ქოლ ცენტრების საქმე: ყაზახეთში 24 ქართველი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
ქოლ ცენტრების საქმე
ყაზახეთში 24 ქართველი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, საქმე ქოლ-ცენტრებს ეხება. ამის შესახებ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟანდოს სუიუნბაიმ ისაუბრა.
“ალმათიში ქალაქის პოლიციამ, კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების მსვლელობის დროს გამოავლინა ინტერნეტთაღლითების ქოლ-ცენტრი. ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ჯგუფი, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის 24 მოქალაქისგან შედგებოდა”. – თქვა სუიუნბაიმ.
ყაზახური მედიის ცნობით, ქვეყანაში სატელეფონო ზარები რომელიმე ბანკის ან სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის სახელით, თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ყაზახეთის შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ ამ წლის დასაწყისიდან, მობილური ქსელების ოპერატორებმა სხვა ქვეყნებიდან 15 მილიონის რაოდენობის მსგავსი თაღლითური ზარი დაბლოკეს.
მათივე ინფორმაციით, მხოლოდ ამ წლის პირველ სამ თვეში ყაზახეთში გამოავლინეს 400-ზე მეტი დანაშაული, რომელიც სატელეფონო თაღლითობას უკავშირდებოდა. თაღლითები ზარის დროს ამბობდნენ, რომ ბანკის თანამშრომლები იყვნენ.
● ბი-ბი-სი-ს გამოძიება: გლობალური თაღლითური ქსელის უკან, შესაძლოა, დავით კეზერაშვილი იდგეს
● ქოლ ცენტრების საქმე: საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს და ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინეს
● დავით კეზერაშვილი თმობს “ფორმულას” საკონტროლო პაკეტს. მან წილის ნახევარი კოლექტივს გადასცა
12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გლობალურ თაღლითურ ქსელთან, რომელმაც ევროპელი მოქალაქეების მოტყუების გზით მილიარდზე მეტი დოლარი გამოიმუშავა.
საქმე ეხება ე.წ. ქოლ ცენტრების ფინანსური თაღლითობის სქემას, რომელსაც, ბი-ბი-სი წელიწადზე მეტ ხანს იძიებდა. ქსელი პოლიციისთვის ცნობილია როგორც მილტონის ჯგუფი. ბი-ბი-სი-ის ცნობით, მათ მოახდინეს 152-ზე მეტი ბრენდის იდენტიფიცირება, რომლებიც ამ ქსელში იყვნენ ჩართული.
როგორც ბი-ბი-სი აღნიშნავს, ისინი გავიდნენ კვალზე, თუ ვინ დგას ამ ქსელის უკან. დასახელებულია ხუთი ადამიანი, მათგან ოთხს ქართული გვარი აქვს და სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. BBC წერს, რომ ეს სახელები და გვარები „პანამის დოკუმენტებში“ ფიგურირებდნენ და დავით კეზერაშვილთან არიან დაკავშირებულები.
ბი-ბი-სი წერს, რომ ისინი დოკუმენტირებულად ვერ ადასტურებენ კეზერაშვილის კავშირს ამ თაღლითურ ქსელთან. ასევე, საგამოძიებო ჟურნალისტებმა ვერ მოიპოვეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ კეზერაშვილს ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონ გრუპის“ ბრენდებში.
თუმცა, ჟურნალისტები ასახელებენ სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც მათი აზრით, შესაძლოა მიანიშნებდეს კეზერაშვილის კავშირზე ამ საქმესთან.
“ბევრის კვალი მიდიოდა ერთ ფიგურამდე: დავით კეზერაშვილამდე, საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც 2 წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო.” – წერია გამოძიებაში.