ქართული ფარა vs ამერიკული FARA. რა განსხვავებაა ამ ორ დოკუმენტს შორის
ქართული ფარა vs ამერიკული FARA

4 მარტს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, სრული უმრავლესობით (84 მომხრე, 0 წინააღმდეგი), მხარი დაუჭირა ე.წ. ამერიკული FARA-ს ანალოგ პროექტს, რომელსაც ქართულ ვარიანტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი” ჰქვია.
კანონპროექტი 16 გვერდიანია და იგი ამერიკული FARA-ს (Foreign Agents Registration Act) სიტყვა-სიტყვით თარგმანს წარმოადგენს. ტექსტი, რომელიც პარლამენტის საიტზეა ატვირთული, ისეთ სპეციფიკურ ამერიკულ ტერმინებს შეიცავს, როგორიცაა „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „აშშ-ის პრეზიდენტი“ და ა.შ.
როგორც „ქართული ოცნების” დეპუტატმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, დეტალური თარგმანი შემთხვევითი არ ყოფილა – ეს არის სპეციალური ჩანაფიქრი, რათა “ვინმეს არ დაეწამებინა ცილი, რომ [კანონპროექტში] რაიმე განსხვავებულია ამერიკულისგან“.
„დასრულდება ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება,”– იგივე გაიმეორა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
აღნიშნული კანონპროექტის მიღებას “ქართული ოცნება” ჩქარობს – იმისთვის რომ სამშაბათის პლენარულ სესიაზე კანონპროექტები პირველი მოსმენით მიეღოთ, ორშაბათს, უქმე დღეს, ოცნების დეპუტატებმა იმუშავეს.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” პარალელურად, საქართველოს პარლამენტში, ასევე დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს მედიასთან დაკავშირებული კიდევ ორი კანონპროექტის დამტკიცების პროცედურა.
მანამდე “ქართულმა ოცნებამ” სამოქალაქო საზოგადოების უწყვეტი პროტესტის და საერთაშორისო მეგობრების კრიტიკის ფონზე მიიღო “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელიც ასევე ზღუდავს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას.
ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის, რაც ამ ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება, არის რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანის სცენარის გამეორება და მიმართულია საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის დასუსტებისკენ.
ვის ეხება ქართული FARA
როგორც “ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ძალების ჩარევის შეზღუდვა.
პროექტის თანახმად, უცხოურ აგენტად რეგისტრაციას დაავალდებულებენ არა მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, არამედ მეწარმეებს, კორპორაციებს და ფიზიკურ პირებსაც კი, რომლებიც იღებენ უცხოეთიდან თანხებს, უცხოურ დაფინანსებას და ერთვებიან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ინფორმაციულ საქმიანობაში.
ანუ კანონი შეეხება ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, თუკი ჩათვლიან, რომ ის უცხო ძალის ინტერესებს ატარებს.
უფრო დეტალურად – აღნიშნული კანონით, “უცხოური პრინციპალის აგენტი” შეიძლება იყოს:
✅ არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO-ები), მედიასაშუალებები და კერძო კომპანიები, თუ მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოური წყაროდან მოდის;
✅ პირები, რომლებიც უცხოური ორგანიზაციების დავალებით ან დაფინანსებით აწარმოებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას (მაგალითად, ლობისტები, მრჩეველები, სარეკლამო აგენტები, ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უცხოური ორგანიზაციების მიერ არიან დასაქმებულნი).
✅ ფიზიკური პირები, თუ ისინი ასრულებენ “უცხოური პრინციპალის” (ანუ უცხო ქვეყნის, უცხოური პოლიტიკური პარტიის, საერთაშორისო ორგანიზაციის ან სხვა უცხოური სუბიექტის) დავალებებს, მათ ინტერესებში პოლიტიკურად აქტიურობენ ან ინფორმაციის გავრცელებას ახდენენ.
✅ ბიზნესები, რომლებიც არაპირდაპირ უკავშირდებიან უცხოური დაფინანსების წყაროებს, მათ შორის საინფორმაციო და საკონსულტაციო კომპანიები.
კანონპროექტი არ ვრცელდება: დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე. არ ეხება საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, რომლებიც იღებენ უცხოურ დახმარებას, მაგრამ არ მონაწილეობენ პოლიტიკურ საქმიანობაში. ასევე, არ ეხება აკადემიურ, სამეცნიერო, რელიგიურ ან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე არ მონაწილეობენ პოლიტიკურ საქმიანობაში.
ამ გამონაკლისებიდანაც ცხადია, რომ კანონის მთავარი მიზანი არის კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მინიმალიზება და შეზღუდვა.
მაგალითად, მოქალაქეს, რომელსაც ემიგრანტი ნათესავი უგზავნის ფულს, ეს კანონი ეხება?
