არჩევნები და არშემდგარი რევოლუცია - საქართველო პოლიტიკური კრიზისის ახალ ფაზაში შედის. რა მოხდა 4 ოქტომბერს
რა მოხდა 4 ოქტომბერს
4 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ფონზეც ქვეყანა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში.
მრავალათასიანი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე გუშნ არჩევნების პარალელურად შეიკრიბა, პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობით და პოლიციის ჩარევით დასრულდა.
დაკავებულია ათამდე ადამიანი. არიან დაშავებულები.
არჩევნებში, კი რომლებსაც ოპოზიციის და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, მმართველმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
არჩევნების შედეგები
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1 438 116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.93%-ს შეადგენს. თბილისში, სადაც ანტისახელისუფლო პროტესტები გრძელდება, აქტივობა კიდევ უფრო დაბალი იყო – 31 %.
ეს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე დაბალი საარჩევნო აქტივობაა საქართველოსთვის.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით ხმების 81.68% მიიღო, რაც მას უპირატესობას აძლევს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში.
თბილისის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა და თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძე ხმების 71,5%-ით პირველი ადგილი დაიკავა. მან ჯამში 214 872 ხმა მიიღო.
ასევე არჩევნებში მონაწილეობდა სამი პროევროპული ოპოზიციური პარტია, მათ შემდეგი შედეგი აჩვენეს:
● “ლელო” – 6.71 % (თბილისში – 9. 93 %)
● “გახარია საქართველოსთვის” – 3.68 % (თბილისში – 3.1 %)
● “გირჩი” – 2. 96 % ( თბილისში – 7.69 %)
ცესკოს ოფიციალურ შედეგებით, თბილისში ამომრჩევლების რაოდენობა აღწევს 1 043 482 ადამიანს. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 324 281 ( ანუ 31, 08%-მა). აქედან “ოცნების” კანდიდატმა, კახა კალაძემ მიიღო 214 575 ხმა.
“ანუ კალაძეს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ 20.56% უჭერს მხარს. მხოლოდ მეხუთედი ამომრჩევლის მხარდაჭერა არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ თბილისის რეზისტენტულობას ისევ აჩვენს,” – აღნიშნავენ ანალიტიკოსები. სამოქალაქო სექტორის თქმით, მონაცემები ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნება” დედაქალაქში რეიტინგს სულ უფრო ჰკარგავს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს შედეგი „ხალხის მტკიცე მხარდაჭერად“ შეაფასა, მაშინ როდესაც ოპოზიცია და სამოქალქო სექტორი აღნიშნული არჩევნების შედეგებს სერიოზულად არ განიხილავენ, რადგან არჩევნები ჩატარდა სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე, ოპოზიციის ბოიკოტის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე.
თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ. ფოთში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძეm ხმების 100% მიიღო. რუსთავის მოქმედმა მერმა ნინო ლაცაბიძემ ხმების 91,9% (30 962 ხმა) მიიღო. ქუთაისის მერი გახდება დავით ერემეიშვილი, რომელმაც ხმების 85,6% (37 635 ხმა) მიიღო. ბათუმში მერის არჩევნებში 80,6%-ით (42 815 ხმა) გაიმარჯვა გიორგი ცინცაძემ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არჩევნები „მშვიდ გარემოში და წესრიგით“ ჩატარდა. “საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, საჩივრები ძირითადად შეეხება: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ.” – აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
როგორ პოლიტიკურ ფონზე ჩატარდა არჩევნები
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ მთელ რიგ მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, “კოალიციას ცვლილებებისთვის”, პოლიტიკურ გაერთიანება ფედერალისტებს და აშ.
თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მასობრივი დემონსტრაციების ფონზე – საქართველოში თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს უწყვეტი აქციები, რომლებიც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ შედეგები გაყალბებულად მიიჩნია, უარი თქვა მანდატებზე და პარლამენტში შესვლაზე. მალევე, 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღიად გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოთხი წლით გადაიდება – რაც პროევროპულმა ამომრჩევლებმა ქვეყნის კურსის დეკლარირებულ ცვლილებად შეაფასა და უწყვეტი პროტესტი დაიწყო.
