაციო ზონებს სტატუსი მარტივად ეცვლებათ და ისინი საცხოვრებელ ზონებად იქცევიან. მშენებლობის პროცესი ქაოტურია. გარდა იმისა, რომ ეს მშენებლობები ქალაქს ფეხით სიარულისთვის მოუხერხებლად აქცევს და ადამიანებს ტროტუარს ართმევს, არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა – არ არის დაცული სანიტარული ნორმები.
მშენებლობებთან თვეების განმავლობაში ყრია ქვიშის გორები, რომლებიც ოდნავი ნიავის დროსაც კი, ირგვლივ საშინელ ბუღს აყენებს. ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე, იქვე ხდება ქვის ხერხვა, რომლის მტვერი ძალიან საშიშია ადამიანის სასუნთქი ორგანოებისთვის.
* მასალა პირველად გამოქვეყნებულია 2017 წლის 7 დეკემბერს