პრემიერი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება და “ჩვენთან არც პოლიტპატიმრები არსებობენ.”
ეს განცხადება მან კრისტიან დანიელსონსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გააგრძელონ კონსტრუქციული დიალოგი:
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება. ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს”
მისივე თქმით, ოპოზიციასთან დიალოგი გრძელდება და მას დიდი იმედი აქვს, რომ კიდევ ერთხელ დარჩეს ეს პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი, რათა ეს შეთანხმება შედგება.
პრემიერმა ღარიბაშვილმა წინა რაუნდების ჩაშლაში ისევ ოპოზიცია დაადანაშაულა.
“მათ ჩაშალეს დიალოგი და არ წამოვიდნენ დიალოგზე. ჩვენ ვართ მზად, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა სააკაშვილის დროს”, – განაცხადა პრემიერმა.
კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან შეხვედრებს დღეიდან განაახლებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი თბილისს უკვე მეორედ ეწვია.
მისი პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმებით ვერ დასრულდა.
დანიელსონი საქართველოში დაგეგმილზე სამი დღით მეტ ხანს დარჩა, რადგან მოლაპარაკებებში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ წითელი ხაზები პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე გადის, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა.
ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა თებერვალში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. პოლიტიკური პროცესები ახლა ქუჩაში ვითარდება, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აწყობენ პერმანენტულ მიტინგებს ორი მთავარი მოთხოვნით: გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ქვეყანას კი ისტორიაში პირველად ჰყავს თითქმის ერთპარტიული პარლამენტი.
პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა ვერ შეძლეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, რომლებმაც პროცესებში ფასილიტატორის როლს ასრულებდნენ და ვერც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა – საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩამოსული, ასევე ბრიუსელში იყო მიწვეული ვითარების განსახილველად პრემიერი ღარიბაშვილი. ყველა შეხვედრა და რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა.
_________________________________
● აშშ-ს სენატმა საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელა და სავარაუდოდ, მალე რეზოლუციას მიიღებს
● ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. შემაჯამებელი აქცია 15 მაისს გაიმართება
● შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ შედგა. პოლიტიკურ კრიზისს ბოლო არ უჩანს