რას მოიცავს "ქართული ოცნების" განათლების რეფორმა - კონცეფცია
რას მოიცავს ოცნების განათლების რეფორმა
საქართველოს სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულო იქნება სასკოლო ფორმების ტარება, ასევე იკრძალება მობილური ტელეფონები და ყველა სკოლაში ერთი, განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი ასწავლიან.
“ქართულმა ოცნებამ” დღეს მათ მიერვე დაანონსებული ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა. კონცეფციის ძირითადი პუნქტები განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პრეზენტაციაზე დაასახელა.
“ფუნდამენტური რეფორმის” მიხედვით:
● საქართველოში საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება – მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში ისწავლონ მხოლოდ იმ საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
● 11-კლასიან სწავლებაზე სკოლები 2027-2028 სასწავლო წლიდან გადავლენ. “ქართული ოცნების” განათლების მინისტრის თქმით, ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურვილი ექნებათ, რომ მე-12 კლასში ისწავლონ – ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ.
“იმის მიხედვით თუ რამდენი დარეგისტრირდება, შესაბამის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულ საშუალო სკოლებში გავხსნით მეთორმეტე კლასს. ახალგაზრდებს მივცემთ საშუალებას აიღონ როგორც მეთერთმეტე, ისე მეთორმეტე კლასის ატესტატი”, – თქვა გივი მიქანაძემ.
● მომავალი წლიდან საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი.
● მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში სკოლებში ყველა წიგნი შეიცვლება და ყველა სკოლაში ერთი, განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი ასწავლიან.
“ამისთვის სამინისტრომ გასული ექვსი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურის გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით: ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთსა და იმავე დისციპლინაში”, – თქვა გივი მიქანაძემ.
● “ქართული ოცნების” რეფორმის თანახმად, შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულო იქნება სასკოლო ფორმების ტარება.
“ამასთანავე, ვითვალისწინებთ სოციალურ დაუცველ ოჯახებს. ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 000 ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით”, – თქვა გივი მიქანაძემ.
● ამასთან, სკოლებში აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება.
“სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაცული იქნება ბალანსი, რათა არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვს მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერღვეს.” – თქვა მიქანაძემ.
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ “ამბიციური მიზანი”, რომ საქართველოშიც იმავენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.
ექსპერტები დაანონსებულ რეფორმას განათლების სფეროში რეპრესიულ ცვლილებად აფასებენ.
განათლების ახალ რეფორმაზე უფრო ვრცლად, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.