რას აპირებს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე? (და საერთოდ, აქვს თუ არა რაიმე გეგმა)
ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ნახევარი წელი გავიდა, თუმცა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არა თუ განიმუხტა, კიდევ უფრო გაღრმავდა.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ერთპარტიული პარლამენტსა და მის მიერ დანიშნულ მთავრობას კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
რთული ვითარება აქვს “ქართულ ოცნებას” საერთაშორისო ასპარეზზეც – რამდენიმე პარტნიორმა ევროპულმა ქვეყანამ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. სანქცირებულთა შორის არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები. აშშ-ი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “მეგობარი აქტის” დამტკიცებას აპირებს, რომელიც ასევე მკაცრი სანქციებით ემუქრება მთავრობის წევრებს.
უკვე ნახევარი წელიწადია ქვეყანა უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმში ცხოვრობს. აქციებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს – ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ “სინდისის პატიმრები” – პროტესტის 50-ზე მეტი მშვიდობიანი მონაწილე, რომლებიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პროევროპული აქციების დროს დააკავა.
ამ ფონზე ქვეყანა ახალ საარჩევნო ციკლს უახლოვდება: 2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს.
ხელისუფლებისთვის ეს არის შანსი, დააბრუნოს პოლიტიკური ცხოვრება სამართლებრივ ჩარჩოში და ასევე განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციის რიგებში – თუმცა, დათანხმდება თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიცია, ეს დღეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელზეც საერთო და ცალსახა პასუხი ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ.
ზოგიერთი პარტია “არაფერს გამორიცხავს”, სხვები კი აშკარად თავს არიდებენ კონკრეტულ პოზიციონირებას. კითხვა — “რას აპირებს ოპოზიცია?” — არამარტო პოლიტიკურ ექსპერტებს, არამედ საპროტესტო ელექტორატსაც აწუხებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე 169 დღეა რუსთაველზე დგანან.
- “მტრული დოკუმენტი” – პარლამენტმა MEGOBARI აქტის საპასუხო განცხადება გაავრცელა
- გერმანიის ახალი მთავრობა მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, შეცვალოს პოლიტიკური კურსი
ოპოზიციასთან სხვაც ბევრი კითხვაა – მაგალითად, რატომ არ ჩანან ისინი პროტესტის ავანგარდში? როგორ უყურებენ ქუჩის პროტესტს? და ასევე, შეუძლიათ თუ არა გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო, მაგრამების და წინაპირობების გარეშე.
ამ თემებზე ყველას მკაფიო პოზიციის მოსასმენად, JAMnews-მა შვიდ ოპოზიციურ პარტიას (გაერთიანებას) სამი ერთი და იგივე შეკითხვა გაუგზავნა და მათზე წერილობითი პასუხი სთხოვა. შვიდიდან ხუთმა სუბიექტმა კითხვებს უპასუხა. ორმა – გაერთიანებამ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და პარტიამ “გირჩი”, შეკითხვებს არ უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ მათ პასუხების გამოსაგზავნად დრო რამდენჯერმე გავუხანგრძლივეთ და კომუნიკაციაც არაერთხელ, არაერთი ფორმით ვცადეთ.
ამ სტატიაში იპოვით ხუთი პოლიტიკური სუბიექტის პასუხს. სტატიის მარცხნივ მოცემული სარჩევი დაგეხმარებათ, იპოვოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვაზე.
აპირებთ თუ არა მონაწილოებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში?
დამაზუსტებელი კითხვა: რა შემთხვევაში ან რა პირობებით მიიღებთ მონაწილეობას? მაგალითად, ჩაერთვებით თუ არა პროცესში, თუ „ქართული ოცნება“ გაათავისუფლებს სინდისის პატიმრებს, მაგრამ არ შეცვლის საარჩევნო წესებს (ბარიერი, მაჟორიტარები) და საარჩევნო ადმინისტრაციას?

