რა იმალება ვარდისფერი ფლამინგოს უკან? რეპორტაჟი დენდროლოგიური პარკიდან
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე უზარმაზარი დენდროლოგიური პარკი გააშენა.
პარკი ღიაა მნახველებისთვის და ყველა, ვინც იქ იყო, გაოცებას ვერ მალავს – პარკი, თავისი გიგანტური ხეებით და ეგზოტიკური ცხოველებით საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე.
წესით, თითქოს ყველაზე ჩასაფრებულ კრიტიკოსებსაც კი, არ უნდა უბრუნდებოდეთ ენა, რომ ივანიშვილი ამ უნიკალური პარკის გამო გააკრიტიკონ.
თუმცა, არც მთლად ასეა საქმე, მიიჩნევენ ანალიტიკოსები.
ამ ვარდისფერი ფლამინგოებისა და ბამბუკის ხეივნების მიღმა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემა იმალება – დენდროლოგიური პარკის მშენებლობის პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რაც ბევრისთვის ისედაც ცხადია – საქართველოში ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ვერაფერზე უარს ვერ ეუბნება.
____________________________________________
შეკვეთილის დენდროლოგიურმა პარკმა პირველი სტუმრები 2020 წლის 15 ივლისს მიიღო.
დაცვის თანამშრომელი გვიყვება, რომ გახსნის დღესაც და შემდეგ მთელი ზაფხულის განმავლობაში, პარკის შესასვლელთან კილომეტრიანი რიგები იდგა.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოში მძიმე ვითარებაა, პარკში ოქტომბრის ბოლოსაც ბევრი ხალხია – წყვილები, ოჯახები, უცხოელი ტურისტები, თინეიჯერები.
დიდ, მწვანე ტბასთან სხვადასხვა კონტინენტის და სახეობის ფრინველია თავმოყრილი: ფლამინგოები, ბატები, კაზარკები, იხვები, გედები,
● დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
● ოლიგარქის სოფელი. როგორ ცხოვრობენ ჭორვილაში დღეს? რეპორტაჟი
ფრინველები წყალში თამაშობენ და მზეს ეფიცხებიან. გაფრენისაგან მათ უზარმაზარი, მაღალი ბადე აკავებს, რომელიც ტბას თავზე აქვს შემორტყმული.
ტბიდან გზა გრძელდება და ბამბუკის გრძელ, დაბურულ ხეივანში შედის. ულამაზესი ხედია.
სწორედ ამ ხეივანის შემდეგ იწყება მთავარი სანახაობა. ის, რისთვისაც დამთვალიერებელთა უმეტესობა აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდის – გიგანტური ხეების გამოფენა.
როგორ შენდებოდა დენდროლოგიური პარკი
2016 წელს, როდესაც მედიაში პირველად გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ შავ ზღვაზე ხე მიცურავდა, ბევრმა ეს ამბავი არ დაიჯერა.
უკვე მოგვიანებით, ზღვაზე მოლივლივე გიგანტური ხე საქართველოს შავიზღვისპირეთის პეიზაჟის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანი ხშირად თავად დადიოდა გურიის ან სამეგრელოს სოფლებში, რომ შეერჩია ხე, რომელსაც შემდგომ შეკვეთილში, მის რეზიდენციაში გადაიტანდნენ, სადაც დენდროლოგიური პარკი შენდებოდა.
თავდაპირველად, მცურავი ხე ფეისბუკზე ხუმრობების მოფიქრების მუზად იქცა.
შემდეგ იმ ადამიანების უკმაყოფილო და გაღიზიანებული პოსტები გაჩნდა, რომლებსაც ამ ხეების გადატანის პროცესში პრობლემები შეექმნათ. მაგალითად, რამდენიმესაათიან საცობში მოხვდნენ იმის გამო, რომ გიგანტური ხის ტრანსპორტირება საავტომობილო გზით ხდებოდა და ამ დროს მოძრაობა ჩერდებოდა.
ან კიდევ იყო ასეთი შემთხვევა, რომ 2017 წელს, როდესაც ქობულეთიდან შეკვეთილში ევკალიპტი მიჰქონდათ, ქობულეთის ცენტრში ახლადმოწყობილი წრიული მოშალეს. მოგვიანებით კი აღადგინეს, მაგრამ თავად ამ ფაქტმა ხალხი გააოცა.
