რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს სამიტზე გაერთიანებასთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, “პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია”.
“საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით მოეგვარებინა და ასევე იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე განმარტებით, უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია.
„ისეთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, პრაქტიკულად, კარგავს თავის იდენტობას. ამ ქვეყნის ელიტა – მათ ზოგადად მიაჩნიათ, რომ ისინი მოლდოველები არ არიან, ისინი საკუთარ თავს რუმინელებს უწოდებენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინი ირწმუნება, რომ იდენტობის შენარჩუნება შესაძლებელია დსთ-ში.
“ეს თითოეული ჩვენგანის არჩევანია: გვსურს საკუთარი იდენტობის შენარჩუნება თუ არა? დსთ-ს ფარგლებში მუშაობა ამის საშუალებას გვაძლევს და პირიქით, აძლიერებს ჩვენს პოზიციებს, ისე, რომ არ ეშლება ხელი ერთმანეთთან თანამშრომლობასა და საკუთარი ეროვნული თავისებურებების პატივისცემას”. – დასძინა პუტინმა.
დსთ-ს ლიდერების შეხვედრას არ დაესწრო სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთის პოლიტიკური კურსის ცვლილებას ხაზი გაუსვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.
“თავდაპირველად ჩვენი გაერთიანებიდან გავიდა საქართველო, დე ფაქტოდ ჩვენთან არ არის უკრაინა. დიდი კითხვის ნიშნებია მოლდოვასთან დაკავშირებით. ყოველთვის პარტნიორული ქცევა არ აქვს, სამწუხაროდ, სომხეთს.” – განმარტა ლუკაშენკომ.
დსთ – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (Содружество Независимых Государств – СНГ)– რეგიონული მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ჩამოყალიბდა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საერთო კონცეფციის მიხედვით, ორგანიზაციის მიზანია დაარეგულიროს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ურთიერთობები: ხელი შეუწყოს თანამშრომლობას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში და აქვს გარკვეული უფლებამოსილება, რომელიც ეხება ვაჭრობის, ფინანსების, კანონშემოქმედებისა და უსაფრთხოების კოორდინაციას.
შედგება 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია. საქართველომ დსთ 2009 წლის აგვისტოში დატოვა.