პრორუსულმა ორგანიზაციებმა საქართველოს ნეიტრალიტეტზე გაეროს მიმართეს
პრორუსულმა ორგანიზაციებმა ნეიტრალიტეტზე გაეროს მიმართეს
საქართველოს „პატრიოტთა ერთიან ფრონტში” გაერთიანებული 55 პოლიტიკური და საზოგადოებრივი პრორუსული ორგანიზაციები გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავენ და მოუწოდებენ, საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საქმეში ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
“ჩვენ წუხილით უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ხელს უწყობდა ისეთი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შექმნა-განვითარებას, რომლებიც სრულიად უგულებელყოფდნენ ნეიტრალიტეტს და პროპაგანდას უწევდნენ მხოლოდ ნატოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების ერთადერთ ეფექტიან სისტემას. მეტიც, ქმნიდნენ ნატოში გაწევრიანების ცრუ მოლოდინს და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ნატოსთან პარტნიორობა თავისთავად უსაფრთხოების გარანტიაა, ამასთან განსხვავებული აზრი დღემდე ბულინგს ექვემდებარება”, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციების თქმით, რუსეთთან დაპირისპირება დამღუპველია საქართველოს და უკრაინის მსგავსი ქვეყნებისთვის და მათ არანაირად არ სურთ, რომ საქართველო, უკრაინა, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა “საჭადრაკო ფიგურების როლში” აღმოჩნდნენ, რომლებიც “ზესახელმწიფოთა ჭიდილში განადგურდებიან.”
● პოლიტიკური კრიზისი და პრორუსული განწყობები. როგორ ხედავენ საქართველოს უკრაინელი ჟურნალისტები
● არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, შეისწავლონ ალტ-ინფოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებები
● MDF: ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი აქცენტები – შიში და უიმედობა
წერილში ასევე ხაზგასმულია პარტია “პატრიოტთა ალიანსის” განსაკუთრებული “ღვაწლი” ნეიტრალიტეტისთვის ბრძოლაში. მათი თქმით, პარტიამ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოს მიმართ კარდინალურად შეიცვალა:
“ჩვენი აზრით, ტრაგიკული კონფლიქტი უკრაინაში ნათელყოფს, რომ ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის საუკეთესო გამოსავალი ნეიტრალიტეტია, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „არ ეშინია ნეიტრალურ სტატუსზე მსჯელობისა“, რის შესახებაც მან 25 თებერვალს თავად განაცხადა. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ნეიტრალიტეტზე აქტიური მსჯელობის დაწყება აუცილებელია.“
წერილს ხელს ძირითადად ყოფილი პრორუსი დეპუტატები, მწერლები და ჟურნალისტები აწერენ. ისეთები, როგორიცაა მაგალითად იოსებ შატბერაშვილი, ამირან ტაკიძე, ვაჟა ოთარაშვილი, მარინა მოლოდინი და ვალერი კვარაცხელია.