ავტომატურად ყველა მოქალაქეს, ვისაც ემიგრანტი ნათესავი ფულს უგზავნის, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი” არ ეხება, თუმცა თუკი რაიმე მიზეზით ხელისუფლებამ მოქალაქეზე “ეჭვი მიიტანა” ან უბრალოდ მისი საქმიანობა ან საზოგადოებრივი აქტივობა არ მოეწონა, თავისუფლად შეუძლია ეს კანონი მიუსადაგოს.
ანუ რიგითი მოქალაქე, რომელსაც ემიგრანტი ნათესავი უგზავნის საზღვარგარეთიდან გარკვეულ თანხას, შესაძლოა, ამ კანონის მოქმედების სფეროში აღმოჩნდეს, თუკი ის რაიმენაირად არის ჩართული საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ინფორმაციულ საქმიანობაში.
შესაბამისად, კრიტიკოსების აზრით, ეს კანონპროექტი არის ბერკეტი ხელისუფლების ხელში, რომ გააკონტროლოს და გააჩუმოს არასასურველი ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, ადამიანები.
კვლვავ ბრუნდება სიტყვა “აგენტი”
კანონპროექტში კვლავ ფიგურირებს სიტყვა “აგენტი”, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ “რუსული კანონის” პირველად ვერსიაში იყო (კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტებზე”). ამ კანონპროექტს მოგვიანებით ხელისუფლებამ სახელი გადაარქვა და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი” ეწოდა.
„უცხოელი აგენტის“ იარლიყს საქართველოს რეალობაში უარყოფითი კონოტაცია აქვს და საზოგადოების ნაწილში „ჯაშუშობასთან“ ასოცირდება. შესაბამისად, ეს კანონის აშკარა მიზანია, მიაყენოს რეპუტაციული ზიანი ყველა იმ ჯგუფს, ვინც მთავრობისგან დამოუკიდებლად და საერთაშორისო მხარდამჭერების სახსრებით მუშაობს, მიიჩნევენ ექსპერტები.
ვინ აღასრულებს და რა სასჯელს ითვალისწინებს FARA?
უკვე ცნობილია, რომ “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის”აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო იქნება ანტიკორუფციული ბიურო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, დამატებით მთელ რიგ კანონებში საჭირო გახდება ცვლილებების შეტანა, რათა განისაზღვროს ის ორგანოები, რომლებიც საქართველოს რეალობიდან გამომდინარე ასევე პასუხისმგებელი იქნებიან კანონის აღსრულებაზე.
რაც შეეხება ჯარიმების ნაწილს, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ფიზიკური პირისთვის ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.
ფონდ “ღია საზოაგდოება საქართველოს” იურისტი, საბა ბრაჭველი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული კანონი კიდევ უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე წინამორბედი ე.წ. “რუსული კანონი, რადგან აღსრულებისას, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დადგეს:
“რუსული კანონისგან განსხვავებით, რომელიც ადმინისტრაციულ ჯარიმებს ითვალისწინებდა, ეს ვერსია უფრო რეპრესიული იქნება, რადგან შეიძლება სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს. ანუ, არა მხოლოდ ჯარიმები, არამედ თავისუფლების აღკვეთაც კი შესაძლებელია. ასეთ ვითარებაში, ნებისმიერ აქტივისტს, ჟურნალისტს, თუ რიგით მოქალაქეს შეიძლება დასდონ ბრალი აგენტობაში და სისხლისსამართლებრივად დასაჯონ.”
შეძლებენ თუ არა ორგანიზაციები გადარეგისტრირდნენ სხვა ქვეყნებში და ამ გზით აირიდოს ე.წ. FARA?
ეს კითხვა პარლამენტის სხდომაზე „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა დაუსვა კანონპროექტის ავტორს, არჩილ გორდულაძეს.
გორდულაძემ უპასუხა, რომ FARA-ს ვერავინ “დაუძვრება”:
“თუკი ორგანიზაციის საქმიანობა მიმართული იქნება საქართველოზე, ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული პირი [სადაც არ უნდა იყოს რეგისტრირებული], მათზეც გავრცელდება ფარა, შესაბამისად, არ ექნებათ შესაძლებლობა იმ არაკეთილსინდისიერ პირებს, რომელთა მიზანია კანონის რეგულაციიდან გავიდნენ, გამოძვრნენ და თავიანთი ბნელი საქმიანობა განახორციელონ, ან ნებისმიერი საქმიანობა, არა მხოლოდ ბნელი არამედ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ჯდება კანონის რეგულირების ქვეშ, აუცილებლად ისინიც მოხვდებიან ფარაში“.
თუმცა, სამართლებრივად, როგორ დარეგულირდება ეს საკითხი, ჯერჯერობით უცნობია, ვიდრე არ იქნება ნათელი, სხვა რა ცვლილებები დაიგეგმება აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ.
