პრემიერი: აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი ქვეყანა
პრემიერი სოხუმის დაცემის დღეზე
სოხუმის დაცემის დღეს პრემიერი ღარიბაშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. აფხაზეთის ომს მან “თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა” უწოდა.
“ღრმად გვწამს – მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა,” – ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ღარიბაშვილმა ეთნიკური წმენდა უწოდა:
“ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას – ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე; რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება,” – აღნიშნა მან და ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
“დღეს, როდესაც გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი; ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან ღრმად გვწამს – მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა. მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის.” – აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
● 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე. ქართველები ტოვებენ აფხაზეთს. ფოტოარქივი
● რატომ არ ემუქრება აფხაზეთს მთიანი ყარაბაღის ბედი? მოსაზრება სოხუმიდან
● ბექა კობახიძის ბლოგი: როგორ გაუცხოვდა აფხაზეთი, როგორ ჩამოყალიბდა აფხაზი ერი და როგორ მივედით სეპარატიზმამდე
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით დასრულდა. გამარჯვება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აფხაზურ ძალებს და მათ მხარეს მებრძოლ ჩრდილო-კავკასიელებს დარჩათ.
დაუზუსტებელი მონაცემებით, შეიარაღებულ კონფლიქტს 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათასზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ახლობლებმა დღემდე არ იციან, სად არის ბევრი მათგანის საფლავი.
აფხაზეთიდან დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი, მათი უდიდესი უმრავლესობა ეთნიკურად ქართველი იყო.
წელს აფხაზეთის ომის დასრულებიდან 30 წელი შესრულდა. სოხუმი 27 სექტემბერს დაეცა. უკვე საუკუნის მეოთხედია, რაც ეს კონფლიქტი „გაიყინა“ და სტატუს კვო არ იცვლება.