კოალიცია “ცვლილებისთვის”
(გვარამია, მელია, გირჩი, დროა)
ვიდრე არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები და არ დაინიშნება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ.
რეჟიმის დამარცხებისა და ქვეყანაში ცვლილებების მიღწევისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიყოთ თანმიმდევრულები და გვქონდეს სრული არათანამშრომლობა. დღეს საქართველოს სჭირდება ცვლილებები, ცვლილებისთვის კი მნიშვნელოვანია ორივე მოთხოვნის დაკმაყოფილება და ორივე მოთხოვნის შესრულებამდე მისვლა. მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ნიშნავს, მომავალში ახალი პოლიტიკური პატიმრების გაჩენას, რისი სამწუხარო გამოცდილებაც გვაქვს.
საარჩევნო წესების ცვლილების გარეშე, არსებული მძიმე საარჩევნო გარემო ვერ შეიცვლება და ვერ გახდება კონკურენტუნარიანი. დეკემბერში ‘’ოცნების’’ ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, სწორედ ადგილობრივი არჩევნებისთვის. ვენეციის კომისიამ კი საკუთარ შეფასებაში აღნიშნა, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა ადგილობრივი არჩევნების სამართლიანობა დააზიანოს. სწორედ ამიტომ, კომისია მოუწოდებს ‘’ოცნებას’’ გაიწვიოს ეს ცვლილებები, რადგან ისინი არღვევს საარჩევნო პროცესის სამართლიანობის პრინციპებს. ასევე, ‘’ქართულმა ოცნებამ’’ უკანასკნელი ცვლილებებით ფაქტიურად გააუქმა არჩევნებზე დაკვირვების უფლება. ანუ, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის ‘’ქართულმა ოცნებამ’’ საარჩენო გარემო კიდევ უფრო არსამართლიანი, არაკონკურენტული და არათავისუფალი გახადა.

კოალიცია “ძლიერი საქართველო”
(ლელო, ხალხისთვის)
ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებული ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.
დღეს ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი საკონსტიტუციო და პოლიტიკური კრიზისი, ძალაუფლებას დაპატრონებულია არალეგიტიმური დაჯგუფება, რომელმაც ძალადობრივი მეთოდებით შეცვალა საგარეო ვექტორი, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ათობით ადამიანი, ასობით ადამიანი გახდა ძალადობის ხოლო ათასობით ფინანსური ტეროროს მსხვერპლი. ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას გადაუდებლად სჭირდება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

გახარია საქართველოსთვის
ზოგადად, ნებისმიერი პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის უნდა იყოს მზად, შესაბამისად, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადება.
ყველაფრის და ყველას ბოიკოტი პოლიტიკოსისთვის უგუნურებაა, ყველაფრის ბოიკოტის პირობებში არ არსებობს რეალური პოლიტიკის კეთების სივრცე. მიმდინარე პოლიტიკური პროცესი ცვლადია, არავინ იცის, რა ვითარება იქნება ხვალ, ორ დღეში ან ორ თვეში. დღეს დღის წესრიგში დგას ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. ჩვენი გუნდი არის დამოუკიდებელი და თანმიმდევრული პოლიტიკური სუბიექტი. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ კონსულტაციებითა და ანალიზით – პარტიის შიგნით, ჩვენს წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც პოზიციონირებენ, რომ არ იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და პარალელურად წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ, არ ვატყუებთ ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს პოზიციას თანმიმდევრულად და გულწრფელად ვაცნობთ.
ვერც „ქართული ოცნების“, ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც სხვა ოპოზიციური პარტიის ზეწოლა ვერ იმოქმედებს ჩვენს პოზიციაზე. მით უმეტეს, ვერანაირი ზეწოლა ვერ განხორციელდება ჩვენს გუნდზე ქვეყნის გარედან. ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებთ დამოუკიდებლად ჩვენს ამომრჩეველთან ერთად, აუცილებლად ჩვენგან გაიგებს საზოგადოება.

