"ქართული ოცნების" 17-ვე კანდიდატმა მოიგო მეორე ტურში, სადაც ოპოზიცია არ მონაწილეობდა
როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიგო მეორე ტურში, სადაც მათ კონკურენტი არ ჰყოლიათ.
_________________
● “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებს, არ მივიდნენ მეორე ტურზე
● “სრული იგნორი არჩევნების მეორე ტურს” – ოპოზიცია აქციებს აღარ გამართავს
_____________________
ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ არჩევნებში ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
“მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი”, – განაცხადა კობახიძემ.
ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათისთვის, აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 26.29 % შეადგინა, რაც საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 562 664 ამომრჩევლის მისვლას ნიშნავს.
მიუხედავად იმისა რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარტო იყო, მოსყიდვის ფაქტი მაინც დაფიქსირდა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევით მიმდინარეობდა.
„დაფიქსირდა 100-ზე მეტი დარღვევა. ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს“, – აცხადებენ საიაში.
დარღვევებზე საუბრობს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებიც”. მათი თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა გამოავლინეს: ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1; ხმის რამდენჯერმე მიცემის 1; დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 2 ფაქტი.
ერთ-ერთ მაგალითად ისინი ასახელებენ #27 მცხეთის საარჩევნო ოლქს, სადაც საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” კოორდინატორები იყვნენ მობილიზებული, რომელთაგან ერთ-ერთმა უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფული გადასცა. დამკვირვებლის დანახვის შემდეგ კი კოორდინატორები დაიშალნენ.
______________________
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში წელს პირველად ჩატარდა ახალი სისტემით – 120/30. ანუ 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩიეს, 30 კი მაჟორიტარულით.
პირველ ტურში 13 მაჟორიტარულ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა, 17-ში კი მეორე ტური დაინიშნა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმათა 50 პროცენტი.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ხმები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” — 48,22%“
ნაციონალური მოძრაობა” და ბლოკი “ძალა ერთობაშია” — 27,18%
”ევროპული საქართველო” — 3,79%,
“ლელო საქართველოსთვის” — 3,16%,
“პატრიოტთა ალიანსი” — 3,14%,
“სტრატეგია აღმაშენებელი” — 3,15%,
“გირჩი” — 2,89%,
“მოქალაქეები” — 1,33%,
“ლეიბორისტული პარტია” — 1%.