პიკეტირება, აქციები, მარში პარლამენტთან - რას გეგმავს ოპოზიცია მარტის თვეში
გაზიარება
გაზიარება
დღეს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია „თავისუფლებისთვის“ გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, მოხდება სახელმწიფო შენობების პიკეტირება და აქცია-მსვლელობები.
აქციების მთავარი მოთხოვნაა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას და ტელეკომპანია “მთავარის” მეწილის, გიორგი რურუას განთავისუფლება. ასევე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
5 მარტს დემონსტრანტები კანცელარიის პიკეტს მოაწყობენ;
9 მარტს აქცია გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან;
11 მარტს აქცია გაიმართება სასამართლოსთან;
13 მარტს კი ისევ პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია-მარში მოეწყობა.
„ამ გავრილოვებს მოუწევთ ჩვენი ხმის მოსმენა. საპროტესტო ტალღა არ დასრულდება მოკლე დროში.
თავისუფლების მოპოვების გზა არის რთული, დაბრკოლებებით და მოუთმენლობით აღსავსე, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ უსამართლობის მოთმენას”, – განაცხადა აქციაზე ხატია დეკანოიძემ.
ნიკა მელია 23 თებერვალს, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებამ კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და მათი შედეგები არ აღიარა.
მელიას დაკავებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოში მუშაობს, ასევე ელჩებმა და დასავლელმა პარტნიორებმა ერთხმად დაგმეს მელიას დაკავება და მას დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდეს. დასავლელი პარტნიორები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ. ორივე მხარე გამოხატავს მზადყოფნას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, თუმცა ჯერ ეს არ მომხდარა. ოპოზიციას დიალოგისთვის თავისი პირობა აქვს – პოლიტპატიმრების გათავისუფლება.