რა გეგმა აქვს ქართულ ოპოზიციას, რომელიც არ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს
31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ქუჩაში გავიდა. ერთი კვირის თავზე, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ოპოზიციას მასშტაბური აქციები აქვს დაანონსებული.
არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელმეორე არჩევნებს მოითხოვს.
ოპოზიციის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც დაადასტურეს, რომ “ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ”.
● ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ისინი პარლამენტში არ შევლენ
მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა.
არჩევნები მართლა გაყალბდა?
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა (48.24 %) მიიღო მმართველმა გუნდმა “ქართულმა ოცნებამ”. ეს პირველი შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც მმართველი პარტია ზედიზედ მესამე ვადით რჩება ხელისუფლებაში.
თუმცა, ოპოზიცია ოქმების მასობრივ გაყალბებაზე, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და დაშინებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ეს არ იყო თავისუფალი არჩევნები.
რამდენიმე არგუმენტი აქვთ მათ, ვინც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.
ყველაზე დოკუმენტირებული არგუმენტია ის დისბალანსი, რომელიც საარჩევნო ოქმებშია გამოვლენილი. ოქმების ნაწილში უცნაური მათემატიკაა – მაგალითად, წერია, რომ არჩევნებზე 795 ამომრჩეველი მივიდა, მაგრამ ხმა მისცა 3050 ადამიანმა.
ცესკომ ბიულეტენების 100 პროცენტი დაითვალა. ოფიციალური შედეგები ასეთია:
1. მმართველი პარტია “ქართული ოცნება” – 48,24%
2.”ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია” – 27.15%
3. “ევროპული საქართველო – 3,79%
4. “პატრიოტთა ალიანსი” – 3.14%
5. “ლელო” – 3.16%
6. “სტატეგია აღმაშენებელი” – 3.15%
7. “გირჩი” – 2.89%
8. მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1.33%
ასევე, ხელისუფლების ოპონენტები მიუთითებენ ამომრჩევლის მოსყიდვაზე და დაშინებაზე როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში.
ტელევიზიების ობიექტივში მოხვდნენ კოორდინატორები სიებით და ასევე კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ ძველი ბიჭები, რომლებიც საარჩევნო უბანთან საკუთარი ყოფნით დაძაბულობას ქმნიდნენ.
ოპოზიციაც, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნოდ ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა.
კიდევ ერთი არგუმენტია პარალელური დათვლის შედეგები: ყოველი არჩევნების დროს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებს (ეს არ არის ეგზიტპოლი, ორგანიზაცია ხმებს ითვლის ცესკოს პარალელურად) და მისი შედეგი ყოველთვის ემთხვევა ცესკოს ოფიციალურ შედეგს.
თუმცა, ამჯერად ასე არ მოხდა.
ამ ორგანიზაციის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში – 45.8 პროცენტი მიიღო (ცდომილების ზღვარია – 0.7 პროცენტი) და ასევე, მიუთითა, რომ საარჩევნო ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსის გამო, ეს ცდომილება შეიძლება გაიზარდოს.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებებშიც არის საუბარი დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის შემთხვევებზე, საერთო ჯამში, არჩევნების შედეგები მათ ლეგიტიმურად აღიარეს.
„საპარლამენტო არჩევნებში ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო, თუმცა, 31 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო“, – ასე აფასებს არჩევნებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიენ სტირკი.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ იყო დაშინება და მოსყიდვა, რაც საარჩევნო პროცესს აზიანებს, თუმცა “ეს არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ არის”.
უფრო მკაცრი შეფასება მისცეს არჩევნებს ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომლებიც საარჩევნო პროცესს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
● არასამთავრობოები: მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება
ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებად თავისუფალი იყო და “გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით”.
რას აპირებს ოპოზიცია
მემორანდუმს პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ ხელი მოაწერა შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც პარლამენტში მოხვდა.
კიდევ ერთი, მერვე პარტია – “პატრიოტთა ალიანსი” დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციების ფორმატში არ თანამშრომლობს, თუმცა ასევე აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევა.
მემორანდუმს ხელს ის პარტიებიც აწერენ, რომელთაც ერთპროცენტიანი ზღვარი ვერ გადალახეს.
ამ ეტაპზე ოპოზიციის მომავალი სამოქმედო გეგმა ბუნდოვანია – გარდა იმისა, რომ 8 ნოემბერს დიდი აქციაა დაგეგმილი, სხვა უფრო კონკრეტული გეგმები, თუ რას აპირებს ოპოზიცია, უცნობია.
აშკარაა, რომ ლიდერები გზა და გზა იღებენ გადაწყვეტილებებს – იკრიბებიან, მართავენ კონსულტაციებს. უკვე რამდენიმე დღეა, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს პერმანენტული აქციები.
