მმართველ პარტია „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რიგგარეშე სხდომას, რომელიც უკრაინის საკითხზე ოპოზიციის თხოვნით პრეზიდენტმა მოიწვია, არ დაესწრებან. ეს კი ნიშნავს, რომ კვორუმი არ იქნება და “ქართული ოცნება” რიგგარეშე სხდომას ჩაშლის.
უკრაინის საკითხზე რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს 41-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა. მათ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების დუმილი საქართველოს სერიოზული ფასი დაუჯდება. ოპოზიციამ ხელისუფლებისგან ახალი რეზოლუციის მიღება მოითხოვა.
თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატმა გივი მიქანაძემ, რიგგარეშე სხდომის მოწვევას შოუ უწოდა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” მასში მონაწილეობას არ მიიღებს:
„ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, პირდაპირ გვინდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ”.
მიქანაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მხარს უჭერს მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და მოცემულ სიტუაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ყალბ ემოციებსა და პოპულიზმზე აყოლის დრო არ არის.
„იკვეთება, რომ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც წარმოადგენს მეხუთე კოლონას საქართველოში 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, პირდაპირი ამოცანაა საქართველოსკენ გადმოვიდეს მეტი ყურადღება, შეიქმნას პროვოკაციული ფონი და ჩვენმა ქვეყანამაც არა პრაგმატული, არამედ ემოციური გადაწყვეტილებები მიიღოს და გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას.
ჩვენი ამოცანა კი პირიქით, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენი ქვეყნის, უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესების და ეკონომიკის დაცვაა. ამავე დროს ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ქვეყნის ყველა პირველი პირი მკაფიო შეფასებებითა და განცხადებებით გამოეხმაურა რუსეთის ღია სამხედრო აგრესიას უკრაინაში; პარლამენტმა, მეორემ მსოფლიოში, მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე განცხადებით, მთავრობა მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების დეტალებზე, ხოლო პარლამენტის საგარეო კომიტეტი ამზადებს კიდევ ერთ მხარდამჭერ განცხადებას.
„რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას და „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ არ ვაპირებთ მათ პოპულიზმში თუ თავისი მავნებლობების ჩამორეცხვის კამპანიაში და მათ დღის წესრიგში ჩართვას. შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, რის გამოც ხვალინდელი სხდომა, რომელიც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოპულისტურ და მავნებლურ მიზნებს და არა უკრაინის მხარდაჭერას ემსახურება, არ და ვერ გაიმართება“, — განაცხადა მიქანაძემ.
2022 წლის 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო.
დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.