ფედერალისტები
მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების პროტესტი უწყვეტად გრძელდება, 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი ციხეში რჩება, საჯარო სამსახურებში ტოტალური პოლიტიკური წმენდა და სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებთან მიმართებით კანონმდებლობის დამძიმება და გამოშიგნვა მიმდინარეობს, თვითმმართველობის არჩევნები სრულიად ირელევანტურია.
ჩვენ საკუთარ მორალურ პასუხისმგებლობად მივიჩნევთ, რომ, პირველ რიგში, ყველაფერი ვცადოთ, იმ მოქალაქეთა მოთხოვნების მისაღწევად, რომლებიც 170 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და მათმა ნაწილმა ამ მოთხოვნებისთვის თავისუფლება გაიღო და არა მხოლოდ მათთვის, რეალურად, თავისუფალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას საზოგადოების უმრავლესობა ეთანხმება. თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს რელევანტურობას, თუ ის დარჩება ზემოთ ჩამოთვილი ამოცანების მიღწევის ერთადერთ რეალისტურ გზად – მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაპირებთ, რომ განვიხილოთ, ხაზს ვუსვამ, განვიხილოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.
თუმცა, დღეს აბსოლუტურად რეალისტურად მიგვაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ძალაუფლების გადაბარების პროცესს მივაღწიოთ და ამიტომ, მივიჩნევთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე გაუთავებელი დისკუსია რეჟიმის პროპაგანდის ამოცანების გარდა, არაფერს ეხმარება.

თავისუფლების მოედანი
“თავისუფლების მოედანი” მიიჩნევს, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს პოლიტიკურმა სუბიექტებმა და ამომრჩევლებმა საყოველთაო ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ იმ შემთხვევაში, თუ არ დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, არ გათავისუფლდებიან სინდისის პატიმრები და თვისობრივად არ შეიცვლება საარჩევნო გარემო.
იმისთვის, რომ ბოიკოტი წარმატებული იყოს, საჭიროა ოპოზიციური პარტიების და ამომრჩევლების ერთიანობა მის გარშემო. საყოველთაო ბოიკოტს თავისუფლების მოედანი არც ერთ შემთხვევაში არ დაარღვევს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ საკითხში ოპოზიციის გადაწყვეტილება იყოს ერთიანი.
ამასთანავე, ნაწილობრივი ბოიკოტი, როდესაც პრო-ევროპული ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს არჩევნებში და ნაწილი – არა, გონივრულ აზრს მოკლებულია. ასეთი სცენარი დააზიანებს ოპოზიციას და რეჟიმის წისქვილზე დაასხამს წყალს. ოპოზიციის და მოქალაქეების კოორდინირებული მოქმედება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არის ცენტრალური საკითხი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უშუალოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
ქუჩის პროტესტი – როგორ ხედავთ მის მომავალს? როგორ უნდა გაგრძელდეს?
დამაზუსტებელი კითხვა: მაგალითად, თქვენ ხართ თუ არა მზად ქუჩაში თქვენი ამომრჩევლის გამოსაყვანად? პერმანენტული აქციების გასამართად? მათ შორის რეგიონებში, ან თუნდაც თბილისში სხვადასხვა უწყებებთან?

კოალიცია “ცვლილებისთვის”
(გვარამია, მელია, გირჩი, დროა)
ქუჩის წინააღდმეგობა, რომელსაც ბოლო 160 დღეზე მეტია ვხედავთ, არის უპრეცენდენტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა, ცხადია მას სჭირდება გაფართოება. ამ გაფართოებისთვის კი მნიშვნელოვანია მეტმა ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი პროტესტში, ზუსტად გაიაზროს თუ რას კარგავს ‘’ქართული ოცნების’’ პირობებში და რას მოუტანს მას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ცვლილებები. სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო აქტიური მუშაობა რეგიონებში.
ასევე, საჭირო და მნიშვნელოვანია ალტერნატივის ჩვენება, ანუ იმ საკითხების საზოგადოებისთვის გაცნობა, რომელთა შესრულებაზეც პასუხისმგებლობას ვიღებთ და ვთანხმდებით პროდასავლური პოლიტიკური ძალები. საკითხები, რომელთა შესრულებაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს და უკეთესობისკენ შეცვლის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას.

