რამდენიმე ცხოვრება ერთში
ჩემი აზრით, შემოქმედებითი გზა სამყაროს შეცნობასთან ერთად იწყება. ალბათ, ადრეული ასაკიდანვე ვცდილობდი სამყაროს შეცნობას. კარგი წარმოსახვის უნარი მქონდა, ვიყავი მგრძნობიარე და თან ძალიან სათუთი ბუნების ბავშვი. ეზოში წარმოდგენებს ვაწყობდი და თავადვე ვამზადებდი მოსაწვევ ბილეთებს. ამის შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში სასკოლო მარიონეტების თეატრი გაჩნდა.
თეატრი ის ადგილია, სადაც ვცხოვრობ. სხვა პროფესიის ადამიანებისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია, ერთი ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე ცხოვრება განვვლოთ და სხვა ადამიანების განცდები გავითავისოთ. არ მგონია, რომ მხოლოდ კინოსა და თეატრში ვასრულებთ როლებს – ცხოვრებაშიც ყველას თავის როლი აქვს.
არ მიყვარს ოცნება და თან უმოქმედობა. მე საქმის ადამიანი ვარ და ყველაფერს რეალისტურად ვუყურებ. ჩემი აზრით, რაიმე სამსახურზე ოცნება ზედმეტი სენტიმენტალურობის გამოვლინებაა, რაც რეალურობის აღქმას უშლის ხელს. ჩემი აზრით, მხოლოდ ის მსახიობი ოცნებობს, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი პოტენციალი სათანადოდ არ არის რეალიზებული.
მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მხოლოდ ტვინი იღლება, ფიზიკურად არასდროს ვიღლები. დასასვენებლად უცნობი ადამიანები მჭირდება, რომლებთანაც რაიმე ორმხრივი ვალდებულებები არ მაკავშირებს. ემოციური განმუხტვისთვის ისეთ ადგილებს ვირჩევ, სადაც ბევრი უცნობია.
ადამიანის აზრი მადარდებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია, ჩემს პირად სივრცეში შემოიჭრას; ანუ მხოლოდ იმ დოზით, რამდენადაც საზოგადოებას აქვს უფლება, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს. ზედმეტ ჩარევას ვერ ვიტან. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანი. ცხვირს არავის ვუბზუებ და არასდროს უგულვებელვყოფ სხვის აზრებს.
ბედნიერებითვის საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა მჭირდება. არ მოვითხოვ, რომ ვინმემ გამაბედნიეროს. ცხოვრების ყველა მომენტით მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიიღო. ასე ვცხოვრობ და ამიტომ ყოველთვის ბედნიერი ვარ. მებრძოლი ადამიანი ყოველთვის ბედნიერია, რადგან მისი გონება ყოველთვის დაკავებულია და სევდისა თუ წუწუნისთვის დრო არ რჩება.
ცხადია, გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, თითოეულ ჩვენგანს თავისი ბედი აქვს. ყველა ადამიანი იმას იმსახურებს, რაც აქვს. თუკი ჩემს ცხოვრებაში რაიმე კარგი შემემთხვა, მხოლოდ იმის წყალობით, რომ ამის მისაღწევად გარკვეული შრომა გავწიე. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ სასწაულების მჯერა, ჩემთვის ასეთი ბედნიერი შემთხვევები მოულოდნელობას არ წარმოადგენს. კარგია, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული და ჩემს შრომასა და გარჯას სათანადოდ აფასებენ.
მადლობას ვწირავ ღმერთს იმისთვის, რომ ისეთ პიროვნებას, ისეთ “მოვლენას” შევხვდი, როგორიცაა გრანტ ტოხატიანი. ჩემს გვერდით ჩემი საყვარელი ადამიანია და ახლა ჩვენ ორნი ვართ… დამსახურებულ არტისტთან ერთად ცხოვრება დიდი პასუხისმგებლობაა. მე მას დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ; თანაც, მიყვარს როგორც მამაკაცი და ბედნიერი ვარ, მასთან ერთად რომ ვცხოვრობ.
ერთი წუთით ყოვლისშემძლედ რომ ვიქცე, ადამიანებს სიყვარულსა და სიკეთეს შევმატებდი და ბოროტებას მოვაშორებდი. რატომ არის ზოგიერთი ადამიანი ბედნიერი, ზოგი კი – უბედური? ყველაფერი თავიდან მოდის. ტვინის მუშაობას გადავაწყობდი და სიკეთეზე, სიყვარულსა და აღმშენებლობაზე მოვმართავდი. და, მოთმინებასაც დავუმატებდი.
ლუიზა ნერსესიანი ერევნის სახელმწიფო კამერული თეატრის მსახიობია. მრავალი წლის განმავლობაში ის როგორც თეატრის, ასევე კინოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია სომხეთში. “ქალის საუკეთესო როლისთვის” მიღებული აქვს პრემია “არტავაზად 2015”.