განსხვავება ამერიკულ FARA-სთან – ექსპერტების შეფასებები
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ცდილობს, ამერიკული ფარას კანონის მიღებით გაამართლოს თავისი ქმედებები და წარმოაჩინოს, რომ ისინი დასავლურ პრაქტიკას იმეორებენ, სინამდვილეში, კონტექსტის და რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში ამ კანონის მიღებით, სრულიად სხვა შედეგს მივიღებთ, ამბობენ ექსპერტები.
ექსპერტები ამბობენ, რომ კანონის „ამერიკულობა“ არაფერს ნიშნავს, თუ მისი გამოყენების მთავარი მიზანი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვაა.
“წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც ამერიკული იარაღით გესვრით. ამ ლოგიკით, რადგან იარაღი ამერიკულია, მისი გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს? მხოლოდ კალაშნიკოვიდან როცა გესვრიან, ეს არის პრობლემა?! სინამდვილეში, მთავარი ის კი არ არის, ვისი წარმოებისაა იარაღი, არამედ ვის უჭირავს ხელში, როგორ იყენებს მას და რა მიზნით,” – ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი.
ამერიკაში FARA-ს რეგულაცია არ ვრცელდება ისეთ ფართო სეგმენტზე, როგორიც საქართველოს კანონპროექტშია მოცემული. ამერიკაში FARA კანონით რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ პირებისთვის ან ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პირდაპირ უცხო სახელმწიფოს მთავრობის დავალებით ან ლობისტურად მოქმედებენ პოლიტიკური საქმიანობით.
ამიტომ, აშშ-ში ეს კანონი უმეტესად შეეხება უცხო სახელმწიფოთა აგენტებს (მაგალითად, ლობისტებს) და არ იგულისხმება, რომ უბრალოდ უცხოური გრანტის მიღება ადამიანს „აგენტად“ აქცევს.
საქართველოს კანონპროექტში კი პირიქით – უცხოური თანხების 20 პროცენტზე მეტის მიღებაც კი საკმარისია, რომ „აგენტის“ იარლიყის მოგიჩინონ. ხოლო ფორმულირება, რომ პირი ასრულებს “უცხოურ დავალებებს” საერთოდ გაუგებარია და თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, დამოუკიდებელი ბლოგერი, რომელმაც მცირე გრანტი აიღო იმისთვის, რომ ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის კორუფციული სქემა გამოიძიოს, “უცხოურ დავალებას” ასრულებს?
სწორედ ამაშია განსხვავება: საქართველოს ვარიანტი ავტომატურად აიგივებს უცხოურ ფინანსურ დახმარებას „უცხოეთის ინტერესზე“ მსახურებასთან, რაც აშშ-ის კანონში არ არის გათვალისწინებული.
მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება – ამერიკაში აღნიშნული კანონის აღსრულებას დამოუკიდებელი სასამართლო და დემოკრატიული ინსტიტუტები აკონტროლებენ, მაშინ როდესაც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად “ქართლი ოცნების” მიერაა მიტაცებული.
“აქ მთავარი არაა, საიდან ვთარგმნით ამ კანონპროექტს, არამედ ის, თუ როგორ იქნება ის გამოყენებული. ამერიკაში პრეცედენტული სამართალი მოქმედებს და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, საქართველოში კი კანონის განმარტებას რიგითი საჯარო მოხელე ან ხელისუფლების მიერ კონტროლირებული პროკურორი გადაწყვეტს” – დასძენს სიმონიშვილი .
ღია საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს, რომ ქართული ოცნება ამერიკული ფარას ხსენებით და პროპაგანდით ცდილობს ამ სადამსჯელო კანონის ლეგიტიმაციას.
“ქართულმა ოცნებამ უკვე იგრძნო საზოგადოების მკაცრი წინააღმდეგობა და ახლა ცდილობს კანონი ისე წარადგინოს, თითქოს ის არის ამერიკული ფარას ზუსტი ასლი. მაგრამ ეს არის მხოლოდ შეფუთვა. მთავარი განსხვავება არის იმაში, რომ საქართველოში, კანონის განმარტებას და აღსრულებას გააკონტროლებს ანტიკორუფციული ბიურო, რომლის დამოუკიდებლობა ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხელისუფლებას ექნება საშუალება, ნებისმიერ დროს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, კანონი გამოიყენოს კონკრეტული ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.”
როდის მიიღებენ?
როგორ კანონპროექტში წერია, საბოლოო მოსმენა 1 აპრილსაა დანიშნული, კანონის მიღების თარიღად კი 4 აპრილია განსაზღვრული.
მოსალოდნელი სამართლებრივი დავები
თუ კანონი მიიღება, დიდი ალბათობით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაააჩივრდებენ, რადგან მათი თქმიოთ, ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სასამართლო სფერო, საკონსტიტუციო ხელისუფლების ჩათვლით, “ქართული ოცნების” კონტროლქვეშაა.