ვინ არის ქართველი ნეონაცისტი, რომელიც აშშ-ში ბავშვების მოწამვლას გეგმავდა და რომელმაც ბრალი აღიარა
ქართველი ნეონაცისტი
ნეონაცისტური და ძალადობრივი დაჯგუფების, “მანიაკთა მკვლელობის კულტის” ლიდერმა, მიხაილ ჩხიკვიშვილმა, რომელიც მაისში მოლდოვიდან აშშ-ში იქნა ექსტრადირებული, საკუთარი ბრალი აღიარა.
ჩხიკვიშვილი, რომელსაც ქალაქ ნიუ-იორკში რასობრივ უმცირესობებსა და ებრაელ ბავშვებზე თავდასხმა სურდა, ტერაქტებისთვის თანამოაზრეების რეკრუტირებას ცდილობდა. 2023 წლის ნოემბრიდან ის ახალი წლის ღამისთვის თავდასხმაზე მუშაობდა. მისი გეგმის მიხედვით, თანამოაზრეს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და რასობრივი უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის რიცინით მოწამლული კანფეტები უნდა მიეცა.
დაკავებული ახალისებდა აფეთქებებსა და ხანძრის განზრახ გაჩენასაც. პირი, რომლის რეკრუტირებასაც ჩხიკვიშვილი ცდილობდა, აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) აგენტი აღმოჩნდა, დაჯგუფების ლიდერის გეგმა ჩაიშალა და შემდეგ, 2024 წლის ივლისში, ის მოლდოვაში დააკავეს. მაშინ ჩხიკვიშვილი 21 წლის იყო.
მოლდოვიდან აშშ-ში ექსტრადირების შემდეგ ჩხიკვიშვილს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წახალისებასა და მასობრივი ძალადობის მოწოდებაში ბრალი წარედგინა.
ჩხიკვიშვილის მანიფესტით წახალისებული თავდასხმები
დაახლოებით 2021 წლიდან ჩხიკვიშვილი ავრცელებდა ტერორისტულ მანიფესტს, “მოძულის სახელმძღვანელოს”, რომელიც დაჯგუფების წევრებსა და თანამოაზრეებს ძალადობრივი ქმედებებისკენ, მათ შორის სკოლებში ცეცხლის გახსნისკენ, მოუწოდებდა.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩხიკვიშვილის ძალადობრივ მოწოდებებს შედეგად რამდენიმე თავდასხმა მოჰყვა. ერთ-ერთ მსგავს შემთხვევად დასახელებულია ტენესიში 2025 წელს მომხდარი თავდასხმა, როდესაც 17 წლის მოზარდმა სკოლაში ცეცხლი გახსნა. ამ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თავად თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა. თავდასხმამდე მან ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ ტერაქტს “მანიაკთა მკვლელობის კულტისა” და კიდევ ერთი დაჯგუფების სახელით აწყობდა. მიმართვაში მან ახსენა ძალადობრივი მანიფესტიც, რომელსაც ჩხიკვიშვილი ავრცელებდა.
მეორე შემთხვევად იუსტიციის დეპარტამენტი ასახელებს 2024 წლის აგვისტოში თურქეთში მომხდარი თავდასხმა. მაშინ ქალაქ ესქიშეჰირში, მეჩეთის მახლობლად, პირმა რომელიც ნაცისტურ სიმბოლოებს ატარებდა, ცივი იარაღით დაჭრა დაახლოებით 5 ადამიანი. თავდამსხმელის მანიფესტში ნახსენები იყო ჩხიკვიშვილის მიერ გავრცელებული ტექსტი და მისი ძალადობრივი მოწოდებები.

ჩხიკვიშვილის კავშირი ნაციზმისა და სატანიზმის მიმდევარ დაჯგუფებებთან
დაჯგუფებას საფუძველი 2000 წელს დაბადებულმა უკრაინის მოქალაქემ, ეგორ კრასნოვმა, ზედმეტსახელად მანიაკმა ჩაუყარა. თავიდან ამას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ირწმუნებოდა, თუმცა მომავალში რადიო თავისუფლების ერთ-ერთმა რუსულენოვანმა პროექტმა, Настоящее Время-მ საკითხთან დაკავშირებით მასალა მოამზადა, რომელშიც ამ ფაქტს ადასტურებდნენ. კრასნოვი ძალადობისკენ მიდრეკილებაში ბავშვობიდანვე იყო შემჩნეული. ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში მან სკოლის ტუალეტში თანასკოლელი აწამა და ფული გამოსძალა. მანამ, სანამ ის მანიაკი გახდებოდა, თავს საფეხბურთო კლუბი დნეპრის ულტრასად აცხადებდა. Настоящее Время-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში ეწერა, რომ მას აწუხებდა ბავშვობის ტრავმები და ის ნარკოდამოკიდებული გახდა.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ მანიაკთა მკვლელობის კულტი არის რუსეთსა და უკრაინაში ბაზირებული ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯგუფი, რომელსაც წევრები აშშ-შიც გააჩნია. მათი სურვილია მსოფლიო წესრიგის გამოწვევა ტერორიზმითა და ძალადობით, ქაოსისა და შიშის წახალისებით. ამავე ცნობით, დაჯგუფების წევრებს ერთმანეთთან კომუნიკაცია დაშიფრული სოციალური ქსელით აქვთ.