4 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ასევე იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი კვლავ ციხეში რჩება – რვა პოლიტიკოსი დასჯილია იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე საპარლამენტო კომისიისთვის, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სავარაუდო დანაშაულებებს იძიებდა.
არჩევნები ჩატარდა ასევე დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ხელისუფლების უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე – რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ანგარიშები გაეყინა, დამოუკიდებელი მედია იზღუდება ბოლო თვეების განმავლობაშ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონებით და ახალი რეგულაციებით საგრანტო დაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად აჩერებს სამოქალაქო სექტორის მუშაობას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლები არ მონაწილეობდნენ – ეუთომ, რომელიც ტრადიციულად საქართველოს არჩევნებზე ყველაზე ფართომასშტაბიან საერთაშორისო მისიას აგზავნიდა, განმარტა, რომ მოწვევა მთავრობისგან იმდენად გვიან მიიღეს, რომ „მნიშვნელოვანი მისიის ორგანიზება“ შეუძლებელი იყო.
შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების არგუმენტით. 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებაზე უარი თქვეს ადგილობრივმა სადამკვირვებლო ჯგუფებმაც.
„მშვიდობიანი რევოლუცია“, რომელიც არ შედგა. დაკავებები
არჩევნების დღეს მთავარი ინტრიგა არა უშუალოდ საარჩევნო ურნებთან განვითარებული მოვლენები, არამედ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესები იყო.
ამ ინტრიგის მიზეზი ის არის, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, რომლებმაც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზება აიღეს საკუთარ თავზე, ამ დღეს საკმაოდ ხმაურიანი მოლოდინები დაუკავშირეს: “4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია”,, “მშვიდობიანი გადატრიალება”, “ქართული ოცნების” ბოლო დღე – ასე აანონსებდნენ ისინი კვირების განმავლობაში 4 ოქტომბრის აქციას.
რუსთაველზე მართლაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბა. შუადღის 16:00 საათიდან დაიწყო ხალხმა შეკრება და უკვე საღამოსთვის ქვეყნის ცენტრალური გამზირი და მიმდებარე ქუჩები სავსე იყო ხალხით.
აქციის მონაწილეებს შორის ძირითადად თბილისის მოსახლეობა იყო, თუმცა პროტესტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ რეგიონებიდანაც.
ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც აქცია უნდა გაჰყოლოდა.
საღამოს, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა, აქციის ორგანიზატორებმა, წარსულში მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა მურთაზ ზოდელავამ შეკრებილებს პრეზიდენტის სასახლის დაკავებისკენ მოუწოდეს.
მონაწილეთა ნაწილი ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრა, ჭიშკრის მონგრევა მათ ადვილად მოახერხეს, რადგან სტრატეგიულ ობიექტს მხოლოდ რამდენიმე სამართალდამცავი იცავდა. ძალიან მალე მომიტინგეები სასახლის ტერიტორიაზე აღმოჩდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა სპეცრაზმის და პოლიციის დამატებითი ძალები.





JAMnews-ის ფოტოები
პოლიციამ საპასუხოდ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. მომიტინგეების მიერ აღმართული ბარიკადების ნაწილზე ცეცხლი გაჩნდა.
გუშინ ღამითვე პოლიციამ დააკავა აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები — ოპოზიციის წარმომადგენლები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლისკენ მოწოდება და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
ამ მუხლებით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლამდე ვადით.
რუსთაველზე აქცია ღამით თანდათანობით დაიშალა. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რუსთაველის გამზირზეც გამოიყენა.
ხელისუფლება ახალ რეპრესიებს აანონსებს
ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს ჩავარდა საქართველოში “ნაცმაიდნის მოწყობის მეხუთე მცდელობაც” და რომ “ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს”:
“უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი. პირველ რიგში, ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები. ასევე, ყველას მინდა შევახსენო, რომ
დაუსჯელი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო შარშან, შარშანწინ, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. კანონი მათ მიმართ იმოქმედეს ძალიან მკაცრად,” – თქვა კობახიძემ.
