PMCG: საქართველოს მოსახლეობის 23 პროცენტი ემიგრაციაშია წასული
გაზიარება
გაზიარება
ემიგრაცია საქართველოში
კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის ცნობით, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა და 861,000 ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია. ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე ემიგრაციისა და ფულადი გზავნილების ეფექტის შესახებ მონაცემებს ეხება.
ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად კვლავ რუსეთი რჩება (450,000 ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი (85 ათასი ადამიანი), უკრაინა (65 ათასი ადამიანი) და აზერბაიჯანი (49 ათასი ადამიანი). გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77 პროცენტი), იტალიასა (60 პროცენტი) და სომხეთში (47 პროცენტი).
კვლევაში ნათქვამია, რომ უკანასკნელ ათწლეულში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შესამჩნევად გაიზარდა.
კერძოდ:
● 2012 წლიდან 2021 წლამდე მაჩვენებელი 76 პროცენტით გაიზარდა და 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
● 2013 წლიდან 2015 წლამდე ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, 2016 წლიდან მაჩვენებელი გაიზარდა და 2021 წელს უმაღლესი ნიშნული დაფიქსირდა.
● ევროკავშირთან უვიზო შეთანხმებამ და საქართველოდან ემიგრაციული ნაკადების ზრდამ შესაძლოა გავლენა იქონია ფულადი გზავნილების ზრდაზე.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირთან უვიზო შეთანხმებამ და საქართველოდან ემიგრაციული ნაკადების ზრდამ შესაძლოა გავლენა იქონია ფულადი გზავნილების ზრდაზეც.
ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა. PMCG-ის განმარტებით, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ქვეყნიდან ემიგრაცია ხასიათდება, როგორც შრომითი მიგრაცია, რომელიც გამოწვეულია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით (უმუშევრობის მაღალი დონე, სიღარიბე და დაბალი ხელფასები).
“სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ქართველი ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს მიმღებ ქვეყანაში. საქართველოდან წასული ემიგრანტების მთავარი მოტივაციაა საქართველოში მყოფი ოჯახებისთვის ფულის გამოგზავნა, რათა უზრუნველყონ მათი საცხოვრებელი პირობები.“ – წერია PMCG-ის ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან 303 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 889%-ით მეტია.
სულ მაისის თვეში საქართველოში რეკორდული მოცულობის – 505.7 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. ამ მასშტაბის ფულადი გზავნილები საქართველოს არცერთი წლის არცერთ თვეში არ მიუღია..
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია; მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.