იყო შემთხვევა, როდესაც 2019 წლის მარტში, ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი გიგანტური ხე ქობულეთში, სოფელ ზენითში, გზაში გაიჭედა. ამის გამო რამდენიმე საათით ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილი იყო, სოფელი კი მთელი დღე-ღამის განმავლობაში შუქის გარეშე დარჩა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ხეს რკინიგზის ლიანდაგი უნდა გადაეკვეთა, იხსნებოდა სარკინიგზო ხაზები.
სოფელ კვირიკეში ქარსაცავი ზოლი მხოლოდ იმიტომ გაჩეხეს, რომ ხე, რომელიც ივანიშვილს გადაჰქონდა, ქარსაფარი ზოლის გამო გზაზე ვერ ეტეოდა.
ასეთი ფაქტები არაერთია და მათ დეტალურად აღწერდნენ ჟურნალისტები.
ეკოლოგები მიუთითებდნენ, რომ ერთი ხის გადატანისას ათობით სხვა ხე და ნიადაგი ზიანდებოდა;
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ პროცესი სამართლებრივად გაუმჭვირვალე იყო – საეჭვო ტენდერები, ნებართვის გაცემის ბუნდოვანი პროცედურები, ასევე ხეების გადაზიდვის პროცესში ჩართული მთელი სახელმწიფო მანქანა და საბიუჯეტო რესურსი;
პოლიტიკური კომენტატორები კი აცხადებდნენ, რომ ჩრდილოვანი სურვილების უპირობო შესრულებით, ზარალდებოდა ქვეყანა და მისი ინსტიტუტები.
“პარკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მისი მომზადების პროცესი იყო უცნაური. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ივანიშვილი ძალაუფლებაში საკუთარ ყოფნას იყენებდა, როდესაც გზები იკეტებოდა ან რკინიგზა ჩერდებოდა იმისთვის, რომ მას ხეები გადაეტანა. ის ფაქტი, რომ მას აქვს ძალაუფლება, სერიოზულად აადვილებდა მისთვის ამ პროცესს,” – ამბობს გია ნოდია, პოლიტიკური ექსპერტი.
თუმცა, ნელ-ნელა ხალხი შეეგუა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოლიგარქის ხეს პოლიციის კორტეჟი მიაცილებდა და ამ პროცესში მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული. თანაც, სამთავრობო მედიამ მძლავრი საინფორმაციო კამპანია აამუშავა დენდროლოგიური პარკის მნიშვნელობის ხაზგასასმელად.
ტელეეკრანებიდან სამთავრობო ჟურნალისტები ხალხს უხსნიდნენ, რომ დენდროლოგიური პარკი უნიკალური იქნება მთელ რეგიონში, რომ იგი დარჩება ქვეყანას და ბიძინა ივანიშვილი მას ზურგზე ვერ მოიკიდებს, ხოლო ისინი, ვინც ამის გამო ყოფილ პრემიერს აკრიტიკებენ, არიან ქვეყნის მტრები და “ნაციონალები”.
„შეიძლება ხეებით ჩემი გატაცება ახირება იყოს, მაგრამ ამით ქვეყანა ხეირობს“
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვისპირეთში, 60 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.
ოფიციალურად პარკი კომპანია „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაა, თუმცა რეალურად მისი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.
პარკი ივანიშვილის ინიციატივით, მისი ფულით არის აშენებული.
პარკის გაშენებას ოთხი წელი დასჭირდა.
გიგანტური ხეების კოლექციაში 200-მდე ნიმუშია, მათ შორის კვიპაროსი, მაგნოლია, კედარი, მუხა, ჭადარი, ნეკერჩხალი და სხვა. დენდროლოგიურ პარკში გაშენებულია ბამბუკის ტყეც.
ამ ხელოვნურად შექმნილ გარემოში 57 სახეობის ეგზოტიკური ცხოველი და ფრინველია ჩამოყვანილი მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.
დამთვალიერებელთა უმრავლესობა აღფრთოვანებულია პარკის სილამაზით:
„ძალიან მოგვწონს. მერე რა, რომ ეს ხეები სხვა ადგილებიდან მოთხარეს. ამ ხეებს ახლა ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და სახლში ვერ წაიღებს. ან ვინ გაატანს? ეს ხალხისთვის შეიქმნა, რომ დავათვალიეროთ. თან უფასოა,“ – ამბობს ნინო, ბათუმიდან, რომელიც აქ თავის ქმართან ერთად ჩამოვიდა.
კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯა პარკის მშენებლობაზე, უცნობია. თანხა ივანიშვილის კუთვნილი ფონდი „ქართუდან“ დაიხარჯა.
ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით გამოცემულ წიგნში „ვის ეკუთვნის საქართველო“ წერია:
„ხეების ყიდვის და გადატანის გარემოებები ბურუსით არის მოცული არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ იმ სტრუქტურებისთვისაც, ვისაც წესით ამაზე ზედამხედველობა ევალება. ხშირად, როდესაც საქმე ბიძინა ივანიშვილის ქონებას ან მის გადაწყვეტილებებს შეეხება, რთული გასარკვევია, ვის უნდა მოთხოვო გამჭვირვალობა“.
თავად ბიძინა ივანიშვილი კრიტიკოსების ბრალდებას უარყოფს.
„შეიძლება ხეებით ჩემი გატაცება ახირება იყოს, მაგრამ ამით ქვეყანა და იქ მცხოვრები მოსახლეობა მხოლოდ ხეირობს,“ – თქვა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ამ ახირებაში რა იმალება – ეს ფული, რომელიც არ ღირს, რა თქმა უნდა, იმ პარკად, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან ძვირი ჯდება და მხოლოდ ბევრი პირადი ფული იხარჯება იმიტომ, რომ მთლიანად საზოგადოებაში და საქართველოში რჩება,“ – ამბობს ივანიშვილი.
არჩევნები და პარკი
საბოლოოდ, უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილი დენდროლოგიური პარკი, 15 ივნისს, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიხსნა და პანდემიური ზაფხულის მთავარ ტურისტულ ჰიტად იქცა.
პარკში ექსკურსიაზე სხვებთან ერთად მთელი ზაფხულის განმავლობაში ავტობუსებით ჩამოდიოდნენ ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, რათა ენახათ, როგორი პარკი აუშენა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს.
“დირექტორმა გვითხრა, რომ ავტობუსი უნდა გვექირავებინა და შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში წავსულიყავით ექსკურსიაზე. გვითხრა, რომ გამგებლის დავალება იყო ასეთი,” – უყვება JAMnews-ს სამეგრელოს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.
31 ოქტომბერს საქართველო პარლამენტს ირჩევს. ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, ვინ იქნება ქვეყნის მმართველი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. თუკი, “ქართულმა ოცნება” მთავრობის ფორმირებისთვის საკმარის საპარლამენტო მანდატებს მიიღებს, ის იქნება ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელმაც ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა მოახერხა.
“სავარაუდოდ, პარკის გახსნა წინასაარჩევნოდ იყო გათვლილი. მას [ივანიშვილს] ახასიათებს წინასაარჩევნოდ ხალხისთვის საჩუქრების კეთება, მაგალითად იპოდრომი, რომელიც თბილისს აჩუქა, ასევე ქუთაისის უნივერსიტეტი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს მისი საჩუქრებია. საჩუქრები კი ყოველთვის კარგია. ის ხშირად ჩუქნის რაღაცას ადამიანებს წინასაარჩევნოდ,” – ამბობს ნოდია.
გიგანტური სეკვოიას მეორე სიცოცხლე
ვალენტინა სლობოდენიუკი JAMnews-ის სტატიის გმირი პირველად 2017 წელს გახდა, როდესაც მისი ეზოდან ბიძინა ივანიშვილმა ორი გიგანტური ხე – ორნაკვთა გინკო და მარადმწვანე სეკვოია წაიღო.
სამი წლის შემდეგ ვალენტინას კვლავ შევხვდით.
გვიანი შემოდგომის თბილი, მზიანი დღეა, ვალენტინასთან ერთად ახალი პარკის დასათვალიერებლად შევდივართ.
„იცით, პირობა შემისრულეს და ჩემი ხეები ერთმანეთს მართლაც არ დააშორეს. აქ გვერდიგვერდ არიან,“ – გვიყვება ვალენტინა და წინ მიგვიძღვება.
აქ უკვე მეორედაა.
ვალენტინას ხეები წაბლის ხეების გვერდით დგას, რომ არა რკინის ბაგირები, რომლებითაც ისინი მიწაზე არიან დამაგრებული, იფიქრებდი, რომ მთელი ცხოვრება აქ, ამ პარკში გაატარეს.