ახალი დაკავებები დაანონსა შს მინისტრმა გელა გელაძემაც.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, “დიპ სტეიტს” ჩაუვარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა.
“პრაქტიკულად, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია”, რადგან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მათ დაბალი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა”, – განაცხადა კობახიძემ.
5 ოქტომბერს კობახიძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში” ასევე გულისხმობენ და შესაბამისად – “განეიტრალებას” უპირებენ:
__ “ყველა უცხოელი აგენტს” – “რომელიც არ ასვენებს ამ ქვეყანას”;
__ “ექსტრემისტულ დაჯგუფებებს” – “რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით. მათ შორის – ამისთვის გამოიყენება სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი” [მანამდე გავრცელებული ცნობების გათვალისწინებით – ის გულისხმობს “საქართველოს უნივერსიტეტს”, რომელსაც “ქართული ოცნება” რადიკალიზმის ხელშეწყობაში სდებდა ბრალს];
__ ორგანიზაციებს – “ფარი” და “ერთობა”და ასე შემდეგ” – რომლებსაც კობახიძე ასევე “ექსპრემისტულ დაჯგუფებებს” უწოდებს.
პოლიტიკოსების შეფასებები
რუსთაველის გამზირზე, სადაც გუშნ დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, მშვიდობიანი მიტინგი დღესაც გაგრძელდება, აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს ოპოზიციის ერთ-ერთ სიმბოლურ ფიგურად იქცა, მკაცრად გამოეხმაურა პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრის ინციდენტს:
„პრეზიდენტის სასახლის დაკავების ამ ფარსს მხოლოდ რეჟიმი მოაწყობდა, რათა დაეკომპრომეტებინა ქართული ხალხის 310-დღიანი მშვიდობიანი პროტესტი,“ — დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გაუმართლებლად მიიჩნევდნენ რევოლუციის “დედლაინის” დაწესებას და ბრძოლა კვლავ უნდა გაგრძლდეს:
“ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვების გასაღები რეჟიმის ჩამოშლაშია და არა დროის რომელიმე მონაკვეთში გადაჭარბებული მოლოდინების შექმნაში. ჩამოშლა დადგება ხელისუფლების მუდმივი იზოლაციის, ართანამშრომლობის, არაღიარების, საერთაშორისო წნეხის გაძლიერებისა და რაც მთავარია, უწყვეტი პროტესტის, მათ შორის, რუსთაველის საპროტესტო კერის გაძლიერების გზით – დღესაც, ტრადიციულ დროს, შევხვდებით რუსთაველზე”.
საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ საკუთარ მხარდამჭერებს ფედერალისტებიც:
„დღეს, 20:00 საათზე, ფედერალისტები რუსთაველზე, ჩვეულ ადგილას ვიქნებით. პროტესტი გრძელდება”,- წერს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
პოლიტიკური პლატფორმა “თავისუფლების მოედანი” აცხადებს ასევე, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მათ აქვთ “ნათელი სტრატეგია” ამ ბრძოლის გასაგრძელებლად. ისინი აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის პროტესტის ორგანიზატორებმა “არ იმოქმედეს პროტესტის ინტერესების შესაბამისად და საფრთხეში ჩააგდეს დემონსტრანტები”.
“ჩვენ ვთვლით, რომ უპასუხისმგებლობის ადგილი არ არის ჩვენს საერთო წინააღმდეგობასა და ქართულ პოლიტიკაში. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დემოკრატიული წინააღმდეგობისა და პროტესტის წარმატებისათვის, აუცილებელია მის სათავეში პრინციპულად ახალი სამოქალაქო და პოლიტიკური ორგანიზაციები და პოლიტიკოსები იდგნენ. ჩვენ არ გვეშინია “ოცნების” მომავალი რეპრესიების, გვაქვს ნათელი სტრატეგია, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას და გვჯერა საბოლოო გამარჯვების,” – აღნიშნულია “თავისუფლების მოედნის” განცხადებაში.