ჯგუფის შესახებ ფართოდ ცნობილი 2021 წელს გახდა, როცა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ირწმუნებოდა, რომ მათ МКУ-ს მხარდამჭერები მოსკოვში, ვორონეჟში, გელენჯიკში, იაროსლავსა და ტამბოვში დააკავეს. რუსეთი, როგორც ყოველთვის, ირწმუნებოდა, რომ ამ ჯგუფს კავშირი ჰქონდა უკრაინის სპეცსამსახურებთან, თუმცა ამის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ წარუდგენიათ. ზოგიერთი დაკავებულის მანიაკთა მკვლელობის კულტთან ვერც კი დადასტურდა, მათ სხვა ნეონაცისტური დაჯგუფების სიმბოლიკები ამოუღეს. აქამდე არც უკრაინულ და არც რუსულ მედიაში მსგავსი დაჯგუფება ნახსენები არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ჩხიკვიშვილის დაკავებამდე ერთ-ერთმა მცირე გამომცემლობამ, რომელიც დაკავშირებულია ნაცისტურ-სატანისტური დაჯგუფება “ცხრა კუთხის ორდენის” ამერიკულ განშტოებასთან, გამოაქვეყნა ინტერვიუ “მანიაკთა მკვლელობის კულტის” (МКУ) ლიდერთან – “მეთაურ ყასაბთან”. ეს სწორედ ჩხიკვიშვილის მეტსახელი იყო. ინტერვიუში “მეთაური ყასაბი” ამბობდა, რომ МКУ-ს დამფუძნებელს, ეგორ კრასნოვს 2021 წელს პირადად დაუკავშირდა და მას შემდეგ დაჯგუფების საქმიანობაში იყო ჩართული. ის საკუთარ თავს “ტრადიციულ სატანისტს” უწოდებდა და ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი.
“მეთაური ყასაბი” ასევე საუბრობდა МКУ-ს კავშირზე 764-თან, რომელიც სოციალურ ქსელებში მოქმედი ძალადობრივი ჯგუფია. FBI გამოძიებებს ამ დაჯგუფების წინააღმდეგაც აწარმოებს. 764-თან დაკავშირებული პირები არასრულწლოვანებს თვითდაზიანებების მიყენებასა და თვითმკვლელობას აიძულებენ, ასევე, ავრცელებენ ბავშვთა პორნოგრაფიას.
ამას გარდა, ინტერვიუში “მეთაური ყასაბი” ხაზს უსვამდა, რომ დაჯგუფების “სულიერი ღირებულებების” ინსპირაციას ნაცისტურ-სატანისტური “ცხრა კუთხის ორდენი“ წარმოადგენდა.
რას ამბობენ შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები
აშშ-ს გენერალური პროკურორის, პემ ბონდის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებულმა “გამორჩეულმა” საგამოძიებო სამუშაოებმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. პროკურორმა ხაზი გაუსვა ფედერალური აგენტების კულისებს მიღმა აქტიურობას და აღნიშნა, რომ ასეთი ძალადობრივი, ნიჰილისტური, რასისტული ჯგუფები ამერიკელი ხალხისთვის საფრთხედ რჩებიან.
ჩხიკვიშვილის მიერ ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორმა, კაშ პატელმაც. მისი თქმით, ბრალის აღიარებით, დაცვის მხარე აღიარებს შემზარავ გეგმას, რომლის სამიზნეც ებრაელი ხალხი და რასობრივი უმცირესობები იყვნენ. კაშელის განმარტებით, ჩხიკვიშვილი დღესასწაულებზე ბავშვების კანფეტებით მოწამვლასაც კი გეგმავდა.
“ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ თუ ჩვენი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას აპირებ, სადაც არ უნდა იყო, FBI და ჩვენი პარტნიორები გიპოვიან და პასუხს გაგებინებენ.” – თქვა პატელმა.
გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჯონ ეისენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ჩხიკვიშვილის აქტიურობამ სიკვდილი მაინც გამოიწვია.