უკვე მოასწრეს საჯარო ჩხუბიც – “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც სანიკიძემ თქვა, რომ ოპოზიციის გასამარჯვებლად აუცილებელია საქართველოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა, რადგან “ოპოზიცია უუნაროა მიშას გარეშე”. ეს ინციდენტი იმის დასტური იყო, რომ სააკაშვილის ფიგურა ოპოზიციაში ამ ეტაპზე უფრო გამყოფის ფუნქციას ასრულებს, ვიდრე გამაერთიანებლის.
სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე დიდი და რეიტინგულია ოპოზიციურ გაერთიანებაში, თავად ექს-პრეზიდენტი კი, უკრაინიდან აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში.
ორი დღის წინ მან კიდევ ერთხელ დაწერა: “თუ ქართული ოპოზიცია ერთობლივად გადაწყვეტს, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ, ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და არაფრის არ შემეშინდება”
სააკაშვილმა ასევე მოუწოდა ოპოზიციის მომხრეებს, ნუ შეეშინდებათ კორონავირუსის, დაიცვან ყველა ნორმა და მივიდნენ აქციაზე.
პარალელურად, მიდის ოქმების გადამოწმების პროცესი. გაერთიანებულ ოპოზიციასაც და სხვა პარტიებსაც ასეულობით საჩივარი აქვთ დაწერილი. ასევე, ისინი ხვდებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათი თქმით, კონკრეტული დარღვევების დამადასტურებელ საბუთებს წარუდგენენ.
კორონავირუსი ის მოცემულობაა, რომელმაც ოპოზიციის შემდგომი გეგმები ნამდვილად შეიძლება შეცვალოს.
საქართველოში ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი. 4 ნოემბერს დაიკეტა ბაგა-ბაღები და დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა დაწყებითი კლასების სასწავლო პროცესი სკოლებში (უფროსკლასელები უკვე რამდენიმე თვეა დისტანციურ სწავლებაზე არიან).
მართალია, ხელისუფლება ამბობს, რომ არ აპირებს საყოველთაო ლოქდაუნის გამოცხადებას, თუმცა პროგნოზის გაკეთება, თუ რა იქმნება უახლოეს დღეებში რთულია, რადგან ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სერიოზულ კრიზისშია.
ხელისუფლების პასუხი
პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში ოპოზიცია მნიშვნელოვან პოლიტიკურ ტრიბუნას კარგავს და ქუჩაში დარჩენილს მარგინალიზაციის საფრთხე ემუქრება, ფიქრობს ექსპერტების ნაწილი.
თუმცა, უფრო ოპოზიციის შეუსვლელობა უფრო დიდი თავის ტკივილია ხელისუფლებისთვის, რომელიც შეიძლება სრულიად მარტო დარჩეს პარლამენტში.
ამ ვითარების პასუხად, ხელისუფლებამ მათი დასჯა მოიფიქრა, ვინც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით დაფინანსება შეუწყდეს იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტის ბოიკოტირებას აპირებენ.
„ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ანუ ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, ამ შემთხვევაში მას უარი უნდა ეთქვას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დაფინანსებაზეც. ეს იქნება, ბუნებრივია, ძალიან ლოგიკური, ამაზე პარლამენტი ალბათ იმსჯელებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ჩანს, ეს იდეა აქტიურად განიხილება ხელისუფლებაში, რადგან სამთავრობო არხის, “იმედის” ეთერში ინტერაქტიული გამოკითხვაც კი ჩაატარეს, კითხვით – “უნდა შეუწყდეს თუ არა იმ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსება, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ”.
ოპოზიციაში ხელისუფლების ეს განცხადება შანტაჟად შეაფასეს.
“ივანიშვილს ჰგონია, რომ ეტყვის პოლიტიკურ პარტიებს, თუ არ შეხვალთ პარლამენტში, მაშინ შეგიწყდებათ დაფინანსებაო და პარტიები გადაიფიქრებენ და დათანხმდებიან არჩევნების გაყალბებას. მენტალურად ისეა მოწყობილი თვითონ, რომ ჰგონია, შანტაჟი ყოველთვის მუშაობს… ასე მართავს თავის პარტიას და ასე უნდა რომ მართოს ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ეს არ გამოუვა,” – ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.
რა იქნება, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, ამას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. როგორც მენაბდე განმარტავს, პარლამენტს უფლება აქვს შეუდგეს მუშაობას, თუ პირველ სხდომას დაესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 76 დეპუტატი – ამდენის მოგროვებას კი, “ქართული ოცნება” სხვების დახმარების გარეშე ახერხებს.
“მთავარი შედეგი ის არის, რომ ივანიშვილი უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო, როგორც თურქმენბაში,” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.