კოალიცია “ძლიერი საქართველო”
(ლელო, ხალხისთვის)
ქუჩის პროტესტი უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანი მგონია, არსებული ფორმები შემარჩუნდეს და ასევე შეიქმნას პრიტესტის ახალი ფორმებიც, მათ შორის ახალ ადგილებში.
ჩვენი კოალიცია მუდამ მონაწილეობს ყველა პროტესტში ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რეგიონებში. მაგალითისთვის, “ძლიერი საქართველოს” გორის გუნდი გამორჩეულად აქტიურად მონაწილეობს გორში დამუკოდებლად მიმდინარე სხვადასხვა პროტესტებში. ჩვენ მზად ვართ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ვიყოთ ჩართული მტკიცე და მშვიდობიან პროტესტში.

გახარია საქართველოსთვის
ვთვლით, რომ ქუჩის პროტესტი უნდა გადაიზარდოს ტარგეტირებულ, სოციალურ პროტესტში, ამის ნათელი მაგალითია ჭიათურის პროტესტი, სადაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები ჩავიდნენ მშრომელთა სოლიდარობისთვის. დღეს რუსთაველზე მიმდინარე პროცესი თითქოს უფრო ელიტური გახდა და ვერ მოიცავს ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს.
რეალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია პროტესტისას ასევე იკვეთებოდეს ის რეალური გამოწვევები, რომლებიც საქართველოს თითოეულ რიგით მოქალაქეს ეხება, მაგალითად ეკონომიკური პრობლემები, გაზრდილი ფასები, დაბალი ხელფასები, საშუალო ხელფასი, დაბალი პენსია, ნარკომანია და სხვა სოციალური საკითხები. ასე შევძლებთ ჩვენ პროტესტის გაზრდას, გაფართოებას.

ფედერალისტები
ფედერალისტები პირველივე დღიდან უწყვეტად ვმონაწილეობთ პროტესტში – არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მისი შინაარსობრივი მხარის გაძლიერებითა და ორგანიზებით. 28 ნოემბრიდან მოყოლებული ჩვენ ვაკვირდებით, რომ ქუჩის აქციები ცვალებადი დინამიკით მიმდინარეობს. მიმდინარე პროტესტს საბოლოო მიზნის მისაღწევად გაფართოება სჭირდება: როგორც რაოდენობრივი და გეოგრაფიული, ისე შინაარსობრივი.
ფედერალისტები დარწმუნებულები ვართ, რომ წინ პროტესტის არაერთი მასშტაბური ტალღა გველის, უბრალოდ, მნიშვნელოვანია, ამ ტალღას იმგვარი პოლიტიკური ალტერნატივა დავახვედროთ, რომ დაგროვებული ბრაზი უკვალოდ არ აორთქლდეს და პოლიტიკურ ცვლილებაში ითარგმნოს. ამისთვის მნიშვნელოვანია იმგვარ პოლიტიკურ ალტერნატივაზე მუშაობა, რომელიც მოქალაქეებს უკეთესობის იმედს შთააგონებს, ოპტიმიზმით განაწყობს ცვლილებების მიმართ და იმ შიშებს უპასუხებს, რომელსაც მოქალაქეები, მათ შორის რეჟიმის პროპაგანდის დახმარებით, ცვლილებებს უკავშირებენ.
მათ შორის ამ ამოცანისთვის შეიქმნა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული წინააღმდეგობის პლატფორმა. პლატფორმა ეფუძნება პრეზიდენტის ქართულ ქარტიას, სადაც მოცემულია ის შინაარსი, რომელსაც შეიძენს ცვლილებები ამ ქვეყანაში, რადგან რელევანტური საარჩენო სუბიექტების უმრავლესობა მასზე შეთანხმებულია და ეს შინაარსი მოქალაქეების დასარწმუნებლად უნდა გამოვიყენოთ, რომ ცვლილებას ჭეშმარიტად დასავლური, თავისუფალი რესპუბლიკის დაფუძნება მოყვება და არა მორიგი უშინაარსო კატაკლიზმა, რომელიც არაფერს შეცვლის მათი ცხოვრების ხარისხისთვის.
თუ პოლიტიკური პარტიები მოვახერხებთ, საზოგადოების ამგვარი ალტერნატივის შეთავაზებას, ქუჩის პროტესტი გარდაუვლად გაფართოვდება და პოლიტიკური ცვლილებების ენერგიად გარდაიქმნება.

თავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი მუდმივად აორგანიზებს და შეუწყვეტლად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში თბილისში და სხვა ქალაქებში. იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და რეჟიმი დიქტატურის გზას ადგას, თავისუფალი ადამიანების, სამოქალაქო საზოგადოების ხმამაღალი პროტესტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. პროტესტი უნდა გაგრძელდეს საბოლოო მიზნის მიღწევამდე, რაც უკანონო პატიმრების გათავისუფლებას, თავისუფალ არჩევნებს და რეჟიმის ცვლილებას გულისხმობს.
ქუჩის პროტესტი შეიძლება იყოს ცვალებადი ინტენსივობის, მაგრამ ის უნდა იყოს მუდმივი. კონსოლიდირებული ავტოკრატიის დამარცხება მხოლოდ საარჩევნო კამპანიის გზით წარმოუდგენელია. ასეთ ვითარებაში დემოკრატიის ბედი თითოეული მოქალაქის ხელშია. თავისუფლების მოედანი მზად არის პერმანენტული აქციებისთვის, სამოქალაქო წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმების და გაფიცვისთვის. ამ პროცესის დასასრული იქნება რეჟიმის დასუსტება და მისი საბოლოო რღვევა.
აქვს თუ არა პერსპექტივა ოპოზიციის გაერთიანებას?
დამაზუსტებელი კითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ ეს ერთობა? რისთვის არის საჭირო, რას ცვლის? იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შედის საარჩევნო ბრძოლაში, ეყოლება თუ არა მას მაგალითად, მერობის საერთო კანდიდატები საქართველოს დიდ ქალაქებში?

კოალიცია ცვლილებისთვის
(გვარამია, მელია, გირჩი, დროა)
ოპოზიციის გაერთიანება და კოორდინირებული მოქმედება მნიშვნელოვანია და ამის წარმატების მაგალითებიც გვაქვს. გაერთიანება მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პროპაგანდის წინააღდმეგ საბრძოლველად და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რამაც წარმატების მაგალითები მოგვიტანა – სანქცირების პოლიტიკის გაფართოებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.
პროდასავლურ პარტიებს არ უნდა ჰქოდეთ შიში იდენტობის დაკარგვის. როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი საჭიროა ყოველთვის გახსოვდეს, ვინ არის მოკავშირე და ვინ მონწინააღმდეგე ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.

კოალიცია “ძლიერი საქართველო”
(ლელო, ხალხისთვის)
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ოთხმა კოალიციამ მიიღო მეტი ხმა, ვიდრე “ქართულმა ოცნებამ”. ერთერთი მიზეზი, რატომაც ეს შესაძლებელი გახდა, არის ოპოზიციურ პარტიათა სწორი დაჯგუფება, პოლიტიკური თუ შინაარსობრივი ნიშნით. ჩვენ ყველა გემოვნების ამომრჩეველს მივეცით საშუალება, კომფორტულად გაეკეთებინა ოპოზიციური არჩევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია დაკარგავდა ბევრ ხმას.
შესაბამისად, არ მივიჩნევ, რომ ოპოზიციის ერთ სუბიექტად გაერთიანება აპრიორი სიკეთის მომტანია; და პირიქით, სოციოლოგია მოწმობს რომ ის შეიძლება საზიანოც იყოს, რადგან მოცემულობა ის არის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ფრაგმენტირებულია. ამავე დროს, სრულად ვემხრობი კოორდონირებულ შრომას, რისი საუკეთესო მაგალითიც ოპოზიციის საგარეო გუნდის ერთობლივი შრომაა.

