ომის დაწყების შემდეგ ქართულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 39 ათასამდე მოქალაქემ გახსნა
გაზიარება
გაზიარება
ქართულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 39 ათასამდე მოქალაქემ გახსნა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ – 24 თებერვლიდან 31 ივლისის პერიოდში – საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში 38 959-მა რუსეთის მოქალაქემ გახსნა.
თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ომის დაწყებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში, საბანკო ანგარიში რუსეთის 8 000-მდე მოქალაქემ გახსნა.
რუსეთის მოქალაქეების მიერ საბანკო ანგარიშების გახსნის სტატისტიკა ასეთია:
24.02.2022 – 24.03.2022 – რუსეთის 7,875 მოქალაქე;
24.03.2022 – 01.05.2022 – რუსეთის 10,078 მოქალაქე;
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
იმავე IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში დარჩა რუსეთისა და ბელარუსის 64 742 მოქალაქე. როგორც ორგანიზაცია აკონკრეტებს, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში დარჩა რუსეთის 49 505 და ბელარუსის 15 237 მოქალაქე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პარლამენტარ დავით უსუფაშვილის სადეპუტატო კითხვაზე გაცემული პასუხიდან ასევე ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით მიმდინარე წელს საქართველოში 600-ზე მეტი კომპანია დაფუძნდა, ხოლო ბინადრობის უფლება რუსეთის 2.000 მოქალაქეს მიენიჭა.
იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 1 მაისამდე, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის ფედერაციის 3.386 და ბელარუსის რესპუბლიკის 2.363 მოქალაქე დარეგისტრირდა.