კომენტარები
პოლიტიკური კომენტატორები თანხმდებიან, რომ 4 ოქტომბერი, შესაძლოა, ფრუსტრაციის მიზეზი გახდეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლებისთვის და კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ასევე გაძლიერდება რეპრესიები ხელისუფლების მხრიდან.
ქვეყანა, რომელიც წლების წინ პოსტსაბჭოთა სივრცის „წარმატების ისტორიად“ ითვლებოდა, დღეს სულ უფრო შორდება ევროპას და ეზრდება შიდა იზოლაცია, მიიჩნევენ ისინი.
„ქართული ოცნება“ ინარჩუნებს სრულ ძალაუფლებას, მაგრამ კარგავს საზოგადოების ნდობას.
მაშინ როცა ოპოზიცია ინსტიტუციური გზებით ბრძოლას ვეღარ ახერხებს, ქუჩა იქცევა ერთადერთ სივრცედ, სადაც უკმაყოფილების გამოხატვა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
რამდენიმე საინტერესო მოსაზრება ფეისბუკიდან:
თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი:

“ოპოზიციურმა ძალებმა ორი სხვადასხვა პოლიტიკური სტრატეგია გამოიყენეს და ორივე ჩავარდა. ასეც იყო მოსალოდნელი.
დანაწევრებული ოპოზიცია, [რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა], დიდ ქალაქებშიც რომ ვერ შეძლებდა წარმატების მიღწევას, მაშინ როცა ოპოზიციის მეორე ნახევარი მათ წინააღმდეგ მუშაობდა, იმთავითვე გასაგები იყო.
უცნაური ლიდერების მიერ წამოწყებული 4 ოქტომბერს დაწყებული და 4 ოქტომბერს დამთავრებული “მშვიდობიანი რევოლუციის” იდეა რომ აბსურდული, არასერიოზული და სახიფათო იყო, ეს იმთავითვე გასაგები იყო. ამ მცდელობებს აღმავალი რეპრესიები, პროტესტის მარგინალიზაციის და პოლიტიკური ნიჰილიზმის რისკები მოჰყვებოდა და ამის განჭვრეტას არ სჭირდებოდა დიდი ინტელექტი და პოლიტიკაში ყოფნის ხანგრძლივი გამოცდილება.
დეინსტიტუციონალიზებული, რეპრესირებული, გადაღლილი და ფრაგმენტირებული ოპოზიცია ახლა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა. თუმცა, ალბათ ახლა მაინც გაიხსნება სივრცე ნამდვილი დისკუსიისთვის და სტრატეგიული რეცეპტების არ არსებობა, ფიქრისკენ უბიძგებს ადამიანებს.
მოკლედ, ყველაფერი დასრულდა ცუდად. უფრო სწორედ, დასრულდა ისე როგორც სრულდებოდა ოპოზიციის მცდელობები სხვადასხვა პერიოდის საქართველოში, მანამ სანამ პოლიტიკაში ახალი და მძლავრი ფაქტორები არ ჩნდებოდა.
ასეთი მძლავრი ფაქტორები შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური პროცესები და მნიშვნელოვანი რე-კონფიგურაცია და განახლება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. ახლა არც ერთი ეს ფაქტორი არ გვაქვს.
ახლა პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორი სამუშაო სტრატეგიები უნდა გვქონდეს მომავალში. ძალიან მძიმე ზამთარში შევდივართ, რომელიც სამწუხაროდ კალენდარულ ზამთარს არ დაემთხვევა.
აქვე, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური რეჟიმი ძლიერია და წელგამართული. მას მძიმე გეოპოლიტიკური, შიდა პოლიტიკური და მორალური მოწყვლადობა ახასიათებს.
დღევანდელ დღეს ალბათ ყველაზე შთამაგონებელი ჩვენი ხალხის მედეგობა და მშვიდობიან წინააღმდეგობაში ხანგრძლივად ყოფნის ენერგია იყო.
ეს გვაძლევს იმედს, რომ დემოკრატიული ენერგია და დისციპლინა ჩვენს ხალხში ადვილად არ დაშრება, მაგრამ მას ნამდვილად სჭირდება გაფრთხილება და დაცვა ახალი ფრუსტრაციებისგან”.