გახარია საქართველოსთვის
ნებისმიერი სახის პოლიტიკური გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს. გაერთიანება არ არის თვითმიზანი, მიზანი ქვეყნის დემოკრატიულ სივრცეში დაბრუნებაა.
საქართველოში პოლარიზაციის მაღალი ხარისხი პოლიტიკურ სივრცეში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გამოჩენამ გაარღვია. მოქალაქეებს „ოცნებისა“ და „ნაც.მოძრაობის“ მიღმა უნდა ჰქონდეს ალტერნატიული არჩევანი, ვინაიდან მათი რიცხვი, ვისაც არც ერთი უნდა ხელისუფლებაში და არც მეორე მოსწონს დიდია და კიდევ უფრო იზრდება.
ჩვენს პარტიას, ჩვენი წარსულიდან გამომდინარე, აქვს ყველაზე დიდი წვდომა „ოცნების“ ამომრჩეველზე – „ოცნების“ ამომრჩევლისთვის ნაცმოძრაობა ვერასოდეს გახდება მისაღები. აუცილებელია, ამ ხალხს ვესაუბროთ და არ დავტოვოთ მარტო „ოცნების“ ჰიბრიდულ ომში, რასაც სამწუხაროდ ხშირად ეფექტურად აწარმოებს.
რაც შეეხება თანამშრომლობას, ზეპარტიულ საკითხებზე, რომლებიც ეხება პოლიტპატიმრებს და საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას ახალი არჩევნების გზით, კომუნიკაცია გვაქვს ყველასთან, მათ შორის – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ფორმატში.

ფედერალისტები
ოპოზიციის ე.წ. გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე პროტესტის ამოცანების გარშემო, რადგან ეს არის დღეს საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა და მხოლოდ ასეთი ერთობა დააჩქარებს ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებას.
მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმის შიდა მორალურ და გარე დიპლომატიურ იზოლაციას, თან დაერთოს ალტერნატიული პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარე პროტესტის ამოცანების დახმარებას უზრუნველყოფს.
სწორედ ამ დაკვეთას პასუხობს წინააღმდეგობის პლატფორმა.
ფედერალისტები, სხვა პარტიებთან ერთად, დამოუკიდებლად და სხვებთან აღრევის გარეშე, სწორედ ამ შინაარსზე დაფუძნებულ, ქვემოდან ზემოთ პროცესში ვმონაწილეობთ და კრიზისის გასაღებსაც ამაში ვხედავთ.

თავისუფლების მოედანი
მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას მოქმედების საერთო სტრატეგია ჰქონდეს, რაც გულისხმობს კოორდინირებულ მოქმედებას და წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს. ასეთი უნდა იყოს მიდგომა ისეთი საკვანძო გადაწყვეტილებების მიმართ, როგორიცაა არჩევნებში მონაწილეობის საკითხი.
თუ, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, დიდ ქალაქებში მერობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმება მიზანშეწონილი იქნება. ასეთი კანდიდატები არაპარტიული, საზოგადოების მაღალი ნდობით მოსარგებლე ადამიანები შეიძლება იყონ. თავისუფლების მოედანი ხელს შეუწყობს ოპოზიციურ კონსენსუსს, კოორდინაციას და საერთო კანდიდატების გარშემო გაერთიანებას იმდენად რამდენადაც ეს რეჟიმის დამარცხებს ხელს შეუწყობს.
ასეთი თანამშრომლობა არ ნიშნავს ხელოვნურ შერწყმას ერთ ორგანიზაციად, რაც დამაზიანებელი იქნებოდა, როგორც რეჟიმის დამარცხების, ისე პოლიტიკური ინსტიტუტების გრძელვადიანი განვითარების ამოცანებისთვის. მას შემდეგ, რაც ავტორიტარული რეჟიმი ძალაუფლებას დათმობს, დემოკრატიულმა პარტიებმა დამოუკიდებელი განვითრება უნდა განაგრძონ და ერთმანეთს თავისუფალ საარჩევნო გარემოში შეეჯიბრონ.
ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე