“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) განცხადებით, მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დაწყებული გამოძიება, “გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას” და საზოგადოებაში შიშის დანრეგვას ისახავს მიზნად.
მათივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს მოსაზრებების თავისუფალი გავრცელება და თვითნებურად არ ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში. ანუ მთავრობამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც ადამიანებს თავიანთი აზრების შიშის გარეშე გამოხატვა შეეძლებათ.
“გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოს ავალდებულებს თავი შეიკავოს გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევისგან, რითაც უზრუნველყოფილი იქნება იდეებისა და მოსაზრებების თავისუფალი გაცვლის შესაძლებლობა. გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოებს ასევე პოზიტიური ვალდებულებებს უწესებს, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ინდივიდების ან ჟურნალისტების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნის პარალელურად, შექმნან გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებული პირის საჯარო დებატებში მონაწილეობას, რაც მათ საშუალებას მისცემს შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და იდეები, მაშინაც კი, თუ ისინი გამაღიზიანებლად ან შოკისმომგვრელად აღიქმება საჯარო ფიგურების მიერ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი.”
“ქართულმა ოცნებამ” მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარება დაიწყო. ოცნების წარმომადგენლები მათ შეურაცხყოფას ედავებიან და შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივიან.
“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება“, – აცხადებენ შსს-ში.