ვალენტინას ხეებთან მისვლის უფლება არ აქვს – ხმის გამაძლიერებლებიდან უკვე მეორედ გვაფრთხილებენ, რომ ასფალტიდან ბალახზე არ უნდა გადავიდეთ.
როდესაც დაცვის თანამშრომელს თავის ისტორიას უყვება, ის გამონაკლისის სახით უფლებას აძლევს ჩაეხუტოს ხეს.
„როგორ შეველიე? შეველიე. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ახლა ჩემი გოგოები უკეთეს ადგილას, უკეთეს პირობებში იქნებოდნენ და მათ მეტი ხალხი ნახავდა. გინკოს ორი ნერგი დამრჩა, ჩავრგე და ისევ გაიზრდება. მე კი ვეღარ მოვესწრები მის გაზრდას, მაგრამ ჩემი შვილთაშვილები ხომ ნახავენ. სექვოია ვერ გავამრავლე სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს, აქ მოვალ ხოლმე და ვნახავ. ნახეთ, რა სილამაზეა,“ – ამბობს ვალენტინა.
ვის ეკუთვნის საქართველო?
ერთ სივრცეში თავმოყრილი ველურ ბუნებაში გაზრდილი გიგანტური ხეები, ასევე ვარდისფერი ფლამინგოები, ირმები და ლემურები ეფექტური სანახაობაა.
თუმცა, პოლიტიკური დამკვირვებლები მიუთითებენ, რომ ამ სანახაობის მიღმა სხვა, მნიშვნელოვანი პრობლემა იმალება – ქვეყანას ჩრდილიდან მართავს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ის, რაც არ შეუძლია სხვას არავის ქვეყანაში – მაგალითად, გააჩეროს რკინიგზა ან უშუქოდ დატოვოს რამდენიმე სოფელი.
„ალბათ, სწორედ ეს პროცესი გახდა ბევრი ქართველისთვის ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება,“ – მიიჩნევს “ვის ეკუთვნის საქართველო” წიგნის ავტორი, “რადიო თავისუფლების” მიმომხილველი ნიკო ნერგაძე.
ეს პროცესი, კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც კულისებიდან განაგებს ქვეყანას, კანონზე მაღლა დგას, ქვეყანაში ყველაფრის უფლება აქვს და არავინ არ არის ქვეყანაში, ვინ მის რომელიმე სურვილს არ შეასრულებს.
“თავისთავად პარკში არაფერი ცუდი არ არის – ადამიანები მივლენ, დაისვენებენ, გაივლიან და გამოივლიან. პრობლემაა სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. მთელი სახელმწიფოს მობილიზება ხდებოდა, რომ მათ შორის მედია რესურსების და არხებიდან ქება და დიდება წამოვიდა, რომ აი რა გააკეთა,” – ამბობს პოლიტიკური მიმომხილველი დავით ზურაბიშვილი, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროს ივანიშვილის თანამებრძოლი იყო, “ქართული ოცნების” კოალიციის წევრი.
“ამ ხეების გადაზიდვის გარეშეც, ისედაც ნათელია, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს მასზეა აწყობილი, მის სურვილებზე. რაც მას უნდა და როგორც მას უნდა. პარკის მშენებლობის პროცესში მატარებლებს აჩერებდა, ახლა თვითმფრინავებს უცვლის მარშრუტებს და ტრასებს. ეს სახელმწიფო მთლიანად მის სურვილებზეა აწყობილი და პრინციპში, სახელმწიფო მას სწორედ იმისთვის უნდა, რომ მისი ნებისმიერი სურვილი დაკმაყოფილდეს,” – აღნიშნავს ზურაბიშვილი.
როგორც ექს-პრემიერთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, თავად ივანიშვილიც დროის უმეტეს ნაწილს შეკვეთილში ატარებს. მის ზღვისპირა რეზიდენციასა და დენდროლოგიურ პარკს ერთი ღობე ჰყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პარკი ღიაა და უფასო მნახველებისთვის, ივანიშვილმა იგი ნებისმიერ დროს შეიძლება დახუროს, რადგან პარკი კერძო საკუთრებაა.
“მისი ნებაა რას იზამს. მისი პარკია, მან გააკეთა და უნდა გახსნის, უნდა დახურავს. უნდა დაადებს ფასს, უნდა არა. მერე რა იქნება, მერე რა მოეხასიათება, ვნახავთ,” – ამბობს ზურაბიშვილი.